აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.01.2015
ძალის დაკარგვა 16.10.2023
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 11.10.2023
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№1
2015 წლის 16 იანვარი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და
სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ თანდართული დებულება, სტაჟირების გავლის თაობაზე განაცხადის, სტაჟიორის მოწმობის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის სერტიფიკატის ფორმა, თანახმად NN 1, 2, 3, 4 დანართებისა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის N25 დადგენილება.
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი N1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო
პრაქტიკის გავლის შესახებ
მუხლი 1🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, დაწესებულება უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაწესებულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები;
ბ) საბჭო - დაწესებულებაში სტაჟიორთა შერჩევისა და სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ამ დებულების შესაბამისად შექმნილი სტაჟირების საბჭო:
გ) უფლებამოსილი პირი - დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;
დ) სტაჟირება - დაწესებულებაში ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი, დროებითი არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ე) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად გადის სტაჟირებას;
ვ) სასწავლო პრაქტიკა - დაწესებულებაში ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი, მოკლევადიანი არააუნაზღაურებადი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
ზ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად გადის სასწავლო პრაქტიკას;
თ) კანდიდატი - პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად დაწესებულებაში შეტანილი აქვს განაცხადი სტაჟირების ან პრაქტიკის გავლის შესახებ.
მუხლი 4🔗
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით დაწესებულებაში იქმნება სტაჟირების საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომლის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილისა და წევრებისაგან.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
5. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 5🔗
1. გადაწყვეტილებას დაწესებულებაში სტაჟირების გავლისა და პრაქტიკანტის დაშვების შესახებ იღებს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი მინისტრი;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი.
2. გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს სტაჟიორთა შერჩევის ფორმა, სტაჟიორისათვის წაყენებული დამატებითი მოთხოვნები, დაწესებულებაში მისაღებ სტაჟიორთა საერთო რაოდენობა, სტაჟირების ვადა და სპეციალობა.
მუხლი 6🔗
1. სტაჟირების გასავლელად კანდიდატთა შერჩევისათვის ინფორმაციას აცხადებს დაწესებულება. ინფორმაციის გამოცხადება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალის www.ajara.gov.ge - ს მეშვეობით. სტაჟირების გასავლელად სტუდენტების უკეთ ინფორმირებისთვის შესაძლებელია ინფორმაციის გამოცხადება განხორციელდეს აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი მიმართვის (წერილის) დაგზავნის გზით.
2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განცხადება (ინფორმაცია) უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დაწესებულება, სადაც ხდება კანდიდატთა სტაჟიორად მიღება;
ბ) თემატიკა, რომლის ფარგლებშიც მოხდება კანდიდატთა შერჩევა;
გ) დაწესებულებაში მისაღები სტაჟიორების რაოდენობა, სტაჟირების ვადისა და სპეციალობების მითითებით;
დ) კანდიდატების მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენის დრო, ადგილი, აგრეთვე შერჩევის დრო და ადგილი;
ე) კანდიდატების მიერ განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა;
ვ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დაწესებულებაში სტაჟირების გავლა გულისხმობს კვალიფიციური კადრების მომზადების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით ამ დებულებით რეგულირებად დროებით უსასყიდლო საქმიანობას, რომლის წარმატების გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დადგენილი წესით მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
მუხლი 7🔗
1. სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.
2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით. კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით.
3. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრავს საბჭო.
4. სტაჟიორის მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში კალენდარული წლის განმავლობაში დაწესებულების შტატით გათვალისწინებული საერთო საშტატო რიცხოვნების არაუმეტეს 5%-ის ფარგლებში.
მუხლი 8🔗
1. კანდიდატმა სტაჟირების გავლის სურვილის შემთხვევაში საბჭოს უნდა წარუდგინოს საბჭოს სახელზე შედგენილი წერილობითი განაცხადი, დანართი N2-ის შესაბამისად.
2. კანდიდატი განაცხადთან ერთად საბჭოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ერთი ფოტოსურათი(3X4).
მუხლი 9🔗
1. კანდიდატების შერჩევა წარმოებს შესაბამისი ინფორმაციის გამოცხადებიდან არაუახლოეს 10 კალენდარული დღისა.
