საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.02.2015
ძალაში შესვლა 13.02.2015
ძალის დაკარგვა 31.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე | თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№3
2015 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 13 თებერვლიდან.თავდაცვის მინისტრიმინდია ჯანელიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
დებულება
მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სტატუსი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში - გენერალური ინსპექცია) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში - კანონმდებლობა) დადგენილი წესით.
2. გენერალური ინსპექცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. გენერალური ინსპექციის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელების საფუძვლებია კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპები.
4. გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. გენერალური ინსპექცია ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
6. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, ემბლემა, შტამპი და ბლანკი.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ამოცანები
გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების (შემდგომში - შემოწმების სუბიექტი) სამსახურებრივი შემოწმება, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა;
ბ) შემოწმების სუბიექტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი;
გ) შემოწმების სუბიექტის ინსპექტირება;
დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) შემოწმების სუბიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების/დაცვის კონტროლი.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის კომპეტენცია
1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის (მათ შორის, უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფის დაცვა) მიღწევის უზრუნველსაყოფად;
ბ) გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე;
გ) შემოწმების სუბიექტის ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების დაგეგმვა/განხორციელება, სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების დასკვნის შედგენა;
დ) შემოწმების სუბიექტის მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება, რეკომენდაციების/წინადადებების წარდგენა მინისტრისათვის ან/და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა შემოწმების სუბიექტისათვის ან/და მოსამსახურისათვის;
ვ) კანონმდებლობის დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირისათვის რეკომენდაციების/წინადადებების წარდგენა;
ზ) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის განხორციელების მიზნით სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, პროკურატურასთან, ადმინისტრაციულ დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, ოპერატიული აღრიცხვიანობა და ოპერატიული არქივის წარმოება;
ი) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოძიება (მათ შორის, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით);
კ) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების განხილვა.
2. გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში - დანაყოფი):
ა) ოპერატიული მთავარი სამმართველო;
ბ) ინსპექტირების მთავარი სამმართველო;
გ) საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო);
დ) ანალიტიკური სამმართველო;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.
2. ოპერატიული მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) I სამმართველო;
ბ) II სამმართველო.
3. ინსპექტირების მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველო.
4. ანალიტიკური სამმართველო შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება;
ბ) ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის განყოფილება.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოხელეები
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის ამოცანას და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, ამტკიცებს სამსახურებრივი შემოწმების და ინსპექტირების წლიურ გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმიური სამსახურებრივი შემოწმების და ინსპექტირების თაობაზე;
დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს და ამტკიცებს დასკვნებს;
ე) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის მუშაობის წარმართვისათვის;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოხელეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ზ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესასრულებლად საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე;
თ) მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ, ხოლო მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებაზე;
კ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
4. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
6. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
7. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფს, გასცემს მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) ითანხმებს საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის მუშაობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;
დ) ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე;
ე) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
8. დანაყოფს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) წარმოადგენს დანაყოფს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) გეგმავს დანაყოფის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური ინსპექციის უფროსთან ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით;
დ) ხელს აწერს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია დანაყოფის საქმიანობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ყოველწლიურ, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს დანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებას.
9. დანაყოფის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
10. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
11. გენერალურ ინსპექციას ჰყავს მოხელეები საშტატო ნუსხის შესაბამისად.
12. კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის, კურატორი მოადგილის, დანაყოფის, ქვედანაყოფის უფროსის, აგრეთვე მათი მოადგილეების წინაშე.
13. მოხელე პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებამოსილების (უფლებები/ მოვალეობები) განხორციელებაზე.
მუხლი 6🔗. ოპერატიული მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
1. ოპერატიული მთავარი სამმართველო:
ა) გეგმვას/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრობო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის (მათ შორის, უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფის დაცვა) მიღწევის უზრუნველსაყოფად;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას) მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენციას წერილობით ანაწილებს ამ დანაყოფში შემავალ ქვედანაყოფებს შორის.
მუხლი 7🔗. ინსპექტირების მთავარი სამმართველო
1. ინსპექტირების მთავარი სამმართველო:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემოწმების სუბიექტის ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას შესაბამისი წლიური გეგმის საფუძველზე ან არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, შემოწმების სუბიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების მიზნით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს შემოწმების სუბიექტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივ შემოწმებას მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისწავლის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად;
დ) ინსპექტირების და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის დასკვნებს, აგრეთვე რეკომენდაციებს/წინადადებებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), აგრეთვე განსაზღვრავს შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას), რაც საჭიროა ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განსახორციელებლად.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენციას წერილობით ანაწილებს ამ დანაყოფში შემავალ ქვედანაყოფებს შორის.
3. სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების შემოწმების სუბიექტი, საგანი და ვადა განისაზღვრება:
ა) სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების წლიური გეგმებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არაგეგმიური სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების საჭიროებისას.
4. სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩამტარებელი ადგენს დასკვნას, რომელიც შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან:
ა) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩამტარებელი მოსამსახურეების ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა), შემოწმების სუბიექტი, შემოწმების საგანი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;
ბ) აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება დასკვნა, მოსაზრებები, რომლებითაც დასკვნის შემდგენი უარყოფს/ადასტურებს ამა თუ იმ მტკიცებულებას;
გ) სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც დასკვნის შემდგენი ხელმძღვანელობდა;
დ) სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს საბოლოო დასკვნას სამართალდარღვევის არსებობის ან არარსებობის თაობაზე.
5. სამსახურებრივი შემოწმება ან ინსპექტირება ტარდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო)
საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო) ახორციელებს გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დანაშაულის გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე.
მუხლი 9🔗. ანალიტიკური სამმართველო
1. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მისი საქმიანობის შედეგების ანალიტიკურ დამუშავებას;
ბ) გენერალური ინსპექციის წლიური და მიმდინარე განზოგადებული ანგარიშების შედგენას;
გ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა, ხოლო საჭიროებისას დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში);
დ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთობას;
ე) ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;
ვ) ოპერატიულ არქივს.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენციას წერილობით ანაწილებს ამ დანაყოფში შემავალ ქვედანაყოფებს შორის.
მუხლი 10🔗. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) გენერალურ ინსპექციაში შემოსული და გენერალური ინსპექციიდან გასული კორესპოდენციის შესრულების მონიტორინგს;
გ) გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელის შემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას.