„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №738
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ.თბილისი
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ტრანზიტული ვიზა
ტრანზიტული ვიზა გაიცემა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში.“.
2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზა, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დიპლომატიური და სპეციალური ვიზა გაიცემა სამინისტროს მიერ.“.
3. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკონსულო მოსაკრებლის, ხოლო, სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემისას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას – „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა უცხოელი გათავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;“;
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიებს, გარდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევისა.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ორდინალური ვიზის მისაღებად, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს სანოტარო წესით დამოწმებული მოწვევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხდება:
ა) C1 კატეგორიის ვიზის გაცემა;
ბ) C3 კატეგორიის ვიზის გაცემა საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე;
გ) C3 კატეგორიის ვიზის გაცემა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, თუ ვიზის გამცემ ორგანოში წარდგენილი იქნება საქართველოს სახელმწიფო ორგანოს, სხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის/საქართველოში მისი ფილიალის (წარმომადგენლობის) ან საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობა კონკრეტული პირისთვის С3 კატეგორიის საქართველოს ვიზის გაცემის თაობაზე;
დ) C4 კატეგორიის ვიზის გაცემა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.“.
4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემის მიზნით, სავიზო განაცხადი უნდა წარედგინოს უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა. წარმომადგენლობას სავიზო განაცხადი შეიძლება წარედგინოს ვიზის მოქმედების ვადის დაწყებამდე არა უმეტეს სამი თვით ადრე, ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას.“.
5. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ან ვიზის გამცემი სხვა ორგანოს მიერ ვიზის ბლანკზე დაიტანება მართკუთხა ფორმის შტამპი აღნიშვნით -„გაუქმებულია“ ქართულ ენაზე და აღნიშვნით - „CANCELLED“ ინგლისურ ენაზე.“.
6. 25-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წარმომადგენლობის გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე, საიმიგრაციო ვიზის გაცემაზე და დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე, სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სამინისტროში, ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის ან გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე, საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.“.
7. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 1 სექტემბრამდე, უფლებამოსილია, შესაბამისი კანონიერი საფუძვლით იმყოფებოდეს საქართველოში, მაგრამ არა უგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტამდე და 2014 წლის 25 დეკემბრისთვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 მარტამდე, სამინისტროს წარუდგინოს მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა, იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.“.
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |