საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2015
ძალაში შესვლა 13.02.2015
ძალის დაკარგვა 16.08.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №103
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,289 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2015 მიღება
13.02.2015 ძალაში შესვლა
16.08.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №103 2015 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“, „ნ“ და „ფ.ა“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 13 თებერვლიდან.შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება  თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს სამინისტროში მოქმედი შესაბამისი წოდება. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს. დეპარტამენტს აქვს სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული სახაზინო კოდი, ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები 1.  თავის საქმიანობაში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2.  დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული პროგრამებისა და გეგმების საფუძველზე. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კანონით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების, სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა; ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება, დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და დანაშაულის გახსნა; დ) დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა; ე) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოპერატიული და სხვა დანაყოფების წინაშე მდგარი ამოცანებისა და პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა და  მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების/დავალებების მიცემა; ზ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოპერატიული და სხვა დანაყოფების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ანალიზი; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ი) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო, სპეციალური ღონისძიებების განხორციელება და კანონით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება; კ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და სხვა ოპერატიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა განზოგადება და ცალკეულ დანაშაულთა დინამიკის კვლევა/ანალიზი; ლ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; მ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე თანამშრომლობა საქართველოსა და უცხო ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და რეალიზაციის მიზნით; ნ) თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ო) ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა; პ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ჟ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა მიმართ დაცვის კონკრეტული ღონისძიებების შერჩევა და განხორციელება; რ) დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ძალით უზრუნველყოფა; ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია  დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) იმ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება დეპარტამენტის უფლებამოსილებას; ბ) დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება ან მათში მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოძიების განხორციელება; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციაში შემავალი ამოცანების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია; ი) საქართველოს  კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება და მათთან ღია და ფარული ურთიერთობების დამყარება; კ) საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვადასხვა ოპერატიული დაშიფვრის დოკუმენტების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნების, აგრეთვე ამოსაცნობი ნიშნების გამოყენება; მ) მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობის ან მინისტრის/კურატორი მინისტის მოადგილის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები მუხლი 5🔗. დეპარტამენტის დირექტორი  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2.  დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და გეგმებს; ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით  იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; კ) მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ნ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული აქვთ საკურატორო მიმართულებები. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო; ბ) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო; გ) ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; დ) საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო); ე) სპეციალურ დავალებათა სამმართველო; ვ) სპეციალური ღონისძიებების სამმართველო; ზ) რეგიონალური სამმართველოები: ზ.ა) აჭარის ა/რ სამმართველო; ზ.ბ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო; ზ.გ) იმერეთის სამხარეო სამმართველო; ზ.დ) შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო; ზ.ე) ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო; ზ.ვ) კახეთის სამხარეო სამმართველო; თ) საერთო განყოფილება (კანცელარია). თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები მუხლი 7🔗. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენას, გახსნას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ბ) მონაწილეობს საქართველოს მიერ უცხო ქვეყნებთან  ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას, შენახვას და შესაბამისი კომისიისათვის გასანადგურებლად წარდგენას; დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა შორის ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას. მუხლი 8🔗. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო: ა) ახორციელებს დანაშაულებრივ-ორგანიზებული ჯგუფის, მისი ლიდერის, წევრებისა და ამავე ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირთა საქმიანობის ოპერატიულ კონტროლს; ბ) ახორციელებს რეზონანსული და მაღალი ინტერესების მქონე დანაშაულების, ძალადობრივი დანაშაულის, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის და საერთაშორისო დანაშაულის გამოვლენას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ამ მიზნით ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება დეპარტამენტის უფლებამოსილებას; გ) უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა გამოვლენასთან, თავიდან აცილებასა და აღკვეთასთან დაკავშირებით განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; პროკურორის დავალებით ან მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აღნიშნულ დანაშაულთა გამოვლენას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; დ) ახორციელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ფარგლებში; ე) ახორციელებს იმ დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენას, რომლებიც ეწევიან ადამიანებით ვაჭრობას; ვ) ახორციელებს იმ მეთოდების, გზებისა და საშუალებების ოპერატიულ შესწავლა-განზოგადებას, რომელთა გამოყენებითაც დანაშაულებრივი დაჯგუფებები ან ცალკეული პირები აწარმოებენ ადამიანებით ვაჭრობას; ზ) ახორციელებს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იმ პირთა ძებნასა და შესაბამის ორგანოებში წარდგენას, რომლებიც ემალებიან გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებენ სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს; უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნასა და ამოუცნობი გვამების დადგენას; სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში აღნიშნული ფუნქციების შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს; თ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კიბერდანაშაულის გამოძიებას. მუხლი 9🔗. ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ოპერატიული საქმიანობის კონტროლის, ანალიზისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო: ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიული საქმიანობის კონტროლს; ბ) ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის აღრიცხვასა და რეალიზაციის კონტროლს; გ) ზედამხედველობას უწევს სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების დეპარტამენტის პირად შემადგენლობამდე დაყვანას; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის ოპერატიული ქვედანაყოფების თანამშრომლების მიერ წარმოებული კონფიდენციალურ–ოპერატიული საქმიანობის შესაბამისობას ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან; ე) ამუშავებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონაცემებს; განაზოგადებს მათ ქვემდებარე დანაშაულთა გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მდგომარეობას; ამზადებს შესაბამის მასალას რეგისტრირებულ დანაშაულთა სტრუქტურისა და დინამიკის ძირითადი ტენდენციების შესახებ; ვ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს დეპარტამენტში შემავალ დანაყოფებს; ზ) შეისწავლის საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმას, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკასა და პრაქტიკას; განაზოგადებს და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს; თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს პრიორიტეტული მიმართულებების, გამოვლენილი ხარვეზების, გასატარებელი ღონისძიებებისა და საჭირო რეფორმების შესახებ; ი) განაზოგადებს დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ხელშემწყობი პირების საქმიანობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ახორციელებს საორგანიზაციო ღონისძიებებს მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფისათვის; კ) ახორციელებს დეპარტამენტის ამოცანებითა და კომპეტენციით განსაზღვრულ ანალიტიკურ საქმიანობას, აგრეთვე შესაბამისი ანალიტიკური და ოპერატიული ბაზების წარმოებას; ლ) დეპარტამენტის ამოცანებისა და კომპეტენციის შესაბამისად, მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა ოპერატიულ დანაყოფებს, უწევს მათ სათანადო რეკომენდაციებს; მ) საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას და სპეციალურ ღონისძიებებს; ნ) ახორციელებს დეპარტამენტის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებას; ო) აწესრიგებს დეპარტამენტის გამართული მუშაობისათვის საჭირო საკადრო და საორგანიზაციო საკითხებს; პ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას კანონმდებლობის შესაბამისად; ჟ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარდგენას; რ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირება) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტის დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტს); დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს; ს) ამზადებს და სსიპ - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს სტატისტიკურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ტ) სახელმწიფო შესყიდვების დამტკიცებული გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს; უ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს მიღებას; ფ) კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასა და ანგარიშგებას; ქ) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადაში წარადგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე); ღ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას; ყ) დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას; შ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას; ჩ) ახორციელებს ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორების (დებეტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაციას; ც) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას დეპარტამენტში არსებული ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის; ძ) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს; წ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს დეპარტამენტის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე; ჭ) აღრიცხავს დეპარტამენტის სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას; ხ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილები - გამოყოფილი ფართობები), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას; ჯ) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ახორციელებს მათ ტექნიკურ ზედამხედველობას; ჰ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად; ჰ​1) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, დეპარტამენტის თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას; ჰ​2) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას; ჰ​3) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას; ჰ​4) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისათვის. მუხლი 10🔗. საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის  (მთავარი სამმართველო) კომპეტენცია საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო): ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებითა და მეკავშირე ოფიცრებით; ბ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების აპარატის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფას; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად მონაწილეობას იღებს პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციაში; დ) მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში; ე) მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს მოსამსახურეების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო უზრუნველყოფას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოში უცხო ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და მათი სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციის ხელშეწყობას; ზ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების  კოორდინაციასა და მათ შესრულებაზე კონტროლს; თ) ახორციელებს საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში მოქმედ რეგიონულ და მრავალმხრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას, ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას, ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას,  სამინისტროს წარდგენას შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად; ი) ახორციელებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და კომპეტენციებს. მუხლი 11🔗. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს კომპეტენცია   1. სპეციალურ დავალებათა სამმართველო: ა) ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ სპეციალურ დავალებათა შესრულებას. 2. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა და საშტატო განრიგი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ  კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 3. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ  კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 12🔗. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს კომპეტენცია 1. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს კომპეტენციაა დამნაშავეთა წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენებით დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება. 2. სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დეპარტამენტის უფროსის მიერ დამტკიცებული საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად ვარჯიშების და წვრთნების ჩატარება; ბ) სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრთან შეთანხმებით მოსამსახურეთა გაგზავნა შესაბამისი მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე/კურსებზე; გ)  სპეციალური ღონისძიებების სამმართველოში სადღეღამისო განწესის დანიშვნა. მუხლი 13🔗. რეგიონალური სამმართველოები  რეგიონალური სამმართველოები იქმნება ტერიტორიული პრინციპით და უზრუნველყოფენ დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული ამოცანების და უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 14🔗. საერთო განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია საერთო განყოფილების კომპეტენციაა დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება.