საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
მიღების თარიღი 10.02.2015
ძალაში შესვლა 10.02.2015
ძალის დაკარგვა 30.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/16
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით | უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი
ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო, შემდგომში მოხსენიებულნი როგორც ,,მხარეები”,
ითვალისწინებენ რა საერთო წარსულს და საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მეგობრობას,
სურთ რა, ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის წახალისება,
აღიარებენ რა, რომ სხვადასხვა დონეებზე ჭეშმარიტი და კონსტრუქციული დიალოგი, განსაკუთრებით ორმხრივი ურთიერთობების და იმ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთგაგების გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სამეცნიერო, კულტურის და თავდაცვის სფეროებში,
ითვალისწინებენ რა ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის კავშირების მნიშვნელობას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის, მათ შორის, 2014 წლის 27 ივნისს ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც ჩაანაცვლებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას, რომელთა მიზანია რეფორმების დაჩქარება, კანონმდებლობის დაახლოება და ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია,
ითვალისწინებენ რა საქართველოს ნატოს წევრობისკენ ძლიერ მისწრაფებას და მხედველობაში იღებენ რა ალიანსთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება,
სურთ რა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ასევე სხვა რანგის თანამდებობის პირები საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს შორის რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ძირითად საკითხებზე მეორე მხარის პოზიციის უკეთესად გაგების მიზნით.
მუხლი 2🔗
1. როგორც წესი, კონსულტაციები გაიმართება მონაცვლებით საქართველოსა და უნგრეთში. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთობლივად წყვეტენ კონსულტაციების გამართვის ადგილს, თარიღსა და განრიგს.
2. პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მიზნით, მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ და ასევე კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებზე.
3. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში, ასოცირების დღის წესრიგისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მხარდაჭერა:
- საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმებისთვის თანამშრომლობის სფეროში;
- საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის პროცესში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციისას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილებას ევროკავშირში;
- საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის პროცესში;
- ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და უნგრეთის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობისას;
- ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიზაციის სფეროებში უნგრეთის გამოცდილების გაზიარებისას;
- თემატური საკითხების და პროექტების იდენტიფიცირებისას, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარგი მმართველობა, ეკონომიკური ინტეგრაცია, ენერგოუსაფრთხოება და ხალხთა შორის კონტაქტები;
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე, ევროკომისიის საქართველოსათვის მხარდაჭერის კონსოლიდაციისას.
4. მხარეები, ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) დახმარების ერთიანი ჩარჩოსა(SSF) და ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის პროგრამების (TAIEX, TWINNING, SIGMA) მეშვეობით, ეტაპობრივად მოიძიებენ სახსრებს დაგეგმილი ღონისძიებებისათვის და მხარეებს, მრავალმხრივი პროექტების დაფინანსების მიზნით, ასევე, შეუძლიათ მიმართონ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
5. უნგრეთი გამოთქვამს მზადყოფნას, გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური დახმარების მეშვეობით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით.“;
6. მხარეები გამართავენ ინტენსიურ კონსულტაციებს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.
7. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს ორივე მხარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, გლობალურ გამოწვევებთან და პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ამ კონტექსტში კონსულტაციები გაიმართება გლობალური ფინანსურ კრიზისთან და მის შედეგებთან, კლიმატის ცვლილებებთან (კიოტის ოქმი) და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
8. მხარეები ერთმანეთს გაუწევენ კონსულტაციებს შესაძლებლობის და საჭიროების შესაბამისად, მათი საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივებთან დაკავშირებით, ასევე ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ საერთაშორისო საკითხებზე მათ პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე საქმიანობების თაობაზე. კონსულტაციები ასევე შესაძლოა ინიციირებული იქნეს ერთ-ერთი მხარისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
9. მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში ევოკავშირის განსაკუთრებულ როლთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობებთან მიმართებით და ევროკავშირის შემდგომ ჩართულობას არაღიარების პოლიტიკაში.
10. მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში საერთო ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით პოზიციების შეჯერებისთვის.
11. მხარეები ინარჩუნებენ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველო-უნგრთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში. მხარეები ასევე წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასთან, ინვესტიციასთან და ტურიმზთან დაკავშირებულ საქმიანობებს.
12. თუ საკითხი სხვაგვარად არ არის დარეგულირებული, კონსულტაციებში მონაწილეობისა და სასტუმროს სრული ხარჯები ანაზღაურდება გამგზავნი მხარის მიერ.
მუხლი 3🔗
1. საჭიროების შემთხვევაში, მხარეები განიხილავენ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში მათ წარმომადგენლობებს შორის რეგულარული კონტაქტების დამყარების საკითხს.
2. მხარეები ხელს შეუწყობენ ძირითადი კონტაქტების დამყარებას საგარეო პოლიტიკის კვლევის როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ცენტრებს შორის, ასევე იმ სახელმწიფო და კერძო ფონდებს, ორგანიზაციებს, სიმპოზიუმებს და ა.შ. შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ასეთ კვლევებში. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ კონტაქტების დამყარებას ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მკვლევარებს შორის.
მუხლი 4🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 5🔗
წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც აღნიშნული ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6🔗
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი დროის პერიოდით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ოქმი მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
3. ამ ოქმის ძალაში შესვლით ძალას კარგავს 2009 წლის 20 ოქტომბერს, ქ. ბუდაპეშტში ხელმოწერილი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
შესრულებულია ორ დედნად, ქ. ბუდაპეშტში, 2015 წლის 10 თებერვალს, ინგლისურ ენაზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს
სახელით
უნგრეთის
საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს
სახელით