⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016570
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,274 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2015 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №65 2015 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის  №93 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 4. დეპარტამენტის მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები დეპარტამენტის მიზანია  პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობა,   პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა და არსებული კადრების პროფესიული დონის ამაღლება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში - პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავება; ბ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით; გ) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა; საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი განახლების უზრუნველყოფა; დ) პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა; ე) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით; ვ) პროკურატურის მუშაკთა  პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესატყვისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება; თ) სამუშაო პირობების შესახებ პროკურატურის მუშაკთა აზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი; ი) პროკურატურის მუშაკთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება; კ) პროკურატურაში შეფასების სისტემის დანერგვა; ლ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა; მ) მთავარი პროკურორისა და შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია; ნ) პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; პ) შრომითი ხელშეკრულებების დადება; ჟ) პროკურატურის წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით; რ) პროკურატურის სისტემაში სამოქალაქო თავდაცვასა და სამობილიზაციო საქმიანობაზე კონტროლი. 2. დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, თანამშრომლობს მთავარი პროკურატურისა და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო; ბ) პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო). 2. ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას, რაშიც მას საჭიროებისამებრ დახმარებას უწევს პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო); ბ) პროკურატურის სტაჟიორთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას და მართვას; გ) სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას; დ) პროკურატურის სისტემის მუშაკთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას; ე) პროკურატურის სისტემის მუშაკთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას და სოციალური საკითხების გადაწყვეტას; ვ) პროკურატურის სისტემის მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას; ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცნობების გაცემას. 3. პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს: ა) პროკურატურის სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) პროკურატურის სისტემის მუშაკთა პროფესიული განვითარების საჭიროების განსაზღვრას და შესაბამისი პროგრამების განხორციელებას, მუშაკთა პროფესიული განვითარების ძირითადი საჭიროებების ანალიზს, განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; გ) სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათაშორისი კონფერენციების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას და ხელმძღვანელობას; დ) სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით თანამშრომლობას; ე) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას; ვ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას იურიდიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშესაწყობად; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში,  კონკურსების, ტრენინგების, ტესტირებების, საკვალიფიკაციო გამოცდებისა და ატესტაციის ორგანიზებას და ჩატარებას; თ) ელექტრონული ბიბლიოთეკის დანერგვას პროკურატურის სისტემის მუშაკებისათვის; ი) ტრენერთა შერჩევის, ტრეინინგის ექსპერტებისა და ტრენერ-ინსტრუქტორების მომზადების და გადამზადების პროცესების ორგანიზებას; კ) დამხმარე, მეთოდოლოგიური, სარეკომენდაციო დოკუმენტების შემუშავებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ცალკეული სტანდარტების შემუშავებას და განვითარებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრენინგების პროგრამასა და სტანდარტებს განსაზღვრავს მთავარი პროკურორი. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მუშაკთა შორის; გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრის) და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ვ) მთავარი პროკურორისა და შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ზ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი  ღონისძიებების შესახებ; თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; კ) მთავარი პროკურატურის შესაბამის მოადგილესთან შეთანხმებით, მთავარ პროკურორს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; მ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს; აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ნ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) დეპარტამენტის ამოცანებისა და პროექტების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით; ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ზ) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; თ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; კ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ლ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა შესრულებას; ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ზ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. დეპარტამენტის მუშაკები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის პროკურორი; ბ)  დეპარტამენტის მრჩეველი; გ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მუშაკს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.