ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "მეთხევეობის ჯიშსაშენი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3-15წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 9 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ - შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენი’’
( საიდენტიფიკაციო კოდი - 245436087)
დირექტორი - ომარ ნინიძე
მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’’ გაკოტრების საქმის წარმოების საკითხი
გამოარკვია:
შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დირექტორმა ომარ ნინიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 197 126 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. მოვალის ბალანსზეა 2 დასახელების ძირითადი საშუალება ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 651 ლარი და 12 დასახელების 22 ერთეული სასაქონლო მატერიალური მარაგი საბალანსო ღირებულები 2291 ლარი, 1 ერთეული ტრაქტორი და 1 ერთეული ნახევარ-მისამბელი. შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენს’’ საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში’’, სადაც თანხა არ ერიცხება. ამავე დროს საწარმოს არ გააჩნია დებიტორული დავალიანება. განმცხადებელი ითხოვს შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოება უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის (ცნობა საჯარო რეესტრიდან), ბალანსზე ერიცხება მხოლოდ 2 დასახელების ძირითადი საშუალება (1 ერთეული ტრაქტორი, 1 ერთეული ნახევარ-მისამბელი (დანართი 1, დანართი 2 და ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან) ნარჩენი ღირებულებით 651 ლარი, 12 დასახელების 22 ერთეული სასაქონლო მატერიალური მარაგი საბალანსო ღირებულები 2291 ლარი, საბანკო ანგარიში კომპანიას გახსნილი აქვს მხოლოდ ,,საქართველოს ბანკში’’ და თანხა არ ერიცხება (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი ანგარიშიდან). საზოგადოებას ერიცხება კრედიტორული დავალინება 197 126 ლარი, რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანება. საზოგადოებას არ ერიცხება დებიტორული დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,მეთხევეობის ჯიშსაშენს’’ უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე