აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "მარშე"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13642-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
2015 წლის 12 თებერვალი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მარშეს”(ს/კ 245587011) გადახდისუუნარობის საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლო მოვალე შპს „მარშეს”მიმართ აწარმოებს გადახდისუუნარობის საქმეს. მითითებულ საქმესთან დაკავშირებით 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში 2015 წლის 11 თებერვლისათვის მოწვეულ იქნა სხდომა შემდეგი დღის წესრიგით: ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ)მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა. კრედიტორთა კრებამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი და მეორე საკითხი, ხოლო რაც შეეხება მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრას, კრედიტორებმა და მოვალემ იშუამდგომლეს მითითებული საკითხის სხვა დროისათვის განხილვა იმ საფუძვლით, რომ არ ჰყავდათ შერჩეული კანდიდატები. ამ მიზეზით 11 თებერვლის სხდომაზე შეუძლებელი გახდა მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
აღნიშნული გარემოებებისა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და 32-ე მუხლებით განპირობებული იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ კრედიტორთა კრების ფარგლებში უნდა მოხდეს მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნოს სხდომა მომრიგებელთა საბჭოს შემადგენლობის დასადგენად.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7-8, მე-17, 25-27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით შპს „მარშეს”
(ს/კ 245587011) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხდომა.
2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 20 თებერვალი, 1000 (ათი) საათი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6, სხდომის დარბაზი №23).
3. განემარტოთ მოვალეს და კრედიტორებს მომრიგებელი საბჭოს შექმნის წესი და პროცედურა – მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმების უბრალო უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ გამწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით. თუ მომრიგებლები ვერ შეთანხმდებიან მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის დანიშვნის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე. მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება შესაბამისად დანიშნონ და აირჩიონ ნებისმიერი ქმედუნარიანი, მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
4. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ არაუგვიანეს 2015 წლის 16 თებერვლისა. ამასთან, სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე