საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1817
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.940
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 19/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12. 2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. ამასთან, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადის ძირითადი თანხა.“.

2. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის განზრახ წარუდგენლობა გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვიდან ერთ წელზე მეტი ხნით საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობა, თუ ასეთი მოქმედების შედეგად გადაუხდელი გადასახადის თანხა აღემატება 25 000 ლარს, განიხილება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა.“.

3. 132-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 132. გადასახადების შემცირება

1. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის ოდენობის 15 000 ლარამდე შემცირება, –

იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის 15 000-დან 25 000 ლარამდე ფარგლებში შემცირება, –

იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის 25 000 ლარით ან უფრო მეტით შემცირება, –

იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 75 პროცენტის ოდენობით.

4. თუ დამალული გადასახადების ოდენობა აღემატება 25 000 ლარს, განიხილება დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1858–რს