ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალის დაკარგვა 28.01.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-88
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016102
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება 30.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-88
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდება (დებულება) დანართის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შექმნის და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.07.1439 დაგენილების მე-2 პუნქტი.
3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წესდება (დებულება)
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით.
3. ცენტრი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილი წესით.
4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და სასამართლოში.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, სიმბოლიკა, ბეჭედი, მისამართი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ქერჩის ქ. N8.
მუხლი 2🔗.
ცენტრის მიზნები და ძირითადი ამოცანები
1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ეფექტური და კოორდინირებული ჩართვის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის მომზადების, ცოდნისა და უნარების სრულყოფისათვის საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება.
2. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტური ფუნქციონირება, 24/7 (24 საათი, კვირაში 7 დღე) რეჟიმში პაციენტისთვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ბ) პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი მდგომარეობების მართვისას გართულებებისა და ლეტალური შედეგების შემცირება;
გ) ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის მზადყოფნა, დროული და ადეკვატური რეაგირება. საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ერთიან სისტემაში ჩართულობა;
დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
ე) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადება/გადამზადება;
ვ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელო ლიტერატურის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობით.
მუხლი 3🔗.
ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. ცენტრის ფუნქციებია:
ა) პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შეუფერხებელი და ეფექტური მიწოდების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-თან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;
გ) სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება, ასევე სამედიცინო და სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით;
დ) ცენტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს და/ან უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევა და სხვადასხვა სამუშაოს შესრულება.
2. ცენტრის უფლებამოსილებებია:
ა) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;
ბ) სხვა სამედიცინო საქმიანობების წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ცენტრის მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
3. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗.
ცენტრის დირექტორი
ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
კ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს;
ნ) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფისა და განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;
ო) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში 2-ჯერ წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;
პ) ხელს აწერს ცენტრის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) მოქმედებს ცენტრის სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ცენტრის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნას სამუშაო ჯგუფები და/ან სათათბირო ორგანოები (კომისიები) შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ტ) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, შემდგომში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენად;
უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
ცენტრის დირექტორის მოადგილეები
1. ცენტრის დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე.
2. ცენტრის დირექტორის თითოეული მოადგილე:
ა) ახორციელებს ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ხელმძღვანელობს საკურატორო სფეროებს;
ბ) ცენტრის დირექტორის მიერ (ბრძანების საფუძველზე) მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
მუხლი 7🔗.
ცენტრის სტრუქტურა
ცენტრი საქმიანობას ახორციელებს ცენტრის ადმინისტრაციისა და რაიონული სამსახურების (ფილიალების) მეშვეობით.
მუხლი 8🔗.
ცენტრის ქონება და ფინანსები
1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ცენტრის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 9🔗.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით ცენტრმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 10🔗.
ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗.
სახელმწიფო კონტროლი
ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
ცენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13🔗.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.