საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.016573
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.09.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№68
2015 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის №157 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს მთავარ პროკურატურას (შემდგომში - მთავარი პროკურატურა).
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
4. დეპარტამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის სხვა ორგანოებთან და მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის მიზნები
დეპარტამენტის მიზანია საპროკურორო საქმიანობის ეფექტურობისა და პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში;
ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება;
დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ე) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით;
ვ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია;
ზ) დანაშაულის ანალიზი;
თ) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;
ი) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
კ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით;
ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
მ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
ნ) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მთავარი პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე;
პ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;
გ) ანალიტიკური სამმართველო;
დ) სტრატეგიული განვითარების სამმართველო.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) საპროკურორო საქმიანობის შეფასებას სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლისა და სასამართლო სხდომების მონიტორინგის გზით;
ბ) საპროკურორო დოკუმენტების შესწავლას, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენას და წინადადებების შემუშავებას საპროკურორო საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას და ინფორმაციის მიწოდებას ანალიტიკური სამმართველოსთვის;
დ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღებას;
ე) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის გამოყენებაზე და მათ მიწოდებას პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფებისათვის;
ზ) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
თ) წინადადებების მომზადებას რეგიონის (რაიონის) კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით;
ი) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით;
კ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს.
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებთან მიმართებაში.
4. ანალიტიკური სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;
ბ) დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად წინადადებების შემუშავებას;
გ) დაზარალებულთა საჭიროებების ანალიზს;
დ) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებას;
ე) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობას;
ვ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში და რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლას და ანალიზის მომზადებას;
ზ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების ინიციირებას და მათი ჩატარების ორგანიზებას;
თ) პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების მიერ ანალიტიკური სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდების მონიტორინგს;
ი) სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საკანონმდებლო წინადადებებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობას და ამ მიმართულებით სხვა უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
კ) საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის ანალიზს და პროკურატურის მუშაკებისათვის მათ მიწოდებას;
ლ) საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ პროკურატურის მუშაკების ინფორმირებას;
მ) საპროკურორო საქმიანობასთან დაკავშირებული თემატური სახელმძღვანელოების მომზადებას და პროკურატურის მუშაკებისათვის მიწოდებას;
ნ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პროექტების ინიციირებას და იმპლემენტაციას;
ო) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
პ) წინადადებების მომზადებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ანალიტიკური მოდულის დახვეწის მიზნით;
ჟ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაციას.
5. სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მათი შესრულების პერიოდულ მონიტორინგს;
ბ) პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (მათ შორის, სამოქმედო გეგმების და საერთაშორისო ვალდებულებების) შესრულების მიზნით პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა და რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზს;
დ) საერთაშორისო სტანდარტებთან შიდა კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადი პრინციპების შემუშავებას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობას;
ე) პროკურატურის განვითარების უზრუნველსაყოფად უცხოური პრაქტიკის შესწავლას;
ვ) დანაშაულის პრევენციის მიზნით უცხოური პრაქტიკის შესწავლას და განზოგადებას;
ზ) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, პროკურატურის საქმიანობის მონიტორინგს;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაციას.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში - იუსტიციის მინისტრი) და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) მთავარ პროკურორს და შესაბამის მოადგილეს მიმართავს წინადადებით დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას მიმართავს წინადადებით პროკურატურის მუშაკთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
მ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) დეპარტამენტის უფროსს მიმართავს წინადადებით დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) დეპარტამენტის ამოცანების შესრულების თაობაზე თავის დასკვნას წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ვ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ზ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ი) ასრულებს მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
კ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურორის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს ცალკეული დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ზ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
თ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის მუშაკები
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) სამმართველოს მრჩევლები;
დ) მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;
ე) მრჩეველი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
ვ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მუშაკებს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავარი პროკურორი.
3. დეპარტამენტის მუშაკების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.