⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016569
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,027 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2015 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №64 2015 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის №182  ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი. 2. თავის საქმიანობაში საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში - მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანები საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია: ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან, მათ შორის, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის  უზრუნველყოფა; დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ე) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; ვ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ზ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თ) ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;  ი) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; კ) კორუფციასთან და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტური ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  ლ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 3🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სტრუქტურა 1. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებია: ა)  საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველო; ბ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველო; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო; დ) საქმისწარმოების, ანალიზისა  და კონტროლის განყოფილება. 2. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია: ა) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ბ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; დ) ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ე)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; ვ) საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 3. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველოს ამოცანებია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​1, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე, 337-341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება; ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში  სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ე)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით; ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე; თ)  აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა; კ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსთან შეთანხმებით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ლ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ამოცანებია: ა) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების გამოვლენა; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის შესახებ შეტყობინებების განხილვა, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების სისწორის შემოწმება და კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყება, წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დანაშაულის ჩადენაში მხილებულ პირთა მიმართ; დ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით; ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე; ვ)  აღნიშნულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ზ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა; თ) ქვეყანაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსთან შეთანხმებით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება. 5. საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის  განყოფილების ამოცანებია: საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის  სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით,  შესაბამისი  საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო  პრაქტიკის  კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა, საქმისწარმოების ორგანიზება, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული (ამოღება, დათვალიერება, წარმოდგენა და სხვ.) ნივთების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების აღრიცხვა სისტემატიზაცია, შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების, სისტემატიზაცია, კომპიუტერიზაცია და დაარქივება. საქმისწარმოების, კვლევისა და ანალიზის პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. მუხლი 4🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსი 1. საგამოძიებო ნაწილს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; გ) აუქმებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის (ან უფლებამოსილი მოადგილის) დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას; ე) ანაწილებს მოვალეობებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ვ) ახორციელებს კონტროლს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; ზ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)   მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ხელს აწერს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) მომზადებულ დოკუმენტებს; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) პასუხისმგებელია საგამოძიებო ნაწილზე (დეპარტამენტი) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  უფროსის მოადგილეები 1. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. 3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  უფროსის მოადგილეები: ა) მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევენ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ბ) გამოითხოვენ საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს; გ) იძლევიან წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე; დ) მონაწილეობენ გამოძიების წარმოებაში; აუცილებლობის შემთხვევაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს; ე) მთავარი პროკურორის (ან უფლებამოსილი მოადგილის) დავალებით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; ვ) აუქმებენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზე; ზ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსთან შეთანხმებით მთავარი პროკურორის წინაშე აყენებენ საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; თ) ხელს აწერენ საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი)  მომზადებულ დოკუმენტებს; ი) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი 1.  სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის,  საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსისა და  მისი მოადგილის დავალებების შესრულებას; ე) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების უფროსი 1. საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილებას ხელმძღვანელობს საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების უფროსი (შემდგომში - განყოფილების უფროსი), რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მუშაკთა მხრივ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეების დავალებების შესრულებას; ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. მუხლი 8🔗.  საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები და მათი უფლებამოსილებები 1. საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები; ბ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს  უფროსი პროკურორები და პროკურორები; დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ე) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ვ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ზ) საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების მრჩევლები; თ) საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების სპეციალისტი. 2. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შესული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში,  როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობას და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; ე) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტური კოორდინაციის მიზნით; ვ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს. 3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 4. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან მთავარი პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომლები. 5. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის ან საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის (მასთან შეთანხმებით – მისი მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. 6. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და იღებენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ მთავარ პროკურორს, მის მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  უფროსს და მის მოადგილეებს. 7. საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების მრჩევლები უზრუნველყოფენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევასა და ანალიზს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით. 8. საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილების სპეციალისტი უზრუნველყოფს საქმისწარმოების, ანალიზისა და კონტროლის განყოფილებაში საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი)  შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, აგრეთვე - საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული (ამოღება, დათვალიერება, წარმოდგენა და სხვა) ნივთების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას.