„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
190040000.19.012.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №4

2015 წლის 5 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 190040000.19.012.016022, 23.01.2012 წ) დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;“.

2. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.

3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრედიტო კავშირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლოს ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსიროს მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში საკრედიტო კავშირი ვალდებულია განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 61 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.“.

 

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკრედიტო კავშირის პარტნიორების, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების, მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები);“. 

5. მე-6 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრედიტო კავშირი პარტნიორის ან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის (მათი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, საკრედიტო კავშირი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საკრედიტო კავშირს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას საკრედიტო კავშირმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.

4. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია, პარტნიორის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.

5. საკრედიტო კავშირს არა აქვს უფლება, დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. პარტნიორის (საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების 61 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

6. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.

62. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.“.

7. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი პარტნიორის (ასევე, საქმიანი ურთიერთობების მსურველი პირის) იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 61 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე  გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.“. 

8. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 61 მუხლით გათვალისწინებული, პარტნიორის ან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის (მათი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.“.

9. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები

1. საკრედიტო კავშირი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია, იმ პარტნიორის ან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის  იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:

ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია პარტნიორის ან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის (მათი ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;

ბ) მეტი სიხშირით განაახლოს პარტნიორისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;

გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;

დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;

ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;

ვ) მიიღოს საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;

ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი პირის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული პარტნიორის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.

3. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია, ამ დებულების მე-6 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:

ა) მოახდინოს პარტნიორის ან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის და მათი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;

ბ) შეამციროს ასეთი პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;

გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;

დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ პარტნიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

4. ამ დებულების მე-6 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, საკრედიტო კავშირი არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დადგენის, აგრეთვე პარტნიორისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, საკრედიტო კავშირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის პირის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.

5. საკრედიტო კავშირის მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება საკრედიტო კავშირის მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.“.

10. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, პარტნიორის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით), საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს საკრედიტო კავშირში როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).“.

 

11. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.“.

12. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საკრედიტო კავშირის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქუჩა №6, გრიფით „კონფიდენციალური“.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი