პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №164/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016899
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 910 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2014 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №164/ნ 2014 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „პროფესიული განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „პ.ი“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის  N149 ბრძანების  პირველი მუხლის მე-16 პუნქტის "გ" ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის საგანი და მიზანი 1. პროფესიული განათლების მასწავლებლის  (შემდგომში - მასწავლებელი) პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში – ეთიკის კოდექსი) წარმოადგენს ზოგადი პრინციპების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესს. 2. ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებელთა ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვა . 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულება) შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.  მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თავი II მასწავლებლის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და პროფესიულ სტუდენტებთან, პროფესიული სტუდენტების მშობლებთან, კოლეგებთან, დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა მუხლი 3🔗.  პროფესიული საქმიანობის ძირითადი  პრინციპები    1. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას,  დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით. 3. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის,  ადამიანის უფლებათა დაცვის,  ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს  სტუდენტებს. 4. მასწავლებელი იცავს კონფიდენციალობას პროფესიული სტუდენტების, კოლეგების თუ სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული სხვა პირების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალური და მოწესრიგებულია. 6. მასწავლებელი მეტყველებს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით. 7. მასწავლებელი მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სწავლებისათვის განკუთვნილ დროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად. 8. მასწავლებელი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, იყენებს მათ დანიშნულებისამებრ და იცავს უსაფრთხოების ზომებს. მასწავლებელი არ იყენებს დაწესებულების რესურსებს თვითნებურად, პირადი მიზნებისათვის. 9. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის. 10. მასწავლებელი იცავს იმ დარგის ეთიკურ ნორმებს, რომელსაც მისი პროფესია მიეკუთვნება. 11. მასწავლებელი უფრთხილდება შესაბამისი დაწესებულებისა და ზოგადად, პროფესიული განათლების რეპუტაციასა და პრესტიჟს. 12. მასწავლებელი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციის კომპეტენტურად შესრულებაზე და მუდმივად ზრუნავს ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე. 13. მასწავლებელი აღიარებს და იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, მათ შორის გამოგონებებსა და საავტორო უფლებებს. 14. დაწესებულების სახელით საჯარო განცხადების/კომენტარის გაკეთების შემთხვევაში მასწავლებელი იცავს ეთიკის კოდექსსა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. თუ განცხადება/კომენტარი არ არის დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან, სავალდებულოდ აღნიშნავს, რომ განცხადება/კომენტარი გამოხატავს პირადად მის პოზიციას. 15. მასწავლებელი თავისუფალია რელიგიური მრწამსის არჩევაში, ამავე დროს პატივს სცემს სხვის განსხვავებულ შეხედულებებს. მუხლი 4🔗. პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობა 1. მასწავლებელი ეხმარება პროფესიულ სტუდენტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევაში. 2. მასწავლებელი ეხმარება პროფესიულ სტუდენტს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში. 3. მასწავლებელი პატივს სცემს პროფესიულ სტუდენტთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად. 4. მასწავლებელი არ აყენებს პროფესიულ სტუდენტს რაიმე სახის შეურაცხყოფას. 5. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს  პროფესიულ სტუდენტთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. 6. მასწავლებელი ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში  დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების განვითარებას. 7. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს პროფესიული სტუდენტის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების დაცვაზე. 8. მასწავლებელი, პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. 9. მასწავლებელი არ ეწევა პროფესიულ სტუდენტებთან რელიგიურ (გარდა იმ დაწესებულებების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ  პროპაგანდას. 10. მასწავლებელი არ უტარებს თავის პროფესიულ სტუდენტს კერძო გაკვეთილს ანაზღაურების სანაცვლოდ და არ იღებს პროფესიული სტუდენტისაგან საჩუქარს ან სხვა სახის სარგებელს მაღალი შეფასებისა თუ მისთვის სხვა უპირატესობის მინიჭების სანაცვლოდ. 11. მასწავლებელი  არ  იყენებს პროფესიული სტუდენტის ფიზიკურ  და ინტელექტუალურ  შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის. 12. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას  ყველა პროფესიული სტუდენტის მიმართ,  განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის. მასწავლებელი ზრუნავს, რომ ყველა პროფესიულმა სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება,  მიუხედავად მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობისა. მუხლი 5🔗. პროფესიული სტუდენტების მშობლებთან ურთიერთობა 1. მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს პროფესიული სტუდენტის მშობელთან  და აწყობს  მასთან  ინდივიდუალურ შეხვედრებს; 2. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს პროფესიული სტუდენტის მშობელს პროფესიული სტუდენტის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ  წარმოებაში.  მუხლი 6🔗. კოლეგებთან ურთიერთობა    1. მასწავლებელი ხელს უწყობს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების გაღვივებას; 2. მასწავლებელი, საჭიროების შესაბამისად,  პროფესიულ და კვალიფიციურ დახმარებას უწევს კოლეგებს, უზიარებს მათ ცოდნასა და გამოცდილებას;    3. მასწავლებელი თავს იკავებს კოლეგების საქმიანობაში ჩარევისაგან; 4. მასწავლებელი ტაქტიანად  მიუთითებს კოლეგას მის შეცდომებსა და ხარვეზებზე; 5. მასწავლებელი მოქმედებს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი სხვა პრინციპებისა და ნორმების დაცვით. მუხლი 7🔗. დაწესებულების ხელმძღვანელობასთან და დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებთან   ურთიერთობა 1. მასწავლებელი პატივისცემით ეპყრობა ადმინისტრაციულ - ტექნიკურ პერსონალს და დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა და  პიროვნული თავისებურებებისა; 2. მასწავლებელი თანამშრომლობს დაწესებულების ხელმძღვანელობასთან  და თავისი წვლილი შეაქვს დაწესებულების განვითარებაში.  მუხლი 8🔗. დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა 1. მასწავლებელი თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან  საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით; 2. მასწავლებელი ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეებისა და დამსაქმებლების მიერ მიღებულ რეკომენდაციებს სწავლების პროცესის დასახვეწად. თავი III ეთიკის კოდექსის დარღვევა მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.