საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2015
ძალის დაკარგვა 01.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/09
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.054.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბაქრაძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.04.2018
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.07.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/09
2015 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბაქრაძე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება
თავი I
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
თ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ი) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) ჩაატაროს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება, მოამზადოს ინსპექტირების დასკვნა და წარუდგინოს მინისტრს;
გ) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი,- მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისთვის პირობების შექმნა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით;
დ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის თაობაზე;
ვ) ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შეუზღუდავი დაშვება აქვთ სამინისტროს სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა.
4. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტის მოსამსახურეებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
5. დეპარტამენტის თანამშრომლების კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად.
6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეპარტამენტის აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტში სრულყოფილი ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის მოვალეობანი
დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით,-გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების ან/და ინსპექტირების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.
3. დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II
შიდა აუდიტის ჩატარების წესი
მუხლი 6🔗.
შიდა აუდიტის დაგეგმვა
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რაც გათვალისწინებულ იქნება შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავებისას.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე.
7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.
8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს და გეგმებში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს დეპარტამენტის დირექტორი და ამტკიცებს მინისტრი. გეგმები ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს.
9. შიდა აუდიტორული შემოწმებისთვის დეპარტამენტის დირექტორი ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, მასშტაბს, აუდიტის სახეს და სხვა.
მუხლი 7🔗.
შიდა აუდიტორული შემოწმება
1. შიდა აუდიტორული შემოწმება არის სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას.
2. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
3. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
4. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
მუხლი 8🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემთხვევა:
ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 9🔗.
შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები
1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). ასევე, შიდა აუდიტორს უფლება აქვს შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა,- გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
2. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას დეპარტამენტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 10🔗.
შიდა აუდიტორული ანგარიში
1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს; აგრეთვე, შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან დეპარტამენტის დირექტორის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინოს არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.
3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ დეპარტამენტი აყალიბებს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას და წარუდგენს მინისტრს.
4. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებასა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელსაც წარუდგენს მინისტრს და დეპარტამენტის დირექტორს.
მუხლი 11🔗.
შიდა აუდიტის წლიური ანგარიში
1. დეპარტამენტის დირექტორი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:
ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ;
ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
გ) დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;
ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
თავი III
ინსპექტირების ჩატარების წესი
მუხლი 12🔗.
ინსპექტირების ჩატარების წესი
1. სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებას.
2. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების, გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
3. ინსპექტირების ჩატარების ვადები, შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება დეპარტამენტის დირექტორის მიერ და მტკიცდება მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. თითოეული ინსპექტირებისთვის მუშავდება ინსპექტირების გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ხანგრძლივობა, შემოწმების პერიოდი და შემმოწმებელთა ვინაობა.
მუხლი 13🔗.
ინსპექტირების ჩატარების საფუძველი
1. ინსპექტირების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ; მათ შორის: განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით’’ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ დეპარტამენტს ინფორმაცია კანონდარღვევის იმ ფაქტების შესახებ, რომელთა განხილვა დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
3. ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის მოსამსახურე უფლებამოსილია მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისთვის პირობების შექმნა, მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით.
მუხლი 14🔗.
ინსპექტირების დასკვნა
1. ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა.
2. ინსპექტირების დასკვნა უნდა მოიცავდეს ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და რეკომენდაციებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
3. ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მინისტრს.
მუხლი 15🔗.
რეკომენდაციების წარდგენა
1. ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება.
2. ინსპექტირების დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები სავალდებულოა შესასრულებლად.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ინსპექტირების დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დეპარტამენტში წარდგენაზე.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 16🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) დეპარტამენტის დირექტორი;
ბ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’, ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით.
მუხლი 17🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი.
2.დეპარტამენტის დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე)კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას და უნაწილებს ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ვ)შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ)ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
თ)უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის და სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ლ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
მ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ნ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ო) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
პ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ჟ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას; აგრეთვე, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
რ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ს) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ტ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
უ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) ახორციელებს ამ დებულებით,შიდა ნორმატიული აქტებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 18🔗.
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) გადაწყვეტილებებს იღებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე;
დ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ე) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის კანონშესაბამის დავალებებს; ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 19🔗.
დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება
დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მოადგილე, რაც განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 20🔗.
დეპარტამენტის სპეციალისტების მოვალეობები
შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მოვალეობებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ე) შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
ზ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება.