თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება შპს "ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი"-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/22812-14 ( 330210314683128)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი”
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208145157) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” დღეისათვის არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაციას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ორგანიზაციის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 205,71 ლარს. საწარმო ამჟამად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208146157) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა იმ სახის მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” (ს/კ 208146157) არ არის სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მფლობელი.
2015 წლის 15 იანვარს, კანონით დადგენილ 5 (ხუთი) დღიან ვადაში სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208146157) წარმომადგენელმა და წარმოადგინა ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ საწარმო არ არის სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მფლობელი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” (ს/კ 208146157) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „პროკრედიტ ბანკში”. ამ ბანკის მიერ გაცემული საბანკო ანგარიშის ამონაწერით დადასტურებულია, რომ შპს ”ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” 2014 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით ანგარიშზე ერიცხება 11.18 (თერთმეტი მთელი თვრამეტი მეასედი) ლარი. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 5 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომ შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 დეკემბრის ცნობის თანახმად, შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” საკმარისი აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” (ს/კ 208145157) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208145157) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ”ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” (ს/კ 208145157) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს ”ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208145157) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2015 წლის 26 იანვრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლმა” (ს/კ 208145157).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე