ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2015
ძალის დაკარგვა 12.01.2017
გამომცემი ორგანო თავი III
დასკვნითი დებულება
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2015 წლის 22 იანვარი
ს. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,, ნორმატიული აქტების შესახებ „ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესი ( დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილება ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი 1
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების დაფინანსების, ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას, გაცემის პროცედურას.
ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ემსახურება დევნილ მოქალაქეთა იმ გადაუდებელ გამოკვლევას, მკურნალობას, ოპერაციებს და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელთა დაფინანსება არ ხდება საყოველთაო სადაზღვევო პოლისის მიერ. აგრეთვე პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის მიერ მოქალაქეთათვის გაწეული დახმარების შემდგომ დარჩენილი მოქალაქეთა გადასახდელი თანხის თანადაფინანსებას თუ იგი არ მოიცავს მშობიარობისა და დამატებითი ფასიანი მომსახურეობისათვის გასაწევ თანხებს.
აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოქალაქეებზეც, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინების ან ფულად კომპენსაციაზე ყოფნის გამო არა აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან დევნილთა ბაზაში, კოტეჯში ან კომპენსაციის პროგრამაში.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗. ოჯახებისა და ბავშვების დახმარება
1. ერთჯერადად, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე, 300 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. თანხა გათვალისწინებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაში.
2. ერთჯერადად, სოციალური დახმარება გაიცემა გამონაკლის შემთხვევაში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და მოქალაქეებზე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობიდან გამომდინარე, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. თანხა გათვალისწინებულია ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაში.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის და დევნილის სტატუსის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 2🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იმ იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების ოჯახებისათვის გასაწევი დახმარება, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თანხა გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამით.
2. ახალგორის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი და გარდაცვლილის დევნილის სტატუსის ასლი. დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ცნობა ტერიტორიული ორგანოდან.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ემსახურება ახალგორიდან დევნილი მოქალაქეების იმ გადაუდებელ გამოკვლევას, მკურნალობას და ოპერაციებს, რომელთა განხორციელება აუცილებელია და სრულად არ ფარავს სადაზღვევო პოლისი თუ იგი არ მოიცავს მშობიარობას ან დამატებითი ფასიანი მომსახურეობისათვის გასაწევ თანხებს. დაფინანსება ეხება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოსახლეობას, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი, აგრეთვე მათაც, ვისაც დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინების ან ფულად კომპენსაციაზე ყოფნის გამო არ აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან დევნილთა ბაზაში, კოტეჯში ან კომპენსაციის პროგრამაში.
დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პარიტეტების გათვალისწინებით:
ა) მოქალაქეთა გამოკვლევების, მკურნალობისა და ოპერაციების პროგრამები ხორციელდება მოქალაქეთა მიერ შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის, გამგეობიდან გაცემული საგარანტიო წერილის, სამკურნალო დაწესებულებებიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ შემოსული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით).
ბ) ერთ მოქალაქეზე გადასარიცხი თანხის ოდენობა განისაზღვროს მოცემული მომენტისათვის შემდეგი ნორმატივების გათვალისწინებით: მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსდება 300 (სამას) ლარამდე ოპერაციის ან მკურნალობის თანხა 100 % –ით, 300 ლარიდან 600 ლარამდე ოპერაციის ან მკურნალობის თანხის 85%–ით, 600 ლარიდან 1000 ლარამდე 75%–ით, 1000 ლარიდან 1500 ლარამდე 65%–ით. 1500 ლარის ზევით ოპერაცია – მკურნალობის ღირებულების თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის.
2. კომისიამ გაითვალისწინოს განსაკუთრებული შემთხვევები და გამონაკლისის დაშვებისათვის წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის-დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა–კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 4🔗. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესთა დახმარება
1. ერთჯერადად, 500 (სამასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილის სტატუსი ან ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან
გ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მათ მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. ახალგორის მუნიციპალიტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების გაცემის კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
2. კომისია ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 6🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს ორ კვირაში ერთხელ.
5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 7🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. (ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა)
მუხლი 8🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის თავჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულება
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით.
2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა ახალგორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.
3. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა სამედიცინო ხარჯებისათვის თუ იგი მოიცავს ესთეტიურ-გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე დამატებითი სამედიცინო სერვისების ხარჯებს, რომლის მიღების აუცილებლობას მკურნალობის პროცესი არ ითვალისწინებს და იგი მიღებულია პაციენტის მოთხოვნით, სერვისის გაუმჯობესებისთვის, როგორც დამატებითი ფასიანი მომსახურეობა.
4. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.