თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს ”მონოლითი ოცდამეერთე” -ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/20712-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „მონოლითი ოცდამეერთე” (ს/კ 205238189)
წარმომადგენელი: ზვიად გადელია
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „მონოლითი ოცდამეერთე” დირექტორმა _ ზვიად გადელიამ და ითხოვა შპს ”მონოლითი ოცდამეერთეს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 1 398 887,78 (მილიონ სამას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაშვიდი მთელი სამოცდათვრამეტი მეასედი) ლარს. ორგანიზაციას არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის
შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 23 დეკემბერს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2014 წლის 24 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. აღნიშნული კი საფუძველია შპს „მონოლითი იცდამეერთეს” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7-8, მე-19-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მონოლითი ოცდამეერთე” (ს/კ 202886859) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. მოვალე შპს „მონოლითი ოცდამეერთეს” (ს/კ 202886859) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე