ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №728
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.018347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,955 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ საქართველოს კანონი 90% 18.09.2014 საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 31.12.2014 საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 26.12.2014 ტექნიკური რეგლამენტის - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ რისკ-ჯგუფი 87% 19.02.2016 ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა და ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ 1. დოკუმენტის ნომერი /Document number 85% 11.04.2023

დოკუმენტის ტექსტი

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №728 2014 წლის 26 დეკემბერი ქ.თბილისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ მუხლი 1🔗 „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნები მუხლი 1🔗 1. წინამდებარე მოთხოვნების მიზანია, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დადგენა და  ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გამოყენების პირობების უზრუნველყოფა. 2. ამ აქტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗 1. უსაფრთხოების პირველ კლასს მიკუთვნებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება დასაშვებია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ შეტყობინების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) შეტანიდან  30 დღის გასვლის შემდეგ (თუ სამინისტრო აღნიშნულ ვადაში შეტყობინების შემტან პირს წერილობით არ დაუდასტურებს განზრახული საქმიანობის უსაფრთხოების პირველ კლასთან შესაბამისობა/შეუსაბამობას). 2. უსაფრთხოების მეორე კლასს მიკუთვნებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის საფუძველზე. მუხლი 3🔗 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც: ა) აქვთ უმაღლესი სამედიცინო, ბიოლოგიური ან ვეტერინარული განათლება; ბ) გავლილი აქვთ  ინსტრუქტაჟი ბიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ. (ინსტრუქტაჟის გავლა დადასტურებული უნდა იქნეს ჩაკეტილ სისტემაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზ­მების გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობისას შესაბამისი პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით ან შესაბამისი სერფიკატით). 2. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც ახორციელებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას, ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ინსტრუქციების დამტკიცება და  საქმიანობის განხორციელება (სამუშაოების ჩატარება) აღნიშნული ინსტრუქციების შესაბამისად;  ბ) ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მომუშავე პერსონალს ჩაუტაროს ბიოუსაფრთხოების ინსტრუქტაჟი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების დაშვება ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე სამუშაოების ჩატარებისათვის, აგრეთვე, საინჟინრო-ტექნიკური მუშაკების დაშვება ლაბორატორული აღჭურვილობის მომსახურებისათვის, გაფორმებული უნდა იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება დაიშვება, თუ შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებულია პროექტის ხელმძღვანელი და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი და განსაზღვრულია მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მუხლი 4🔗 1. ბიოუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი: ა) ახორციელებს კონტროლს ორგანიზაციაში ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე სამუშაოების ჩატარებისას ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე  და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელსა და პროექტის ხელმძღვანელს; ბ) იღებს სათანადო ზომებს კომპლექსური ღონისძიებების გასატარებლად, რომლებიც მიმართულია ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე სამუშაობის ჩატარებისას ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისკენ; გ) იღებს გადაწყვეტილებას ამ მოთხოვნების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების დაშვებაზე  ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე სამუშაოების ჩატარებისთვის და ლაბორატორული აღჭურვილობის მომსახურებისთვის; დ) ახორციელებს კონტროლს ორგანიზაციის პერსონალის მომზადებაზე ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე სამუშაოების ჩატარებისას სანიტარიულ-ეპიდემიური რეჟიმისა და პირადი ჰიგიენის მოთხოვნების შესრულებაზე; ე) ახორციელებს კონტროლს შემაკავებელი აღჭურვილობის/აპა­რა­ტუ­რის დანიშნულებისამებრ გამოყენებასა და გამართულ მუშაობაზე; ვ) უზრუნველყოფს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმის შემუშავებას და მისი შესრულების მექანიზმების შექმნას. 2. პროექტის ხელმძღვანელი: ა) ახორციელებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვას, წარმართვას და ზედამხედველობას; ბ) სამუშაოების შესრულებაში მონაწილე პირებს აწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების ღონისძიებებისა და რისკების, ასევე, მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი გადაუდებელი ღონისძიებების თაობაზე და ზრუნავს უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაზე. 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შეკავება (ჰერმეტიზაცია) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხო ლაბორატორიული ტექნიკის პრინციპების შესაბამისად, შენობის/სათავსების შესაბამისი კონსტრუქციული გადაწყვეტით, სათანადო ტექნიკური  აღჭურვილობისა და აპარატურის გამოყენებით, მომუშავე პერსონალის ტრენინგებით და პირადი დამცავი საშუალებებით აღჭურვით. 4. ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული ყველა ქმედება უნდა განხორციელდეს სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით, მათ შორის: ა) სამუშაო უნდა განხორციელდეს იზოლირებულ და დახურულ სისტემებში, რომელიც გამორიცხავს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში გამოთავისუფლებას; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შემთხვევით გამოთავისუფლების (მოხვედრის) აღსაკვეთად გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი  ტექნიკური აღჭურვილობა/აპარატურა და უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები; გ) პერიოდულად უნდა მოხდეს აღჭურვილობის/აპარატურის ტესტირება; დ)  ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მომუშავე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს პირადი დამცავი საშუალებებით; ე) ლაბორატორიის/სათავსოს შესასვლელში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვ) ლაბორატორიის სათავსოები მუდმივად უნდა იყოს დასუფთავებული, მოწესრიგებული. სათავსოებში არ უნდა ინახებოდეს ისეთი ნივთები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ საქმიანობას; ზ) სამუშაო ზედაპირებისა (რომლებზეც ხორციელდება ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე მუშაობა) და გამოყენებული აღჭურვილობა/ტექნიკის დეკონტამინაცია (გაუვნებელყოფა/გარემოდან სრულად ამოღება) უნდა ტარდებოდეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემცველი მასალის ყოველი გამოყენების შემდეგ, აგრეთვე, სამუშაო დღის ბოლოს; თ) უნდა ტარდებოდეს კონტამინირებული მასალის, სინჯებისა და კულტურების დეკონტამინაცია, რომელიც ავტოკლავირების ან განადგურებისათვის უნდა მოთავსდეს პლასტიკატის ჰაერგაუმტარ, სასიგნალო მარკირებით ნიშანდებულ პაკეტებში და ჩალაგდეს მყარ კონტეინერებში; ი) ლაბორატორიული ტანსაცმელი და უნიფორმა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სამუშაო ადგილზე (სამუშაო არეალში). დაუშვებელია ლაბორატორიული ტანსაცმლისა და უნიფორმის ტარება ლაბორატორიის გარეთ, ასევე, ლაბორატორიული და საგარეო ტანსაცმლის ერთ კარადაში განთავსება; კ) სამუშაო ზონაში აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, თამბაქოს მოწევა, საკვებისა და პირადი ნივთების შენახვა; ლ) სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია პირით პიპეტირება; მ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შემთხვევით გამოთავისუფლების შემთხვევისთვის შემუშავებული უნდა იყოს დეკონტამინაციის ინსტრუქცია და სამუშაო ადგილზე უნდა არსებობდეს დეკონტამინაციისათვის აუცილებელი რეაგენტების საკმარისი რაოდენობა; ნ) ლაბორატორიაში წარმოქმნილი ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობის პირობები უნდა დადგინდეს კანონმდებლობის შესაბამისად; ო)  ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც გამორიცხავენ სპორების, მტვრის, ნაყოფისა და თესლისათვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. 5. უსაფრთხოების მეორე კლასს მიკუთვნებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად, დამატებით გატარებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები: ა) ორგანიზაციის ტერიტორია უნდა იყოს დაცული, ტერიტორიაზე უცხო პირების არასანქცირებული შეღწევისაგან; ბ) ლაბორატორია/სათავსო უნდა მდებარეობდეს განცალკევებულად მდებარე შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი; გ) ლაბორატორიის შესასვლელი კარი უნდა იყოს აღჭურვილი ჩამკეტი მოწყობილობებით. ლაბორატორიის ფასადზე უნდა იყოს განთავსებული ლაბორატორიის ნომერი,  დასახელება და ბიოლოგიური საშიშროების ნიშანი; დ) ლაბორატორიაში გამოყოფილი უნდა იყოს „სამუშაო ზონა“, სადაც ხორციელდება ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მუშაობა და „სუფთა ზონა“, სადაც არ ხორციელდება მუშაობა ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე; ე) ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“ გამოყენებული უნდა იქნეს  ბიოუსაფრთხოების ბოქსები. სამუშაოების განხორციელების დროს ბოქსების კარები უნდა იყოს დახურული, სამუშაოების განხორციელების პერიოდში ბოქსიდან გამოსვლა აკრძალულია. ბოქსები უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო საშუალებებით (სიგნალიზაციით); ვ) ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების დროს ლაბორატორიის „სამუშაო  ზონაში“ უნდა იმყოფებოდეს, სულ მცირე, ორი მეცნიერ-თანამშრომელი; ზ) ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“ მუშაობის პროცესში მყოფი პერსონალის გამოძახება („სამუშაო ზონიდან“ გაყვანა) აკრძალულია; თ) ლაბორატორიაში შესვლა/გამოსვლა უნდა მოხდეს მხოლოდ სამუშაოს შეწყვეტის და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ, რომელსაც ახორციელებს ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; ი) სამუშაოს დასრულების შემდეგ ლაბორატორია უნდა დაიკეტოს და დაილუქოს (მიკროორგანიზმების კულტურების არსებობის შემთხვევაში დამატებით ილუქება მათი ადგილსამყოფელი); კ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ინახება ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“, დალუქულ სათავსოში, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია  ნიმუშების შესანახად; ლ) საკვები არეები თავსდება შესაბამის დალუქულ თერმოსტატებში, მაცივრებში, კარადებში; მ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან გამოყოფილი კულტურები და შტამების კოლექციები უნდა ინახებოდეს განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილ მაცივარში, რომელიც ასევე დალუქულია.    6. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შენახვისას ხორციელდება მათი ინვენტარიზაცია და დგება სია, რომელშიც მითითებულია: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასახელება; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნომერი და რეგისტრაციის ნომერი; გ)  ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მონაცემები ტრანსპორტირების, შენახვის გამოყენებისა და გაუვნებელყოფის შესახებ. 7. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესანახ სათავსოს უნდა ჰქონდეს მკაფიო, წარუშლელი  წარწერა ან მყარად დაკრული ეტიკეტი, რომელზეც მითითებულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასახელება, შტამის ნომერი და ლიოფილიზაციის თარიღი. 8. ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ცხოველებთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების დროს მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ზომები: ა) ცხოველები მოთავსებული უნდა იყვნენ  სპეციალურ კონტეინერებში. დიდი ზომის ცხოველები მოთავსებული უნდა იყვნენ შემოზღუდულ სივრცეში  (ორმაგი შემოზღუდვა  შეიძლება იყოს საჭირო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების უსაფრთხოების კლასიდან გამომდინარე). წყლის ცხოველები, სიცოცხლისუნარიანი განაყოფიერებული კვერცხების ჩათვლით, მოთავსებული უნდა იყვნენ სპეციალური ფილტრების მქონე სათავსოში, რომელიც შეაკავებს უმცირესი ორგანიზმებისა და კვერცხების გარემოში შემთხვევით გამოთავისუფლებას;   ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველის მიერ ორგანიზაციის ტერიტორიის დატოვების (გაქცევის) ყველა პოტენციური გზა უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები აღნიშნულის პრევენციისთვის. იატაკის სადრენაჟო სისტემა და   სავენტილაციო  მილები უნდა იყენებდეს ფიზიკურ ბარიერს იმისათვის, რომ მოხდეს ცხოველის გაქცევის პრევენცია. ბადის ზომა უნდა იყოს შესაბამისი (საკმარისი) იმისთვის, რომ უზრუნველყოს ყველაზე პატარა ზომის ცხოველების გაქცევის პრევენცია. დიდი ზომის ცხოველებისთვის განკუთვნილი ზღუდე უნდა იყოს ნიადაგში ღრმად განთავსებული, რათა მოხდეს სოროების გათხრის საშუალებით ცხოველების გაქცევის პრევენცია. ზღუდე და ბადის ზომა უნდა იყოს შესაბამისი (საკმარისი); გ) შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული იმისთვის, რომ მოხდეს გაქცეული ცხოველების დეტექცია და დაჭერა ან განადგურება. შენობის მილებს, სადაც ხდება წყლის ცხოველებზე მუშაობა, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების უსაფრთხოების კლასის შესაბამისად, შეიძლება დაჭირდეს ფილტრები, რომლებიც წყლის ჩაშვების დროს მოახდენს მის ფილტრაციას და უზრუნველყოფს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წყლის ობიექტში მოხვედრის პრევენციას. ელექტრული სისტემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც დამცავი ბარიერი, წყალჩაშვებამდე; დ) ცხოველების სამყოფელის გამოსასვლელებთან მოწყობილი უნდა იქნეს ბარიერები (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოთახების, კონტეინერების ან ავზების გაწმენდისას),  იმისათვის, რომ მოხდეს მათი გაქცევის პრევენცია; ე) ცხოველების ტრანსპორტირება  შენობაში და შენობიდან უნდა მოხდეს შესაბამისი კონტეინერების საშუალებით. კონტეინერები უნდა უზრუნველყოფდეს ცხოველის გაქცევის პრევენციას და მისი სიცოცხლისთვის აუცილებელ ყველა მოთხოვნას; ვ) ხერხემლიან ცხოველებთან მუშაობის შემთხვევაში სპეციალურ ჟურნალში უნდა გატარდეს მონაცემები ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობის, ექსპერიმენტული გამოყენებისა და ნარჩენების განთავსების შესახებ. ცხოველი უნდა იყოს მარკირებული, თუ შესაძლებელია, ასევე, მარკირებული უნდა იყოს კონტეინერი, რომელშიც განთავსებულია ცხოველი; ზ) ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველის გარემოში შემთხვევით გამოთავისუფლებასთან,  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამინისტროს. 9. ცოცხალ გენმოდიფიცირებულ მცენარეებთან დაკავშირებული სამუშაოების  განხორციელების დროს მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ზომები: ა) შენობა, სადაც ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების გამოყენება ჩაკეტილ სისტემაში, არანაკლებ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საშენებისა და/ან სათბურებისაგან, სადაც გაშენებულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების მონათესავე სახეობები (მცენარეები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთსა და იმავე ტაქსონომიურ ოჯახს); შენობის ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მცენარეების ზრდის კონტროლი ტერიტორიის მოპირკეთებით და ჰერბიციდების გამოყენებით; ბ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ფიზიკური ბარიერების მონტაჟი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარის თესლის, სპორების, მტვრის გარემოში გავრცელების პრევენცია; გ) იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებისას, რომლებსაც  აქვთ უნარი, გადარჩნენ გარემოში და მოახდინონ გენეტიკური მასალის გადაცემა საქართველოში არსებულ სხვა სახეობებზე, ან წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები; დ) შენობას/სტრუქტურას გარს უნდა აკრავდეს ზღუდე, გარემოსთან კონტაქტის მინიმიზაციისთვის. შენობის ფიზიკური სტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისი დიზაინის და კონსტრუქციის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასში განხორციელებული ყველა სამუშაოს  გარემოსგან იზოლირება; ე) აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების დარგვა უშუალოდ გრუნტში. უმაღლესი მცენარეების კულტივირება შესაძლებელია შესაბამის შენობაში, ხოლო უმდაბლესი მცენარეებისა - კონტეინერებში; ვ) ლაბორატორიის გაწმენდა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება უნდა იყოს ადვილად შესაძლებელი. სამუშაოს (ლაბორატორიული) მაგიდა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა ცოცხალ გენმოდიფიცირებულ მცენარეებზე, უნდა იყოს მდგრადი, მჟავების, ტუტეების, გამხსნელების, დეზინფექტორების და დეკონტამინაციის აგენტების მიმართ. სამუშაო მაგიდის გაწმენდა უნდა ხდებოდეს ადვილად (ამასთან, შესაძლებელია იგი არ იყოს წყლისთვის შეუღწეველი);    ზ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების უსაფრთხოების კლასის გათვალისწინებით, შესაძლებელია საჭირო იყოს შენობიდან  ჩამდინარე წყლის კონტროლი. დაბალი რისკის დროს საკმარისია ფილტრის გამოყენება, ხოლო  მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების დროს - მოწყობილი უნდა იქნეს საიზოლაციო ფენა და ჩამდინარე წყალი უნდა იფილტრებოდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი თესლის გარემოში გამოთავისუფლება. ასევე, უსაფრთხოების კლასის შესაბამისად, შესაძლებელია საჭირო გახდეს დრენაჟის ბლოკირება სამუშაოების განხორციელების დროს ან შესაბამისი სისტემის მოწყობა, რომელიც შეკრებს წყლის დიდ რაოდენობას და მოახდენს მასში პოტენციურად არსებული  მასალის ინაქტივაციას; თ) ლაბორატორიაში შესვლა, სადაც ხდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების გაზრდა,  უნდა იყოს შეზღუდული. ლაბორატორიის კარი ყოველთვის უნდა იყოს დახურული, მასში პერსონალის არყოფნის დროს, იგი უნდა იყოს ჩაკეტილი.  მაღალი დონის რისკის შემცველი სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მომუშავე პერსონალისთვის ლაბორატორიაში შეღწევა უნდა იყოს შეზღუდული (რეგლამენტირებული); ი) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების მასალა და ადგილი, სადაც მიმდინარეობს მათზე მუშაობა, უნდა იყოს გარკვევით მარკირებული (ცოცხალ გენმოდიფიცირებული მცენარეებზე პასუხისმგებელი პირის მითითებით); კ) რისკის შეფასების საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში,  უნდა  მოხდეს ლაბორატორიაში მავნებლების, ფრინველების ან მწერების  შეღწევის პრევენცია, რომლებსაც შეუძლიათ მტვრის ან თესლის გავრცელება;         ლ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარის მასალის შენობის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადაადგილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მისი სიცოცხლისუნარიანი ნაწილების გავრცელება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ორმაგი შეფუთვა; მ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ნარჩენები, საბოლოო განთავსებამდე, უნდა იქნეს ინაქტივირებული; ნ) ცოცხალ გენმოდიფიცირებულ და არაგენმოდიფიცირებულ მცენარეებზე მუშაობა უნდა განხორციელდეს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან იზოლირებულ სათავსოებში; ო) არაგენმოდიფიცირებული მცენარეები ინაქტივირებული უნდა იქნეს იმავე მეთოდებით, რომლებიც გამოიყენება ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ინაქტივაციისათვის, თუ ამის საჭიროება არ არის დადასტურებული რისკის შეფასების საშუალებით. 10. იმ შემთხვევაში, როცა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების უსაფრთხოების კლასის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული რისკის შეფასება გამოავლენს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში შემთხვევითი გამოთავისუფლების ან მისი მოპყრობის წესებისა და პროცედურების დარღვევის შედეგად, შეიძლება წარმოიქმნას საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების უსაფრთხოების მეორე კლასზე).  11. საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) შესაძლო ინციდენტების იდენტიფიცირების პირობები და ღონისძიებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ინციდენტის შემთხვევაში; ბ) ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები, კონკრეტული პირები, მათი პასუხისმგებლობები და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმი; გ) კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის იმ ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე ინციდენტის შემთხვევაში. ასევე ინფორმაციის გასაჯაროების საშუალებები; დ) სპეციფიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა საფრთხის აღმოფხვრისათვის; ე) ტექნიკური ინფორმაცია (ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და მასთან დაკავშირებული რისკების აღწერა); ვ) შემდგომი დახმარების მიღებისთვის საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია (მეთოდოლოგიური ინფორმაცია, სამედიცინო მომსახურება, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებელი პირები); ზ)  ტერიტორიის გაუვნებელყოფის ხანგრძლივვადიანი ღონისძიებები.