აღსრულების ეროვნული ბიურო- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "დიღმის კომუნალური სამსახური"-ს გაკოტრებულად გამოცხადების თაბაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15025-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/15025-14

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების

და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი:შპს „დიღმის კომუნალური სამსახური”

წარმომადგენელი:  შპს „რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

 

მოთხოვნა:გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დიღმის კომუნალური სამსახურის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 სექტემბრის განჩინებით შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით საწარმო დაფუძნებულია სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით და არის შ.პ.ს. ,,ფოთი-2000”-ის, შ.პ.ს. ,,ჭიათურის სასტუმროს“, შ.პ.ს. ,,საფეხბურთო კლუბი დილას“, შ.პ.ს. ,,გვირილა”-ს, შ.პ.ს. ,,ახალციხეს“, შ.პ.ს. ,,ალვანკომგაერთიანება”-ს, შ.პ.ს. ,,მცხეთის მევენახეობის მეურნეობას“ და შ.პ.ს. ,,რველი XXI”-ს სამართალმემკვიდრე. საწარმო არ ფუნქციონირებს, არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ აქვს. მოვალის სახელზე ირიცხება: 1) ავტომანქანა ,,ზილ-მმზ 4502” სახ. ნომრით ,,QQQ-294”, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია; 2) სატუმბი სადგური; 3) ელ.ძრავი და ტუმბო; 4) წყლის რეზერვუარი; 5) ძალოვანი ტრანსფორმატორი; 6) წყალსატუმბი ხაზები; 7) ორი ტრაქტორი; 8) ავტომანქანა ,,მაზ-5549”; 9) ავტომანქანა ,,კავზ-685”; 10) ავტომანქანა ,,გაზ-538”; 11) ავტომანქანა ,,გაზ-52”; 12) ავტომანქანა ,,გაზ-24”; 13) მობილური ტელეფონი ,,ერიკსონი”. მოვალეს არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორი არის შემოსავლების სამსახური.

 მეურვის ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული  ბიუროს ინფორმაციის მიხედვით, შ.პ.ს. ,,დიღმის კომუნალური სამსახურის“  ქონების დაყადაღება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 10 იანვრის №14/04-4808 ბრძანების საფუძველზე. საქმე გადაცემული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის. აღმასრულებლის მიერ აღნიშნული ქონებიდან მოძიებული იქნა მხოლოდ ელ. ძრავი, ტუმბო, ძალოვანი ტრანსფორმატორი და მობილური ტელეფონი ,,ერიკსონი” და რეალიზებული იქნა აუქციონზე 2011 წელს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, შ.პ.ს. ,,დიღმის კომუნალური სამსახური”-ს კრედიტორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ,  მაგრამ მოვალის ქონება მოძიებული ვერ იქნა.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შპს ”დიღმის კომუნალური სამსახური”თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინებით შეწყდა შპს ”დიღმის კომუნალური სამსახურის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”დიღმის კომუნალური სამსახურის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 18 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „დიღმის კომუნალური სამსახური” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „დიღმის კომუნალური სამსახურის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ.პ.ს. ,,დიღმის კომუნალური სამსახური” (ს/ნ 236045310) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,დიღმის კომუნალური სამსახურის”   რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         ლაშა ქოჩიაშვილი