აღსრულების ეროვნული ბიურო- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - "შპს თბილისი -8" -ს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10521-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/10521-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და

რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

განმცხადებელი: შპს ”თბილისი - 8”

 

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”თბილისი - 8”-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. ს.ს. ,,საქართველოს ბანკი”-ს ინფორმაციის მიხედვით შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს დახურული აქვს საბანკო ანგარიშები 2009 წლის 16 იანვრიდან.

მეურვის _ ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული  ბიუროს ინფორმაციის მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე არ აქვს ანგარიში საბანკო დაწესებულებებში. მოვალეს ერიცხება დებიტორული მოთხოვნები შვიდი კომპანიის მიმართ, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1065420 ლარს და 09 თეთრს, მაგრამ წარდგენილი არ არის აღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს კრედიტორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ,  მაგრამ მოვალის ქონება მოძიებული ვერ იქნა.

ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, დებიტორების _ შ.პ.ს. ,,თბილისი 1”-ს და შ.პ.ს. ,,თბილისი 6”-ის დებიტორების შესახებ მონაცემების არქონის გამო შეფასება ვერ მოხერხდა, ხოლო შ.პ.ს. ,,თბილისი-7”-ის, შ.პ.ს. ,,თბილისი 2005”-ის, შ.პ.ს. ,,ბეტონი”-ის, შ.პ.ს. ”ლენდმარკი”-ს, შ.პ.ს. ,,ქოლორი”-ს მოთხოვნების შეფასება ვერ მოხერხდა კომპანიების ფინანსური დოკუმენტების არქონის გამო. მოვალის განცხადებით შ.პ.ს. ,,თბილისი 1”-ს, შ.პ.ს. ,,თბილისი 6”-ს შ.პ.ს. ,,თბილისი-7”-ს შეწყვეტილი აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და აღარ ფუნქციონირებენ. შ.პ.ს. ,,ბეტონი, შ.პ.ს. ,,თბილისი-7”, შ.პ.ს. ,,ქოლორი”, შ.პ.ს. ,,თბილისი 2005” რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

შ.პ.ს. ,,თბილისი 8”-ს კრედიტორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში დავის დაწყების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შ.პ.ს. ,,თბილისი-8”-ს ქონება არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა შპს ”თბილისი - 8”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”თბილისი - 8”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 21 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ”თბილისი - 8” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ”თბილისი - 8”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ”თბილისი - 8” (ს/ნ 226560218) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ”თბილისი - 8”-ის   რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”-ს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე:                                                    ლაშა ქოჩიაშვილი