„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1782
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.05.001.001.921
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 18/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №27-30, მუხ. 635) დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 მუხლი:

     „მუხლი 421. ვეტერინარული კონტროლი გარდამავალ პერიოდში

1. 2006 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლი განხორციელდეს მხოლოდ:

ა) აგრარულ ბაზრებზე;

ბ) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები;

გ) იმ სავაჭრო ობიექტებზე, სადაც ხორციელდება არაქარხნული (არაორგანიზებული) წესით დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტითა და ცხოველებით ვაჭრობა, მხოლოდ პირველადი გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლის მიზნით.

2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1782–რს