ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2015
ძალის დაკარგვა 17.04.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის N8 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
- ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.07.2015
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2015 წლის 6 თებერვალი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა
და ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული
მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი“ დანართი N2 -ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
2. წინამდებარე წესის მიღების მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების დადგენა და ნორმალიზება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული: ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება ან/და ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, გეგმარებითი ზონა, სხვა ტერიტორიული ერთეული, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, პანთეონი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები;
ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების გადარქმევა;
გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – გეოგრაფიული ობიექტისთვის ფართოდ გავრცელებული სახელწოდების შერჩევა, გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და მუნიციპალიტეტის ტრადიციების მიხედვით;
დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა, აეროპორტი, აეროდრომი;
ე) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
ვ) დუბლირება – ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;
ზ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, საერო ან სასულიერო პირი.
მუხლი 3🔗.
სახელდების პრინციპები
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ბ) ქვეყნის და ვანის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა,
მემკვიდრეობითობა;
გ) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქ გეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
ვ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელწოდებები ენიჭება:
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას (მაგ.: კორნელი კეკელიძის ქუჩა), მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 26 მაისის ქუჩა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ.: თავისუფლების მოედანი), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას (მაგ.: იმერეთის ქუჩა) და სხვა.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ერთნაირ გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე არასახელმწიფო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში არასახელმწიფო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით).
6. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს, როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე რეგიონის ისტორიულ - კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა შეესაბამებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან მეტი სიტყვისგან.
7. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველად აღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი.
8. გეოგრაფიული ობიექტისთვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ - კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;
გ) მიიღწევა სახელწოდების დუბლირების თავიდან აცილება;
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი მშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლას ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 10 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი ქვეყნის განვითარებაში.
2. გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებულ სახელდებისას მათი სახელ-გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ.: სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნებების ინიციალების გამოყენება (მაგ.: „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობითი რიცხვითი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ. ,,მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5. თუ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანამიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ.: ,,მეფე დემეტრე თავდადებული’’).
6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ: „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ.: ,,9 აპრილის ქუჩა’’).
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, თუ გასასვლელი (მაგ: ახვლედიანის ქუჩის II ჩიხი), ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურ ენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
9. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
10. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
11. გეოგრაფიული ობიექტების არსებულ სახელწოდებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და ნორმალიზებისთვის გამოიყენება ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური, წერილობითი, საისტორიო და სხვა ლიტერატურა.
12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტში ჩამოთვლილი წყაროები არ იძლევა საჭირო ცნობებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა გამოვლენა და დადგენა უნდა მოხდეს ადგილობრივ მცხოვრებთა, მხარეთმცოდნეთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გამოკითხვის მეშვეობით.
13. გეოგრაფიული ობიექტების არსებული სახელწოდებების დადგენისა და მათი ტრანსლიტერაციის წესს განსაზღვრავს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებაზე ინიციირება
1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, საკრებულოს ფრაქციამ, საკრებულოს კომისიამ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განცხადების ავტორის აზრით თუ რომელ გეოგრაფიულ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, საერთო კრების გადაწყვეტილება და ა.შ.)
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო გეოგრაფიული ობიექტის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება.
მუხლი 8🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის მომზადება
1. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით განცხადებას შეისწავლის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომში - საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. საკრებულოს კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
5. საკრებულოს კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
6. საკრებულოს კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
7. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში განცხადების ავტორს ეცნობება სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
8. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ განცხადების ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამთავრობო კომისიას (შემდგომში - სამთავრობო კომისია).
9. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ განცხადების ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
მუხლი 9🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსთვის თანხმობის მიცემის (დადებითი დასკვნის) შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ განცხადების ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი და სამთავრობო კომისიის თანხმობა) წარედგინება საკრებულოს ბიუროს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შეტანასთან დაკავშირებით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას (განკარგულებას) იღებს საკრებულო, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
4. ვანის მუნიციპალიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს განკარგულებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
მუხლი 10🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აკონტროლებს სამთავრობო კომისია.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
2. წინამდებარე წესის მიღების მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის მოწესრიგება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
ბ) ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია - დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.
გ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია;
დ) კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
ე) შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
ვ) ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში.
მუხლი 3🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციასთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ქუჩის (ხეივნის, შესახვევის, ჩიხის, მოედნის, სკვერის, მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს და ბინის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის) რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას - რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ უნდა დაერთოს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის“ მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის“ მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს, არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მუხლი 4🔗.
ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, სკვერების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის საფუძველი
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, სკვერების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ან/და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების ან/და მიწის ნაკვეთების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის ან/და მიწის ნაკვეთებისათვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ან/და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 5🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 6🔗.
ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია
1. ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, სკვერების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
3. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 25-ა, 25-ბ და ა.შ.);
4. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.
5. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, სკვერის, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია.
მუხლი 7🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი და უფლებამოსილი ორგანოები
1. გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის პროექტის გათვალისწინებით, იღებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. განცხადებას ქუჩების, მოედნების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს ბრძანების პროექტს ნუმერაციის თაობაზე.
3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წესის მართებულად გამოყენებას აკონტროლებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.