ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "მშენებელი ხულო"-ს გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2113
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 21 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – შპს ,,მშენებელი ხულო’’
(საიდენტიფიკაციო კოდი – 248048027)
დირექტორი – ოთარ აბულაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მშენებელი ხულოს’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,მშენებელი ხულოს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ოთარ აბულაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 18 952,25 ლარის ოდენობით, მათ შორის 16 224,25 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას. საზოგადოებას უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება. მოვალის ბალანსზეა 18 დასახელების ძირითადი საშუალება ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 1653,71 ლარი, რომელთაგან 14 ერთეულის დანაკლისის შესახებ საქმე რეაგირებისათვის გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებში. საზოგადოებას ბალანსზე ერიცხება 8 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი ერთეული (ა/მანქანა მმზ-4502, სახ. ნომრით GBB-824) მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია საზოგადეობის საკუთრებად, 1 ერთეული (ზილ 131 სახ. ნომრით გრდ-7956) მიბარებულია პასუხისგმებელ პირზე, 6 ერთეულის შესახებ მასალები გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე. ასევე ბალანსზე ერიცხება 5 დასახელების სასაქონლო მატერიალური მარაგი საბალანსო ღირებულებით 887,4 ლარი, აღნიშნული ქონება კომპანიას სახეზე არ გააჩნია, რაზეც ასევე ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. შპს ,,მშენებელი ხულოს’’ საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბაკში’’, სადაც თანხა არ ერიცხება. საზოგადოებას დებიტორული დავალიანება არ გააჩნია.
განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,მშენებელი ხულოს’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი ხულოს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,მშენებელი ხულოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 16 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მშენებელი ხულო’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,მშენებელი ხულოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მშენებელი ხულო’’ (ს/ნ 248048027) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მშენებელი ხულოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე