⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.01.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.01.2015
ძალაში შესვლა 12.01.2015
ძალის დაკარგვა 03.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №2/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,185 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2015 მიღება
12.01.2015 ძალაში შესვლა
03.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №2/ნ 2015 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2014 წლის 4 სექტემბრის №13/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 12 იანვრიდან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებაც ვრცელდება სამინისტროზე, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა (შემდგომში - სამინისტროს სისტემა) და ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები). 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პრინციპების, ასევე, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და სხვა ინსტრუქციების საფუძველზე. 5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 6. დაუშვებელია, დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. მინისტრი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში. 8. დეპარტამენტი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად. 9. მინისტრი, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომლები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეს (შემდგომში - დეპარტამენტის მოსამსახურე) შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების პროცესში. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: ა.ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ა.ბ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ა.ე) სამინისტროს სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; ა.ვ) დადგენილი წესით, შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება; ა.ზ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ბ) დისციპლინური (სამსახურებრივი) გადაცდომის (შემდგომში - გადაცდომა) ან/და სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა: ბ.ა) სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია, მათ შორის, სამინისტროს სისტემასა და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, ამავე სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, მათ შორის, საჩივრების, შეტყობინებების და სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, აგრეთვე, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.ბ) მინისტრის თანხმობის საფუძველზე, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ გადაცდომისა და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; ბ.გ) მინისტრისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის რეკომენდაციის წარდგენა გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ბ.დ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანო(ებ)ში გადაგზავნა; ბ.ე) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომლისთვის, ასევე, ნებაყოფლობის საფუძველზე, სხვა პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ან/და ინფორმაციის მიღება; ბ.ვ) სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში მიმდინარე ყველა პროცესის მონიტორინგი, ანალიზი, შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება; გ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები 1. დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) სამინისტროს სისტემიდან და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტებიდან მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე (მოითხოვოს მათზე დაშვება), მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), გამოიძახოს და მიიღოს სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, აგრეთვე, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; გ) საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტის, შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტის ან/და ექსპერტ(ებ)ის მოწვევა, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით; დ) გადაცდომის ან/და სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და მისი აღმოჩენის მიზნით, დადგენილი წესით, განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გამოავლინოს სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, შეისწავლოს განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი რეაგირება; ვ) საჭიროების შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრის ან სხვა უფლებამოსილი პირის წინაშე დააყენოს საკითხი დარღვევის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. 2. დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, დეპარტამენტი ვალდებულია: ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიშში; დ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად, შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც, სათანადო წესით, აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორული დასკვნები/მოსაზრებები და შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე, შიდა აუდიტის ობიექტის წერილობითი მოსაზრებები; ე) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა წარუდგინოს მინისტრს; ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე, არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანო(ებ)ს; ი) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს; კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ზარებზე შესაბამისი რეაგირების გატარება; ლ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის თანამშრომელი, ასევე, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს სათანადო განმარტება ან/და წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, მათზე დაშვება) და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორცილების მიზნით. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს და რეკომენდაციებს; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას; ზ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ნ) შეიმუშავებს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს; ო) თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა; პ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოყენებაზე; ჟ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე; რ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე; ს) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ტ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; უ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. დეპარტამენტის უფროსის წინადადებით, შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, ასევე, მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ფაქტები სამინისტროს სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, რისკ-ფაქტორების ცვლილება და სხვა გარემოებები. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებული უფლებამოსილებათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; დ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) იღებს გადაწყვეტილებებს შესასრულებლად მასზე გადაცემული დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის, მათ შორის, შესაბამისი სამმართველოების მოსამსახურეთა შორის; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე; ზ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს, ასევე, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს შესასრულებლად მასზე გადაცემულ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტის უფროსს ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ე) დეპარტამენტის უფროსს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით; ვ) ახდენს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ზ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს, ასევე, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს და იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან დეპარტამენტის არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან დეპარტამენტის არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას, ასევე, დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილების განხორციელებაში ან/და ჩართული იქნენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში/მუშაობაში კვალიფიკაციის გათვალისწინებით. 3. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მოსამსახურეები: ა) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული შიდა აუდიტორულ ანგარიშებში ან შესაბამის დასკვნებში დაფიქსირებული მონაცემების სიზუსტეზე, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და წარმოდგენილი სარეკომენდაციო წინადადებების ადეკვატურობაზე; ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული კონკრეტული შიდა აუდიტორული ანგარიშის ან სამსახურებრივი შემოწმების მასალების, დანართი მასალების სისრულესა და დაცულობაზე; გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებისთანავე ახდენენ მოპოვებული მასალების პირველად არქივაციას და მათ შენახვას; დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები და საქართველოს კანონმდებლობა. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 8🔗. უფლებამონაცვლეობა 1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 9🔗. აცილების საფუძვლები 1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ შიდა აუდიტორულ შემოწმებას ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან დეპარტამენტის სხვა მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს - მინისტრი. მუხლი 10🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შედის: ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ბ) მონიტორინგის სამმართველო. მუხლი 11🔗. შიდა აუდიტის სამმართველო შიდა აუდიტის სამმართველოს უფლებამოსილებაა: ა) სამინისტროს სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, შიდა აუდიტის განხორციელება; ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; გ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ეკონომიურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ)        სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ე) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი; ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; ზ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების და ხელშეკრულებების შესწავლა და შეფასება; თ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს სისტემის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ი) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი; კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება, სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ლ) განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა; მ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 12🔗. მონიტორინგის სამმართველო მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებაა: ა) სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, გადაცდომის ფაქტებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, მათ შორის, საჩივრების, შეტყობინებების და სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ბ) სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ გადაცდომის ფაქტებზე, დადგენილი წესით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 13🔗. მონიტორინგის სამმართველოს უფლებები 1. მონიტორინგის სამმართველოს უფლებაა: ა) მიღებული განცხადებების, მათ შორის, საჩივრების, შეტყობინებებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში, დადგენილი წესით, განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება; ბ)         მოთხოვნისთანავე, მიიღოს სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების თანამშრომლებისაგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია; გ)         განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება; დ) ნებაყოფლობის საფუძველზე, ახსნა-განმარტება ჩამოართვას ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელი; ე)         უფლებამოსილების განხორციელებისას, გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში არსებული მონაცემთა ბაზა; ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და დასკვნების     მოსაპოვებლად,  მოითხოვოს  სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე, ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ზ)        სამსახურებრივი    შემოწმების შედეგების საფუძველზე, მინისტრისათვის ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის მიზნით, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; თ) უფლებამოსილების განხორციელებისას, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალების შესაბამისი ორგანო(ებ)სთვის გადაგზავნისათვის, მინისტრთან შეთანხმების უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები; ი) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, მონიტორინგის სამმართველოს მოსამსახურე შესაძლებელია ჩართულ იქნეს შიდა აუდიტის სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, კვალიფიკაციის გათვალისწინებით. მუხლი 14🔗. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი 1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების თანამშრომლის მიერ ჩადენილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან გადაცდომის შესახებ, მოქალაქეთა განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, შიდა აუდიტორული ანგარიში, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტების საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი და სხვა. 2. სამსახურებრივი შემოწმება, რომლის დაწყებისას დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს შემოწმების საგანსა და შემოწმების ჯგუფის შემადგენლობას, ტარდება მინისტრის თანხმობის საფუძველზე. 3. სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის     შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევ პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე). 4. დასკვნას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, რომელიც გაცნობისა და შეთანხმებისათვის წარედგინება დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს. 5. დასკვნა გაცნობისა და შემდგომი რეაგირებისათვის წარედგინება დეპარტამენტის უფროსს, ხოლო შემდგომში - მინისტრს. 6.  სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის მიერ ჩადენილი გადაცდომისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია/საჩივარი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მიაწოდონ დეპარტამენტს. მუხლი 15🔗. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.