„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 1996, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი, არასარწმუნო გაზომვების უარყოფითი შედეგებისაგან მოქალაქეთა უფლებების, კანონიერი ინტერესებისა და დადგენილი მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის სავალდებულობისა და უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს.“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებები
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობას და შესაბამისად არ რეგულირდება ამ კანონით.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) გაზომვის ერთეული – ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად და რომლითაც ერთგვაროვანი სხვა ერთეულების სიდიდეები შეედარება ერთმანეთს ამ სპეციფიკური სიდიდის მიმართ მათი მნიშვნელობის დამოკიდებულების გამოსახატავად;
ბ) ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემა – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდირებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ;
გ) გაზომვის საშუალება – ტექნიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება გაზომვისათვის და გააჩნია ნორმირებული მეტროლოგიური მახასიათებლები;
დ) დაკანონებული გაზომვის საშუალება – გაზომვის საშუალება, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობის შეფასებას ან მეტროლოგიურ კონტროლს;
ე) გაზომვის საშუალების ტიპი – დოკუმენტაციის შესაბამისი კონკრეტული კონსტრუქციის გაზომვის საშუალების საბოლოო მოდელი;
ვ) გაზომვის ერთეულის ეტალონი (ეტალონი) – გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია გაზომვის ერთეულის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის განსაზღვრისა და აღწარმოებისათვის;
ზ) დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის რაოდენობა აღნიშნულია შეფუთვაზე, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან მისი ხილული დაზიანების გარეშე;
თ) გაზომვის საშუალების მიკვლევადობა – კონკრეტული გაზომვის საშუალების თაობაზე ინფორმაცია, რომლითაც დგინდება აღწარმოებული გაზომვის ერთეულის მნიშვნელობის გაერთიანება მნიშვნელობების გადაცემის უწყვეტ ჯაჭვში გაზომვის ერთეულის ეტალონამდე;
ი) გაზომვის საშუალების ბაზარზე გატანა – საქართველოს ბაზარზე გაზომვის საშუალების პირველადი განთავსება, მათ შორის იმპორტი, გაზომვის საშუალების გავრცელების ან გამოყენების მიზნით.“.
3. მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
დაკანონებული გაზომვის საშუალებები
მუხლი 6. დაკანონებული გაზომვის საშუალებები
1. გაზომვის საშუალებისათვის დაკანონებული გაზომვის საშუალების სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტია მისი გამოყენების სფერო. ეს სფეროებია:
ა) მომსახურების მიზნით განხორციელებული გაზომვები, რომელიც ეხება სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვას;
ბ) პროდუქციის კომერციული მიზნით დაფასოება;
გ) ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული გაზომვები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საერთაშორისო SI სისტემის ერთეულები.
3. დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო SI სისტემისაგან განსხვავებული დამატებითი აღნიშვნები სხვა ერთეულებში. ასეთი აღნიშვნები უფრო მცირე და ნაკლებ თვალსაჩინო უნდა იყოს, ვიდრე დაკანონებულ ერთეულებში გამოსახული აღნიშვნები.
4. მოთხოვნები დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით აგრეთვე დგინდება, დაკანონებული გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.
მუხლი 7. სახელმწიფო ეტალონი
1. სახელმწიფო ეტალონი უმაღლესი სიზუსტით აღწარმოებს და ინახავს გაზომვის ერთეულის მნიშვნელობას და არის გაზომვების ერთიანობისა და სისწორის საფუძველი საქართველოში.
2. სახელმწიფო ეტალონი უნდა იყოს საერთაშორისო ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო ეტალონების მიმართ შედარებადი ან ერთგვაროვანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული გაზომვების თავსებადობა (შესაბამისობა).
3. სახელმწიფო ეტალონის შენახვას უზრუნველყოფს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო ეტალონის გაუქმების თაობაზე.“.
5. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
გამზომი საშუალებების ბაზარზე გატანა
მუხლი 10. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებები (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან შემოტანილი საშუალებებისა) ექვემდებარება ტიპის დამტკიცებას, პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
2. განსაკუთრებული დანიშნულების ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალებები არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.
3. ტიპის დამტკიცებასა და პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი. ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს პირველადი და პერიოდული დამოწმების სამუშაოები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული აკრედიტაციის მიხედვით. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის და გაუქმების მექანიზმებს.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტო ვალდებულია აღიაროს საზღვარგარეთ დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება.
5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს რაიმე სახის დამატებით დადასტურებას.
6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.
მუხლი 11. ტიპის დამტკიცების ნიშანი
1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებებზე.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი უნდა დაიტანონ დაკანონებული გამზომი საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ნიშნები უნდა იყოს მკაფიო და არ იშლებოდეს.
4. აკრძალულია გაზომვის საშუალებებზე ისეთი ნიშნებისა და სიმბოლოების დატანა, რომლებიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ტიპის დამტკიცების ეროვნულ ნიშნად.
5. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მისი დატანისადმი არსებული მოთხოვნები, უნდა დადგინდეს ტექნიკური რეგლამენტებით.
მუხლი 12. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება მოიცავს ექსპერტიზას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას და დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.
2. პირველადი დამოწმება უტარდება ახალ ან შეკეთებულ გაზომვის საშუალებას.
3. პერიოდული დამოწმება უტარდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებას პირველადი დამოწმების შემდეგ ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პერიოდულობით.
4. დაინტერესებული პირი ვალდებულია განაცხადი პერიოდულ დამოწმებაზე წარადგინოს სააგენტოში ან დამოწმებაზე აკრედიტებულ პირთან არსებული დამოწმების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე. იმ შემთხვევაში, როდესაც სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ახორციელებს მათი სამუშაო ადგილის გარეთ, ისინი უფლებამოსილნი არიან განმცხადებელს მოსთხოვონ გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.
5. სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გასცემს დამოწმების მოწმობას ან/და დაიტანს გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშანს. ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.
6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების დღიდან.
7. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ:
ა) მოქმედების ვადა ამოიწურა;
ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რაც ზეგავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მაჩვენებლებზე;
გ) გაზომვის საშუალება დაზიანდა ისე, რომ მან დაკარგა დამოწმებისას თუნდაც ერთი მახასიათებელი.
8. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმების პროცედურები და მოქმედების ვადა დგინდება ტექნიკური რეგლამენტებით.
მუხლი 13. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები
1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები ტარდება გაზომვის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავის არსებობის შემთხვევაში დაინტერესებული მხარის ან სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით.
2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი დგინდება ნორმატიული აქტით.
მუხლი 14. დაფასოებული საქონელი
1. ნიშანდებული საქონლის დამფასოებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფუთული საქონლის ფაქტიური რაოდენობის შესაბამისობა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელთან.
2. დაფასოებული საქონელი ექვემდებარება მეტროლოგიურ ზედამხედველობას მხოლოდ მისი სარეალიზაციო ქსელში განთავსების ეტაპიდან.
მუხლი 15. სახელმწიფო რეესტრი
1. გაზომვის საშუალებათა ტიპები ექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო.
2. რეესტრში რეგისტრირდება:
ა) სახელმწიფო ეროვნული ეტალონები;
ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპი;
გ) ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული სხვა მონაცემები.
3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრში არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება და საჯაროობა.“.
6. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
სახელმწიფო მეტროლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი
მუხლი 16. მეტროლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტების თანახმად სახელმწიფო მეტროლოგიურ ზედამხედველობასა და კონტროლს.
მუხლი 17. ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციები
1. ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება:
ა) საქართველოში არსებულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებებზე;
ბ) დაფასოებული საქონლის ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
2. კონტროლი დაკანონებულ გამზომ საშუალებებზე ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ტექნიკური რეგლამენტების ან სხვა მოქმედი წესებისა და ნორმების დარღვევა, მაკონტროლებელი ორგანო მიმართავს სასამართლოს შესაბამისი სასარჩელო განცხადებით.
4. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია ამ კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასარჩელო განცხადებით მოითხოვოს დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოყენებისა და დაფასოებული საქონლის რეალიზაციის აკრძალვა, სახელმწიფოსადმი ზიანის მიყენების შემთხვევაში კი – ზიანის ანაზღაურებაც.
მუხლი 18. შემოწმების ხარჯები
1. დაფასოებული საქონლის შემოწმების ხარჯები მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესყიდული ნიმუშების ღირებულების ჩათვლით, ეკისრება ტექნიკური რეგლამენტის ან სხვა ნორმების დამრღვევ პირს.
2. თუ შემოწმების შედეგად არ დადგინდა გაზომვის საშუალების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, შემმოწმებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.“.
7. V–VII თავები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს გაზომვათა ერთიანობის სფეროში მისაღები საქართველოს ტექნიკური რეგლამენტების მიღების გრაფიკის შემუშავება 2 თვის ვადაში.
2. 2005 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მიერ განხორციელებული გაზომვის საშუალების ტიპისა და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს რაიმე სახის დამატებით დადასტურებას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 24 ივნისი.
№1788-რს