2. კანდიდატების შერჩევას აწარმოებს საბჭო. შერჩევას შეიძლება ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აგრეთვე, სხვა ფიზიკური პირები საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. საბჭო შერჩევიდან არაუგვიანეს ორი დღისა შერჩევის შედეგებს აცნობებს უფლებამოსილ პირს წერილობით, ხოლო შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალზე www.ajara.gov.ge - ინფორმაციის ღიად განთავსების გზით.
4. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ, საბჭოს წარდგინების საფუძველზე, წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ღებულობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
მუხლი 10🔗
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ორი თვის ვადით.
2. უფლებამოსილ პირს შეუძლია სტაჟიორს დამატებით გაუგრძელოს სტაჟირების ვადა. სტაჟირების ვადის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
3. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟიორის მოწმობა, დანართი N3-ის შესაბამისად.
4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი, დანართი N4-ის შესაბამისად.
5. სტაჟიორის მოწმობა და სტაჟირების სერტიფიკატი მოწმდება შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
მუხლი 11🔗
1. პრაქტიკანტად მიიღება პირი (სტუდენტი) სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე. გადაწყვეტილებას დაწესებულებაში პრაქტიკანტის დაშვების შესახებ იღებს უფლებამოსილი პირი.
2. სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი დაწესებულების შესაბამისის სტრუქტურულ ერთეულში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) ერთი ფოტოსურათი.
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 45 დღისა.
4. სასწავლო პრაქტიკის ვადის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს ეძლევა ცნობა შესაბამის დაწესებულებაში სასწავლო პრაქტიკის გავლის თაობაზე.
მუხლი 12🔗
1. დაწესებულების ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უფლება აქვთ:
ა) გაეცნონ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლონ სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ დაწესებულების ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნონ დაწესებულების შესაბამისი სტუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება, გამოიყენონ მათი კვალიფიციური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი და პრაქტიკანტი დაწესებულების ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებითა და მეთვალყურეობით ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს ამ დაწესებულების ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 13🔗
სტაჟიორი და პრაქტიკანტი ვალდებულნი არიან:
ა) გაეცნონ შესაბამისი დაწესებულების შინაგანაწესს და დაიცვან მისი მოთხოვნები;
ბ) გაეცნონ და იხელმძღვანელონ დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
გ) დროულად და ხარისხიანად შეასრულონ ყველა ის დავალება, რომელიც მათ დაეკისრათ იმ დაწესებულების ან/და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სადაც ისინი გადიან სტაჟირებას;
დ) დაიცვან და არ გაამჟღავნონ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის დროს მათთვის ცნობილი სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი ინფორმაცია. ეს ვალდებულება სტაჟიორსა და პრაქტიკანტს გააჩნით სტაჟირებისა და პრაქტიკის ვადის გასვლის ან სხვა საფუძველზე სტაჟირებისა და პრაქტიკის შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი 14🔗
1. დაწესებულება, მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორსა და პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწრაფი ინფორმაცია.
მუხლი 15🔗
1. სტაჟირებისა და პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირებისა და პრაქტიკის ვადის გასვლა;
გ) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;
დ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სტაჟირებისა და პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 16🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
დანართი N2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
------------------------------------------
სტაჟირების საბჭოს
მოქ. ---------------------------------------
მცხ. მისამართზე --------------------------------
----------------------------------------------------
ტელ. ---------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, დამრთოთ ნება მონაწილეობა მივიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ----------------------------------------------------------------------------- სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში.
მსურს გავიარო სტაჟირება -----------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი --------------------------------
პირადი ხელმოწერა ----------------------------
დანართი N3
საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სტაჟიორის მოწმობა N
დაწესებულების სრული სახელწოდება -----------------------------------------------
სტაჟიორის სახელი და გვარი ------------------------------ ------------------------
ძალაშია 20 -- წ. ---------------------------- - დან 20 -- წ. ---------- - მდე
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი -----------------------------------
დანართი N4
საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სტაჟირების სერტიფიკატი N
ეძლევა ------------------------------------------- მასზედ, რომ მან 20 -- წ. ----------------------- დან 20 -- წ. ------------------------ მდე წარმატებით გაიარა სტაჟირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის -----------------------------------------------------------------------------------------------
(დაწესებულების სრული სახელწოდება)
----------------------------------------------------------------------------------------------------------ში
(სტრუქტურული ქვედანაყოფის სრული სახელწოდება)
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი -------------------------------------
გაცემულია (გაცემის თარიღი) ---------------------------------------------------------