1. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით უფლებამოსილი ორგანოსგან ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვის შესახებ. ზედამხედველი მოსამართლე ამ შუამდგომლობას განიხილავს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:
ა) გასცემს ბრძანებას უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;
ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;
ბ) განკარგულება უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ;
გ) დეტალური მონაცემები იმ საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესახებ, რომლის მეშვეობით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც უნდა იქნეს გამოთხოვილი;
დ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გადაეცეს გამოთხოვილი ინფორმაცია;
ე) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ბრძანება;
ვ) ინფორმაციის გამოთხოვისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს).
საქართველოს 2017 წლის 22
მარტის
კანონი
№477
- ვებგვერდი, 27.03.2017