სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 18.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018444
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №59
2015 წლის 13 თებერვალი
ქ.თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტისა და „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში – შემსყიდველი) მიერ საქონლისა და მომსახურების (გარდა, შემდეგი საქონლისა და მომსახურებისა: კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდული ობიექტები, საოფისე აღჭურვილობა, საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები, ნაბეჭდი პროდუქცია, ჰიგიენის საშუალებები, გასანათებელი მოწყობილობები და ელექტროსაქონელი, მობილური ტელეფონები, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები, ავტომანქანები და მათი სათადარიგო ნაწილები, დაცვის სისტემები, ავეჯი და ავეჯის აქსესუარები, სამეურნეო საქონელი, ავტოტექმომსახურება, დაცვის მომსახურება, საოფისე ტექნიკის შეკეთების მომსახურება, ინტერნეტმომსახურება, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურება, ადმინისტრაციული მომსახურება, საკაბელო მომსახურება, პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურება, წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება) შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია:
ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.
3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსქტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. სს „საპარტნიორო ფონდს“ უფლება აქვს, ისარგებლოს კონსოლიდირებული ტენდერით საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების ფარგლებში.
მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული ამ წესით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) ხელმძღვანელი - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
გ) გადაუდებელი აუცილებლობა - ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ინტერესს ან ქონებას;
დ) მრავალწლიანი შესყიდვა - შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) თვეზე მეტი ვადით.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე, საზოგადოებრივი და შემსყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე;
გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არა უგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს. ამასთან, ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ არის ვალდებული, შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, მონაწილე პირებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად.
2. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი წლის გეგმაში.
3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში.
4. შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველის ხელმძღვანელი.
მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული პროცედურის საშუალებით, თუ ამ მუხლით შესყიდვის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკებით არ არის გათვალისწინებული.
2. ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში;
ბ) ბიზნეს ინსტერესებიდან გამომდინარე შესყიდვის მიზანშეწონილობა, თუ ხორციელდება მომსახურების შესყიდვა;
გ) სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითება, რომ შესყიდვა უნდა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით, შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული პროცედურის მეშვეობით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი პირობა, რომელიც ითვალისწინებს შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი.