შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2013
ძალაში შესვლა 14.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №15/22
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
პრეამბულა
საქართველოს მთავრობა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი „მხარეები”),
გამოთქვამენ რა თავიანთ შეშფოთებას დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო,
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის მართლწესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და თავიანთი სახელმწიფოების სტაბილურობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და საინვესტიციო გარემოს შექმნას,
ხელმძღვანელობენ რა ნაცვალგების, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებით, და
ასრულებენ რა თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც ეხება დანაშაულის გამოძიებისა და თავიდან აცილების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების სფეროებს, აგრეთვე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა სფეროებსა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროს,
აღიარებენ რა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,
მიზნად ისახავენ რა, უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვა დანაშაულებრივი საფრთხისაგან, რომელიც მიმართულია სიცოცხლის, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აგრეთვე, მიზნად ისახავენ რა, განავითარონ და გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის:
a) „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს სახელმწიფო უწყებას, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს დანაშაულების გამოვლენასთან, გამოძიებასა და თავიდან აცილებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული გარკვეული ფუნქციები;
b) „პერსონალური მონაცემები” ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას ფიზიკურ პირზე, რომლის ვინაობაც ცნობილია ან შეიძლება, რომ დადგინდეს;
c) „პერსონალური მონაცემების დამუშავება” ნიშნავს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას ან ასეთი ქმედებების ერთობლიობას.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფეროები
1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლში მითითებული ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით უნდა ითანამშრომლონ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენაში, გამოძიებასა და თავიდან აცილებაში.
2. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ განსაკუთრებით შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში:
a) სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
b) ტერორიზმი;
c) ორგანიზებული დანაშაული;
d) ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობა;
e) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო მასალების უკანონო წარმოება, მათით ვაჭრობა და მათი განთავსება;
f) უკანონო მიგრაცია და ადამიანებით ვაჭრობა;
g) საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
h) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბება და მათი გავრცელება;
i) საფინანსო სისტემის, ეკონომიკისა და სამეწარმეო წესრიგის (ეკონომიკური საქმიანობის) წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, აგრეთვე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებული დანაშაულები;
j) კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულები;
k) საკუთრების, საკუთრების უფლებების და საკუთრების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
l) ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულები;
m) გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
n) კიბერდანაშაული;
o) სხვა დანაშაულები.
3. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლიათ, დადონ წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმები. ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა არ მოიცავს საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის მიერ დადებული სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას.
4. წინამდებარე შეთანხმება გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასა და ექსტრადიციის საკითხებს. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნება სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის ფორმები
1. ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმები წინამდებარე შეთანხმების განსახორციელებლად უნდა იყოს შემდეგი:
a) წინამდებარე შეთანხმების მე-2 (2) მუხლში მითითებული დანაშაულების გამოვლენასთან, გამოძიებასა და თავიდან აცილებასთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა;
b) ძებნილთა და/ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;
c) დახმარება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვაში, მათ შორის „კონტროლირებადი მიწოდების” მეთოდის გამოყენება;
d) თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან, დანაშაულის თავიდან აცილებასთან და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მეთოდების, სპეციალური ხელსაწყოებისა და ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება;
e) დანაშაულთან ბრძოლის შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარება და ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზება;
f) თანამშრომლობა პერსონალის ტრენინგისა და პროფესიული განვითარების სფეროში;
g) დანაშაულის მიზეზებთან, ვითარებასთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და კვლევის შედეგების, თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გაცვლა.
2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე ითანამშრომლონ სხვა ფორმებით, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.
მუხლი 4🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმება უნდა განხორციელდეს შემდეგი კომპეტენტური ორგანოების მიერ:
a) საქართველოსთვის:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს პროკურატურა;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –შემოსავლების სამსახური;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
b) ლიტვის რესპუბლიკისთვის:
- ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახური;
- ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახური;
- ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიციის დეპარტამენტი;
- ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური;
- ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საბაჟო დეპარტამენტი.
2. ხელშემკვრელმა მხარეებმა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა მიაწოდონ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო ინფორმაცია და აცნობონ ერთმანეთს ამ ინფორმაციის ან კომპეტენტური ორგანოების ფუნქციების ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗
მოთხოვნების შესრულება
1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან წერილობითი მოთხოვნების გზით. საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დამატებით გამოიყენონ ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებები.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი დადასტურებული იქნება წერილობითი ფორმით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს სამი (3) სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გადაიცემა ფაქსით, ელ-ფოსტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მოთხოვნის დედანი უნდა გაიგზავნოს ფოსტით. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მისი წერილობითი შედგენის თარიღს. მოთხოვნა ხელმოწერილი უნდა იყოს ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ. საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობონ ერთმანეთს თავიანთი კომპეტენტური ორგანოების იმ სხვა თანამდებობის პირთა შესახებ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება.
3. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
b) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;
c) შეძლებისდაგვარად დეტალურ ინფორმაციას იმ საქმისწარმოებაზე, რისთვისაც იქნა მიწოდებული მოთხოვნა, საქმისწარმოებაში მონაწილე ან მასთან დაკავშირებულ პირზე ან პირებზე, იმ ფაქტებზე, საგნებსა და დოკუმენტებზე, რომლებზეც იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია;
d) მოთხოვნით მიმართვის მიზეზებს და კონკრეტული მოთხოვნილი პროცედურის დეტალურ აღწერილობას;
e) საჭიროების შემთხვევაში, იმ სასურველ ვადებს, რომლის ფარგლებშიც უნდა შესრულდეს მოთხოვნა;
f) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს საჭირო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტები თან უნდა ერთოდეს მოთხოვნას.
4. ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეასრულოს მოთხოვნები უმოკლეს შესაძლებელ ვადაში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია დადგენილი საბოლოო ვადების ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს და განუმარტოს მას მოთხოვნის შესრულების დაყოვნების მიზეზები.
6. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულება ცდება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილებას, აღნიშნულმა ორგანომ დაუყოვნებლივ, მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობით, უნდა წარუდგინოს მოთხოვნა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა კომპეტენტურ ორგანოს.
7. მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება ითქვას უარი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ მისმა შესრულებამ შესაძლებელია ხელყოს ადამიანის უფლებები, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას, ან თუ იგი შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა წერილობით უნდა აცნობონ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს უარის შესახებ და განუმარტონ მათ მისი მიზეზები.
მუხლი 6🔗
პერსონალური მონაცემების გადაცემა და გამოყენება
1. პერსონალური მონაცემები უნდა გადაიცეს და უნდა იქნეს გამოყენებული „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ" კონვენციისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
2. გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ისინი განზრახულია და იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც დადგენილია ასეთი მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ. მოთხოვნის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა ეცნობოს გადაცემული მონაცემების გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
3. გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა განზრახული მიზნისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც მიიღო ასეთი მონაცემები, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ და მან დაუყოვნებლივ უნდა გაასწოროს ან გაანადგუროს ეს მონაცემები.
4. ფიზიკური პირის მოთხოვნით, რომლის მონაცემებიც გადაეცა ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ფიზიკურ პირს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თუ რა სახის მონაცემები იქნა გადაცემული, რა მიზნით არის ისინი გამოყენებული ან რა მიზნით არის განზრახული მათი გამოყენება, ვის გადაეცემა ისინი, აგრეთვე მოხდა თუ არა მონაცემების ავტომატური დამუშავება და რა მიზნით. დაინტერესებული პირის უფლება, მიიღოს ასეთი სახის ინფორმაცია, მოცემულია იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში, რომლის ტერიტორიაზეც იქნა წარდგენილი ასეთი მოთხოვნა. ფიზიკურ პირს, რომლის მონაცემებიც იქნა გადაცემული წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, უნდა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს ამ მონაცემების გასწორება ან განადგურება, თუ ეს მონაცემები გადაცემული ან გამოყენებული იქნა წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევით. ფიზიკური პირის მოთხოვნაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ ასეთი უარი აუცილებელია სახელმწიფოს უსაფრთხოების, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის, დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, გამოვლენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის, სახელმწიფოს ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესების, სამსახურებრივი ან პროფესიული ეთიკის დარღვევის თავიდან აცილების, გამოძიების და გამოვლენის, მონაცემთა სუბიექტის ან ხელშემკვრელი მხარის მესამე მხარეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის მიზნით. უფლებების ამგვარი შეზღუდვების საფუძვლები და პროცედურა უნდა იქნეს გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში.
5. პერსონალური მონაცემების გადასაცემად აუცილებელია, მითითებულ იქნეს მონაცემთა შენახვის ის ვადები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის ამოწურვის შემთხვევაში გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა განადგურდეს. აღნიშნული ვადების მიუხედავად, გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა განადგურდეს, როდესაც ისინი აღარ არის აუცილებელი იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ისინი გადაიცა, ან წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობით უნდა ეცნობოს მონაცემთა განადგურების შესახებ.
6. პერსონალური მონაცემების გადაცემა, მიღება და განადგურება, აგრეთვე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უარი უნდა იქნეს აღრიცხული.
7. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისაგან მათ დასაცავად.
მუხლი 7🔗
ინფორმაციის საიდუმლოობა
ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა დაამუშაონ და შეინახონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია 2009 წლის 11 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებისა და ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების ტერიტორიებზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ურთიერთობა სხვა ხელშეკრულებებთან
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც არიან საქართველო და ლიტვის რესპუბლიკა.
მუხლი 9🔗
ხარჯები და ვალდებულებები
1. ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას წარმოშობილი თავისი საკუთარი ყველა ხარჯი იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
2. საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გაუწიონ ერთმანეთს დახმარება იმ აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებაში, რომლებიც აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისათვის, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში.
მუხლი 10🔗
თანამშრომლობის ენა
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა. სხვა ენების გამოყენების შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ თარგმანი ინგლისურ ენაზე.
მუხლი 11🔗
ერთობლივი კომისია
წინამდებარე შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული თანამშრომლობის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი კომისია ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების აღმასრულებელი თანამშრომლების შემადგენლობით. ხელშემკვრელმა მხარეებმა თავიანთი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა სამინისტროების მეშვეობით უშუალოდ უნდა აცნობონ ერთმანეთს ერთობლივი კომისიის შემადგენლობის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში, ერთობლივ კომისიას შესაძლებელია დახმარება გაუწიონ ექსპერტებმა, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით იქნებიან დანიშნული ერთობლივი კომისიის მიერ. ერთობლივი კომისიის სხდომები უნდა გაიმართოს საჭიროების მიხედვით.
მუხლი 12🔗
დავების გადაწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას და განმარტებისას წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კონსულტაციების გზით წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 13🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 (1) მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 14🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, რომლითაც ერთი ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. ვილნიუსში 2013 წლის26 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)