„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2103
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.001.994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 30/11/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

          მუხლი 1.

 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

              „მუხლი 1. საქართველოს პოლიცია

1. საქართველოს პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. პოლიცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. პოლიციის სისტემაში დასაქმებული პირები შეიძლება ატარებდნენ პოლიციის სპეციალურ წოდებებს ან სამხედრო წოდებებს.

4. აკრძალულია საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების შექმნა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო პოლიციის საქმიანობაზე.

        მუხლი 2. პოლიციის ამოცანები

პოლიციის ამოცანებია:

ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ან/და ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;

გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

                მუხლი 3. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სათანადო სამსახურებთან.

3. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების, პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „მუხლი 5. საჯაროობა პოლიციის საქმიანობაში

1. პოლიცია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პოლიციას უფლება არა აქვს გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი, პროფესიული, პირადი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და გაახმაუროს წინასწარი გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 8. პოლიციის მოვალეობები

პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა:

ა) მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა ორგანოებსა და მოქალაქეებს;

გ) მოქალაქესთან ურთიერთობისას მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები;

დ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს დანაშაული;

ე) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დაკვირვების ელექტრონული საშუალებების (ტელეფონი, მიკროფონი, რადიოკავშირის სპეციალური ტექნიკა და დაკვირვების სხვა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც გამომჟღავნდება დაფარული კავშირები ერთ-ერთი მხარის თანხმობის გარეშე) საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, დამზადების და გამოყენების კონტროლი;

ვ) გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით, საბრძოლო მასალით, ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებებით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით ვაჭრობა, აგრეთვე მათი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;

ზ) განახორციელოს კონტროლი ტირების, სასროლეთების და სხვა ობიექტების გახსნისა და საქმიანობის წესების დაცვაზე;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შებამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;

ი) განახორციელოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

კ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები;

ლ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის შესახებ, დაუყოვნებლივ მოახდინოს მასზე რეაგირება, აწარმოოს სამართალდარღვევებისა და მათი ჩამდენი პირების აღრიცხვა;

მ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიწყოს წინასწარი გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურორს;

ნ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა მოძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;

ო) შეასრულოს პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას;

პ) საქართველოს კანონმდებლობით თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე კანონით დადგენილი წესით აწარმოოს წინასწარი გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირთა ძებნა და დაკავება, ასევე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;

ჟ) ჩაატაროს ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევები ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;

რ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები;

ს) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა, აგრეთვე უზრუნველყოს პირადი შემადგენლობის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;

უ) მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აგრეთვე ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

ფ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

ქ) განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან/და ქონება საფრთხეშია;

ღ) მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალებები, გასცეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობები;

ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმების საფუძველზე შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობების პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

შ) უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები უზრუნველყოს განცალკევებული, დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის“ კავშირით, ასევე რადიოკავშირით და სატელეგრაფო კავშირით;

ჩ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას;

ც) აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ, ასევე მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ, უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა;

ძ) უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;

წ) განახორციელოს დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;

ჭ) განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები უპატრონო ქონების დასაცავად, ვიდრე ქონება არ გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირს ან მესაკუთრეს;

ხ) უზრუნველყოს ნაპოვნი ან ჩაბარებული დოკუმენტების, ნივთების, ფასეულობებისა და სხვა ქონების დაცვა ან/და შენახვა, მიიღოს ზომები კანონიერი მფლობელისთვის მათ გადასაცემად ან დადგენილი წესით მათი რეალიზაციისათვის;

ჯ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილებასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საარჩევნო პროცესისა და მასში მონაწილე პირთა უსაფრთხოება;

1) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

             მუხლი 9. პოლიციის უფლებები

1. პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს:

ა) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, რომლის გამოძიება საქართველოს კანონმდებლობით პოლიციის კომპეტენციას განეკუთვნება;

ბ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებში და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;

დ) სამედიცინო დაწესებულებაში შესამოწმებლად წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის შედეგად საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ, შეინახოს მისი ნივთები და დოკუმენტები, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს;

ე) აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე აქცია, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის, ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით აკრძალოს ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;

ზ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის უფლების მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, მიიღოს ზომები სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა, დადგენილი წესით ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერება, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალება;

თ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა ან რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია (პოლიციელი მოვალეა ადგილზე შეამოწმოს ეს პირი და დაუყოვნებლივ წარადგინოს იგი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში სიმთვრალის ხარისხის დასადგენად);

ი) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოებზე, ორგანიზაციებზე, დაწესებულებებსა და მოქალაქეებზე გასცეს ნებართვა იარაღის, საბრძოლო მასალის შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე; გააუქმოს ეს ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მისცეს პოლიციელებს იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და ტარების ნებართვა, რომელთა გამოყენება დაშვებულია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;

კ) დადგენილი წესით გასცეს ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა, გააუქმოს ასეთი ნებართვა, თუ მისი მფლობელი არღვევს დადგენილ წესს;

ლ) გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები (გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, საკონსულოთა და უცხო ქვეყნის სხვა დაწესებულებათა, საერთაშორისო ორგანიზაციათა სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებისა); ამასთან, პოლიცია ვალდებულია სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან\და მიყენებული ზარალი;

მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობის საფუძველზე საბაჟო სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება;

ნ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს პოლიციას უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით);

ო) სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთების შემოწმება და ჩხრეკა, მოქალაქის პირადი შემოწმება და პირადი ჩხრეკა;

პ) კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ პირთა დასადგენად, გამოძიებისაგან და სასამართლოსაგან მიმალული, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად;

ჟ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის (განსასჯელის), ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპია, ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;

რ) მგზავრების პირადი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით დადგენილი წესით, გონივრული ვადით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა;

ს) გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება, რისთვისაც მათთან ამყარებს ღია ან ფარულ ურთიერთობას;

ტ) დანაშაულის გამოვლენის, წინასწარი გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით;

უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და დაცვის კონტროლი.

2. პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები არ უნდა აყენებდეს ზიანს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, აგრეთვე ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.“.

6. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.

2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „მუხლი 11. ფიზიკური იძულების გამოყენება

პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი ან/და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის და დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავსა და გარეშე პირს;

ბ) რეზინის ხელკეტი – მოქალაქეზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

გ) ცრემლსადენი გაზი – მოქალაქეზე, პოლიციელზე, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პოლიციელზე ან/და მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა – საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) სასამსახურო ძაღლი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, მოქალაქეზე ან პოლიციელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) სასამსახურო ცხენი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, საპატრულო სამსახურის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;

ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოქალაქეზე, პოლიციელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

2. პოლიციელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსს და პროკურორს.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პოლიციელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით.“.

9. მე-13 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. პოლიციელის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან შეეცდება გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოძახებისას;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.“;

გ) მე-7–მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციელის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პოლიციელი მოვალეა, ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსსა და პროკურორს.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151, 152 და 153 მუხლები:

              „მუხლი 151. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც დახმარებას უწევს   პოლიციას

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით ითანამშრომლოს და დახმარება აღმოუჩინოს პოლიციას.

2. პირს, რომელიც დახმარებას უწევს პოლიციას, უფლება აქვს:

ა) დადოს მასთან კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;

ბ) პოლიციელებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები;

დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მას მიადგა პოლიციისათვის დახმარების გაწევისას.

3. პირი, რომელიც სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე დახმარებას უწევს პოლიციას, ვალდებულია:

ა) შეასრულოს დავალებები პოლიციის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად;

ბ) დაიცვას დადებული კონტრაქტის პირობები;

გ) განზრახ არ მიაწოდოს პოლიციას ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.

4. პირი, რომელიც დახმარებას უწევს პოლიციას, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციისათვის განზრახ ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებისათვის, ან/და ამ კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად.

               მუხლი 152. პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები

1. პოლიცია ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

2. პოლიციის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს პირის პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.

3. ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

               მუხლი 153. პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების შექმნითა და გამოყენებით.

2. პოლიციის საინფორმაციო სისტემებში არსებული, კანონით დაცული ცნობების მოქალაქისათვის გაცნობის საფუძველი და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

11. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

              „მუხლი 16. პოლიციის სისტემა

1. პოლიციის სამსახურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.

2. პოლიციის ორგანიზებასა და სტრუქტურას განსაზღვრავს სამინისტროს შესახებ დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

12. მე-17 და მე-18 მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. მე-19–23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

              „მუხლი 19. პოლიციელი

1. პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.

2. პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიციელი არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი.

             მუხლი 20. პოლიციელთა სამსახურში მიღების წესი

1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები:

ა) რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები;

ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას;

გ) რომლებსაც მოხდილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განთავისუფლებული პირებისა.

2. სამინისტროს სამხედრო სამსახურში ჩაირიცხებიან მოქალაქეები, რომლებიც გაივლიან დამატებით სპეციალურ შემოწმებას.

3. პოლიციაში შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მიუხედავად მათი ასაკისა.

5. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, შიდსით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი. ქრონიკულ სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ცნობილია ქმედუუნაროდ.

                 მუხლი 21. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი

1. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამინისტროს ნორმატიული აქტებით.

2. აკრძალულია პოლიციელის გაფიცვა ან მასში მონაწილეობა.

3. პოლიციელს აკრძალული აქვს, სამსახურთან ერთად ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში.

4. პოლიციელს აკრძალული აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

            მუხლი 22. პოლიციელთა სამსახურიდან დათხოვნის წესი

1. პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევის გამო ან წელთა ნამსახურობის გამო შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, რომელთა მიზეზით აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

დ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ე) რეორგანიზაციისას ან/და შტატების შემცირებისას;

ვ) საკუთარი სურვილით;

ზ) ფიცის გატეხისათვის, პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელისთვის;

თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ი) კორუფციული სამართალდარღვევისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

კ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;

ლ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

2. პოლიციელის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

        მუხლი 23. პოლიციის კადრების პროფესიული მომზადება

პოლიციის კადრების პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“.

14. მეშვიდე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, პოლიციელის პასუხისმგებლობა“.

15. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „მუხლი 25. პოლიციელის სამართლებრივი დაცვა

1. პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისათვის.

2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მუქარა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას პოლიციელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები კანონის შესასრულებლად.

5. პოლიციელს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“.

17. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 27-ე–32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 27. პოლიციელის ქმედებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

პოლიციელის უკანონო ქმედებით მოქალაქეებისთვის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

              მუხლი 28. პოლიციელის ფორმა

1. პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

2. პოლიციელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

            მუხლი 29. პოლიციელის წახალისება

1. პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ე) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება;

ვ) დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. პოლიციელის წახალისება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს.

4. პოლიციელის წახალისების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

             მუხლი 30. პოლიციელის პასუხისმგებლობა

1. პოლიციელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციელი მოთავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

            მუხლი 31. პოლიციელის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციელის სოციალურ დაცვას.

2. პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

3. პოლიციელი ექვემდებარება სავალდებული სახელმწიფო დაზღვევას.

4. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგოები) შედგება თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოებისაგან.

5. პოლიციელს, ხელფასის გარდა, მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები.

6. პოლიციელი, ხელფასის გარდა, ნამსახურევი წლებისათვის იღებს ხელფასზე (ფულად სარგოებზე) დანამატს, რომლის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

7. პოლიციელი შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არა უმეტეს ორი თვისა მას უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგოები) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება მხოლოდ წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, თუ ამ დრომდე არ იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან.

8. სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციელს ეძლევა ერთდროული დახმარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. პოლიციელის წლიური შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.

10. ზიანი, რომელიც მიადგა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, სრულად უნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) ათასი ლარის ოდენობისა. დაკრძალვის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

12. პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 (შვიდი) ათასი ლარისა.

13. პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

14. პოლიციელთა საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. პოლიციელისა და მისი ოჯახის წევრების შეღავათიანი პირობებით სამედიცინო მომსახურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

16. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში პოლიციელისათვის შეიძლება დადგინდეს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

        მუხლი 32. პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

19. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:

„თავი X. სახელმწიფო კონტროლი სამინისტროს საქმიანობაზე

        მუხლი 36. საპარლამენტო კონტროლი

სამინისტროს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის ფორმები და მეთოდები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

                 მუხლი 37. საპრეზიდენტო და სამთავრობო კონტროლი

1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. სამინისტროს საქმიანობის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

        მუხლი 38. სასამართლო კონტროლი

იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი წესით.

        მუხლი 39. საფინანსო კონტროლი

სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს საქართველოს კონტროლის პალატა.

              მუხლი 40. საპროკურორო ზედამხედველობა

1. სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას სამინისტროს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზება არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.“.

        მუხლი 2. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 11 ნოემბერი.

№2103-IIს