საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2015
ძალაში შესვლა 12.01.2015
ძალის დაკარგვა 03.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი | რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.07.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №3/ნ
2015 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის №6/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 12 იანვრიდან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
გ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი;
დ) საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა;
ვ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
ზ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
თ) შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ი) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
კ) სამინისტროს შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მ) საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
ო) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციების შედეგების ასახვა პირად საქმეებში;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - სამინისტროს სისტემა) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებისა და სხვა საკადრო ბრძანებების, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების მომზადებისა და რეგისტრაციის, ასევე, იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები) ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
რ) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წერილობითი ინფორმაციის წარდგენა პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ს) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
ტ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
უ) სამინისტროში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისთვის გადასაცემად არის განკუთვნილი;
ფ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ქ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შედის:
ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველო.
მუხლი 4🔗. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის შესრულების კონტროლი;
გ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
დ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ე) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციების შედეგების ასახვა პირად საქმეებში;
ვ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფაილური სისტემების შესაბამისად, ფაილური სისტემების კატალოგების წარმოება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებისა და სხვა საკადრო ბრძანებების, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების მომზადებისა და რეგისტრაციის, ასევე, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის წერილობითი ინფორმაციის წარდგენა პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესებისა ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
მ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საშვების დამზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ნ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ო) სამინისტროში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი;
პ) კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და კორექტირება;
ბ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული გეგმის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
გ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს აპარატის სატენდერო პროცედურების წარმართვა;
ე) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი;
ვ) სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათში განხორციელებელი ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე (ფაქტობრივად გადახდილი თანხა) აღნიშნულ სისტემებში ინფორმაციის ატვირთვა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
თ) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა;
ი) სამმართველოში შესული ოფიციალური კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი დაცვის კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა, სანიტარულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების უწყვეტი ელექტროენერგით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ავტონომიური გათბობისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე, სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ზ) ექსპლუატაციაში მყოფი საკუთარი და იჯარით აღებული შენობების სათანადო ტექნიკური დონის უზრუნველყოფა და კონტროლი;
თ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება;
მ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ნ) წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მოხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით, დეპარტამენტის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველო
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 10🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე
1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, მინისტრის გადაწყვეტილებით.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე, მინისტრის გადაწყვეტილებით.