თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება შპს"ჯეომეტ და კო"-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/21497-15 წ . (330210314665921)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2015 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი : შპს ”ჯეომეტ და კო”
წარმომადგენელი (დირექტორი) : მალხაზ ალბორაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ”ჯეომეტ და კოს”
(ს/კ 201541745) დირექტორმა (წარმომადგენელმა) მალხაზ ალბორაშვილმა და ითხოვა
შპს ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარატავს, რომ შპს ”ჯეომეტ და კო” წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. 2014 წლის 9 ივნისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საწარმოს შეერწყა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო შპს ”ისთეით ინვესტმენტს აჭარა”, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ერთი მეწარმე სუბიექტი - შპს ”ჯეომეტ და კო”. საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობა, მას არ აქვს ვადამოსული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. დღეისათვის მოვალის ქონებას ჯამში შეადგენს 903,14 ლარი. სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება საწარმოს არ ერიცხება. რაც შეეხება კრედიტორებს, საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომლის მოთხოვნის ოდენობაც შეადგენს 484,13 (ოთხას ოთხმოცდაოთხი მთელი ცამეტი მეასედი) ლარს; საწარმოს ჰყავს ასევე სხვა არაუზრუნველყოფილი კრედიტორები: სს ”Langur Management", მოთხოვნით 1373 (ათას სამას სამოცდაცამეტი) ლარი და გიორგი შეყრილაძე მოთხოვნით 59 957 (ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.
ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს ”ჯეომეტ და კოს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს ”ჯეომეტ და კოს” განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა ცნობა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ის არ ფლობს წილს სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოებაში.
2015 წლის 20 იანვარს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ”ჯეომეტ და კოს” წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა და წარმოადგინა ცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ”ჯეომეტ და კო” (ს/ნ 204541745) არ არის რეგისტრირებული სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან პარტნიორად.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ”თიბისი ბანკში”. სს ”თიბისი ბანკის” მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, კი 2014 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშზე ნაშთი შეადგენს 196 (ას ოთხმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარს. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, ”ჯეომეტ და კო” (ს/კ 201541745) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 იანვრის წერილი).
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს - გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე ”ჯეომეტ და კოს” (ს/კ 201541745) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, ”ჯეომეტ და კო” (ს/კ 201541745) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს ”ჯეომეტ და კომ” (ს/კ 201541745); ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
4. უცხოელ კრედიტორთა ინფორმირების მიზნით ”ჯეომეტ და კო” (ს/კ 201541745) ვალდებულია გონივრულ ვადებში უზრუნველყოს განჩინების გადათარგმნა, თარგმანის ნოტარიალური დადასტურება, ნათარგმნი განჩინების ასლების უცხოელ კრედიტორთათვის ჩაბარება, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტთა და ნათარგმნი განჩინების ერთი ეგზემპლარის სასამართლოში წარმოდგენა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე