თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება შპს "სააკაძის მეურნეობა" მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18364-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „სააკაძის მეურნეობა” (ს/კ 226528068)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი _ ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სააკაძის მეურნეობის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „სააკაძის მეურნეობის” დირექტორის შპს ”რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა _ ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „სააკაძის მეურნეობის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „სააკაძის მეურნეობას” საგადასახადო და ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება. ორგანიზაციის არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს გიორგი ჯიბლაძე, რომლის მიმართ შპს ”სააკაძის მეურნეობას” (ს/კ 226528068) ერიცხება დავალიანება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „სააკაძის მეურნეობას” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”სააკაძის მეურნეობის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 29 ოქტომბერს. საწარმოს კრედიტორს _ გიორგი ჯიბლაძეს კი განჩინება ჩაბარდა 2014 წლის 15 დეკემბერს (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ). განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ”სააკაძის მეურნეობის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”სააკაძის მერუნეობის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ”სააკაძის მეურნეობის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სააკაძის მეურნეობა” (ს/კ 226528068) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სააკაძის მეურნეობის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს „სააკაძის მეურნეობას” (ს/კ 226528068) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე