„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.03.2015
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 300050000.19.012.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი მიხეილ როინიშვილი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№12
2015 წლის 11 მარტი
ქ.თბილისი
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა, 2015 წლის 1 მაისამდე:
ა) უზრუნველყონ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყონ „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციების შემუშავება.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას გაივლიან ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ:
ა) რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში უზრუნველყონ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) ორი თვის ვადაში უზრუნველყონ „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციების შემუშავება.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დებულება
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერებზე, გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა, რომლებიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცემენ მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.
3. დებულება აწესრიგებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კლიენტების და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.
მუხლი 2🔗.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერი;
ე) ელექტრონული ფულის პროვაიდერი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უშვებს ელექტრონულ ფულს;
ვ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ზ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
თ) მონიტორინგი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ, აგრეთვე ოპერაციების (გარიგებების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
ი) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერის თანამშრომელი, რომელსაც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ითვლება ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
კ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
ლ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
მ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ნ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ო) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
პ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;
ჟ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
რ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ს) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ტ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
უ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ფ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ქ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი;
ღ) გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიცირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია;
ყ) საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადი - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის გადასახადი.
მუხლი 3🔗.
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები (გარიგებები)
1. ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება კლიენტის მიერ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო გადახდის ოპერაცია (გარიგება) (გარდა, საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადის გადახდისა და ბიუჯეტში გადახდებისა) ან/და გადახდის ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა (გარიგებების) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში;
ბ) ოპერაცია (გარიგება) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლში მითითებული ოპერაციების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის ოპერაცია (გარიგება), მიუხედავად თანხის ოდენობისა, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ოპერაციისთვის (გარიგებისთვის) გამოყენებული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი გარემოება, რომელიც სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საყურადღებო ან საეჭვო ზონაში თანხის გადარიცხვას ან/და საყურადღებო ან საეჭვო ზონიდან თანხის მიღებას და უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან, განახორციელონ რისკის შესაბამისი, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.
5. საეჭვო და დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).
მუხლი 4🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, განახორციელოს შიდა კონტროლი.
2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულია:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ ოპერაცია სრულდება (გარიგება იდება) მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია;
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;
დ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა;
ე) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
ვ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების შესაბამისი ფორმით.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კლიენტების, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის (მათ შორის გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები), აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი;
ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
გ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი;
დ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები;
ე) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ვ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ზ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.
მუხლი 5🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისთვის აუცილებელი პირობები (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვ.);
ბ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება (მათ შორის, ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანგარიშგების ფორმის შედგენა და სამსახურისთვის წარდგენა);
გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმის შემთხვევაში მისი ხელმოწერის) უფლებამოსილების მინიჭების საკითხები;
დ) უზრუნველყოს მონიტორინგის წარმართვა იმგვარად, რომ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კლიენტებისთვის (მათი წარმომადგენლებისთვის) არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს (მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან მიმართებაში);
ე) უზრუნველყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის თანამშრომლების შესაბამისი მომზადება (სწავლება).
მუხლი 6🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას, ვალდებულია, მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
გ) ოპერაცია (გარიგება) არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
5. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების (საგადახდო ოპერაციის) განხორციელებამდე, ხოლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ურთიერთობების შესწავლა.
7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ასახოს საგადახდო ოპერაციის ელექტრონულ დოკუმენტში (ელექტრონულ შეტყობინებაში).
10. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას სავალდებულოა გადამხდელის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა:
ა) სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი);
ბ) ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
გ) მისამართი (მისამართი შეიძლება შეიცვალოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით).
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები შეყვანილ უნდა იქნეს შესაბამისი საგადახდო სისტემის ელექტრონულ დოკუმენტში (ელექტრონულ შეტყობინებაში) იმგვარად, რომ გადახდის ოპერაციის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია გადაეცეს მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
12. თუ ტექნიკურად შეუძლებელია საგადახდო სისტემაში ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად ასახვა, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია.
13. დასაშვებია ადგილობრივი ფულადი გადარიცხვის ოპერაციების შესრულებისას მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვა. ამ შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადამხდელის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში), მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
14. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის, მიუხედავად საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კლიენტის ან/და მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა და მასთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია (დოკუმენტი), ამ დებულების მე-11 მუხლით დადგენილი წესით.
17. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე - აგრეთვე, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
18. იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურების შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე - შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებული ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე, სათავო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ საგადახდო ოპერაციაში (გარიგებაში);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული სახელწოდება;
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ საგადახდო ოპერაციაში (გარიგებაში).
19. საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
20. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან წარმოდგენილი ან არსებული დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, უნდა დაფიქსირდეს, აგრეთვე, კლიენტის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები.
21. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ოპერაცია (გარიგება) კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
22. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
23. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის 22–ე პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.
24. საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.
26. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტებზე/საშუალებებზე, საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადზე და ბიუჯეტში გადახდებზე.
მუხლი 7🔗.
იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია, იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:
ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;
ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;
გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;
დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;
ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;
ვ) მიიღოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;
ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, ამ დებულების მე-6 მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:
ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;
ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-6 მუხლის 21-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;
დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
4. ამ დებულების მე-6 მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დადგენის, აგრეთვე, კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.
5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.
მუხლი 8🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე, საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 9🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) კლიენტისა და ოპერაციის (გარიგების) შესახებ.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი;
ბ) ოპერაციის განხორციელების (გარიგების დადების) თარიღი და ადგილი, აგრეთვე ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც უნდა შესრულდეს ოპერაცია (გარიგება);
გ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება ოპერაცია (გარიგება);
ე) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც მესამე პირის დავალებით ასრულებს ოპერაციას (გარიგებას).
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტებზე/საშუალებებზე.
მუხლი 10🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ დებულების მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის, მიწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე–3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისთვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე, დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, (როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი) საგადახდო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს საგადახდო ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ასლები უნდა იყოს დამოწმებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხელმძღვანელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი, რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადამოწმებული მონაცემები.
4. 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება, აგრეთვე, ამ დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით). ამასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადაწყვეტილებით.
5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას (გარიგებას) და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს შენახული ინფორმაციისა და დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაცვა.
მუხლი 11🔗.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად წარუდგინოს სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.
2. სამსახურისათვის ცნობის წარდგენა გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ ოპერაციის (გარიგების) შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებ–პორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე;
გ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დასახელება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 და გრიფი „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების შემთხვევაში, მათი შევსებისა და ხელმოწერის) და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ის თანამშრომელი, რომელსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-10 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-10 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.
10. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიუთითოს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს).
11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ ოპერაციასთან (გარიგებასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შეიტყობს შესაბამის ოპერაციასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ოპერაციის (გარიგების) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს ან ნებისმიერ სხვა პირს.
მუხლი 12🔗.
სამსახურში საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა სამსახურს უნდა წარუდგინოს სათანადო აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებ-პორტალის მეშვეობით და შესაბამისი ვებგარსის გამოყენებით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში), საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წარუდგინოს სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗.
მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი