ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2015 წლის 30 იანვარი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
განკარგვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 119-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ’’ მე-5 და მე-13 მუხლების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების განკარგვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ შესაბამისად და განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ქობულეთის მუნიციპალიტეტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქობულეთის მუნიციპალიტეტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის გამოცხადების/ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სააუქციონო კომისია.
2. სააუქციონო კომისია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების,
სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ინფორმაციას აქვეყნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს;
კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს;
კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
6. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) იმ იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;
გ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, საწარმოში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;
ე) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
თ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ი) მართვის უფლებით გადაცემის პირობებს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) ბიჯის სიდიდეს;
ლ) მართვის უფლებით გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და მისამართს;
მ) მართვის უფლებით გადაცემის ვადას;
ნ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მართვის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებ-გვერდზე - www.eauction.ge - დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ბეს თანხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება.
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/ გაააქტიუროს ან/და ბე უნდაგადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალკ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნას საპრივატიზებო, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად, მოსარგებლედ, მართვის უფლებით მიმღებად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge), ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად /სარგებლობაში/ მართვის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეულ იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებულ იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებულ იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს, გაააქტიუროს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების თარიღი, თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში - საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც გააქტიურების (ელექტრონულად), ასევე წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.