საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №727
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.018346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანის წესისა და ერთიან რეესტრში შეტანის შემდეგ მათი რეგულირების პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №727
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო, ტერმინთა განმარტებები
1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში (შემდგომში - ერთიანი რეესტრი) რეგისტრაციის განსაკუთრებულ პირობებს.
2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი - საბაზრო ქსელში განთავსებისთვის, ერთიან რეესტრში, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების პირდაპირი რეგისტრაცია.
3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი - საბაზრო ქსელში განთავსებისთვის, ერთიან რეესტრში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაცია ამ წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
4. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ცოცხალი გენმოდიფიცრებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საბაზრო ქსელში განთავსება, რომლებიც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ რეგისტრირებულია ერთიან რეესტრში.
2. საბაზრო ქსელში განთავსებისათვის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მწარმოებელს ან/და იმპორტიორს, ხოლო ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებისთვის - პირს, რომელიც იყენებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე.
4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსებისათვის საჭიროა იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაცია, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობას.
5. სამინისტროს მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმის შესახებ ან/და მისი გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აღნიშნული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას. ხელახალი რეგისტრაციის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტროც.
6. ცოცხალი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დროებით (შესაბამისი მიზეზის აღმოფხვრამდე) შეაჩეროს ან გააუქმოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია.
7. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ბაზარზე განთავსება ნებადართულია მისი ერთიან რეესტრში რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗. საბაზრო ქსელში განთავსებისათვის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაცია
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია საბაზრო ქსელში განთავსებისთვის ხდება:
ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით;
ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით.
2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი გამოიყენება იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიმართ, რომლებიც ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაშვებულია ევროკავშირის ბაზარზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით და საქართველოს ბაზარზე განთავსების მიზნით, რეგისტრირდება ერთიან რეესტრში.
4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი გამოიყენება იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბაზარზე განთავსების მიზნით რეგისტრაციისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მინისტრის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობას.
5. პროდუქციის მწარმოებელი ან იმპორტიორი, რომელსაც განზრახული აქვს იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობას, ვალდებულია, ყოველი ასეთი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს ტერიტორიაზე პირველად შემოტანამდე, სამინისტროში შეიტანოს წერილობითი განცხადება მისი რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული განცხადება შეტანილი უნდა იქნეს მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, აღწერა, მათ შორის:
ბ.ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობიდან გამომდინარე მახასიათებლები;
ბ.ბ) გენური მოდიფიკაციის, გამოყენებული მეთოდისა და მათ შედეგად მიღებული ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმის თვისებების წერა;
ბ.გ) რეციპიენტი ორგანიზმის და მშობელი ორგანიზმების ტაქსონომიური სტატუსი, საერთო დასახელება და ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული თვისებები;
ბ.დ) რეციპიენტი ორგანიზმის და/ან მშობელი ორგანიზმების წარმოშობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ცენტრები, თუ ისინი ცნობილია, და ადგილსამყოფელის აღწერა, სადაც ამ ორგანიზმებს შეიძლება ჰქონდეთ გადარჩენისა და სწრაფი გამრავლების შესაძლებლობა;
ბ.ე) დონორი ორგანიზმის ან ორგანიზმების ტაქსონომიური სტატუსი, საერთო დასახელება, შეგროვების ან შეძენის ადგილი, ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული თვისებები;
გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების სფერო, ფორმები და გავრცელების გეოგრაფიული ფარგლების აღწერა;
დ) რისკის შეფასების სრული ტექნიკური ანგარიში;
ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უსაფრთხო მოპყრობის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების შემოთავაზებული მეთოდები, მათ შორის, შეფუთვის, მარკირების, დოკუმენტირების, ამოღების პროცედურები;
ვ) ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთან დაკავშირებული კვლევების ანგარიშების ასლები (ანალიზების შედეგები, მხარდაჭერილი შესაბამისი ინფორმაციითა და მონაცემებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ საკვების მახასიათებლები არ არის განსხვავებული მათი კონვენციური/ტრადიციული ასლისგან);
ზ) საკვებად განკუთვნილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ან მისგან წარმოებული საკვები პროდუქტის საბაზრო ქსელში განთავსების პირობები, გამოყენებისა და მოპყრობის განსაკუთრებული პირობების ჩათვლით;
თ) ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დეტექციისა და იდენტიფიკაციის მეთოდების შესახებ;
ი) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკისა და საექსპერტო დასკვნის ფორმისა და შედგენის წესის შესაბამისად მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
6. სამინისტრო განცხადებას, მიღებიდან 10 დღის ვადაში, თანდართულ ინფორმაციასთან ერთად, ექსპერტიზისათვის გადასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამეცნიერო კომისიას (შემდგომში - კომისია).
7. კომისია ახდენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზას და ადგენს შესაბამის საექსპერტო დასკვნას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში განზრახული საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ.
8. კომისია შესაბამის საექსპერტო დასკვნას ადგენს და სამინისტროს წარუდგენს დავალების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.
9. კომისიის მიერ ექსპერტიზა ხორციელდება (საექსპერტო დასკვნა მზადდება) „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური უარყოფითი გავლენის ექსპერტიზის მეთოდიკისა და საექსპერტო დასკვნის ფორმისა და შედგენის წესის“ შესაბამისად.
10. სამინისტრო, კომისიის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, განცხადების მიღებიდან 90 დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის (ერთიან რეესტრში შეტანის) ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ.
11. თუ გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადა, სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელების შესახებ.
12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებში აღნიშნული ვადების გასვლა არ წარმოშობს განმცხადებლის უფლებას, განახორციელოს განზრახული საქმიანობა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
13. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით. რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.
14. რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას, რომელშიც მითითებულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაციის ნომერი, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მწარმოებელი, მწარმოებელი ქვეყანა, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასახელება, გამოყენების მიზანი, გენეტიკური მახასიათებლები, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების განსაკუთრებული პირობები.
15. სამინისტრო აწარმოებს ერთიან რეესტრს, რომელსაც განათავსებს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
16. სარეგისტრაციო მოწმობა მოქმედებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში.
17. სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს სამინისტროს სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო გასცემს რეგისტრაციის მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს ერთიან რეესტრში. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.
მუხლი 4🔗. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია
1. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაცია ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის ან განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების პირველ კლასთან შესაბამისობის დადასტურების (შეტყობინების პროცედურა) საფუძველზე.
2. რეგისტრაცია ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი ან შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. სამინისტრო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასთან ან განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების პირველ კლასთან შესაბამისობის დამადასტურებელ წერილობით პასუხთან ერთად.
მუხლი 5🔗. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.