თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "სანი"-ს პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1076-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
201 5 წლი ს 9 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს მოსამართლე ბესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანის” (ს/კ 220016113) გადახდისუუნარობის საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა-მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლო მოვალე შპს „სანის” მიმართ აწარმოებს გადახდისუუნარობის საქმეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ. იმავე კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუქტების დანაწესთა თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე სათითაოდ და თანმიმდევრულად განხილვის გზით კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმოყიფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო. ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარდა სხდომა, თუმცა კრედიტორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულყოფილი განხილვა ვერ მოხერხდა მოვალის ქონების და ფინანსური მდგომარეობის თუ ვალდებულებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო. ამასთან, კრედიტორთა პირველი კრების დასრულება დააბრკოლა მოვალე შპს „სანის” კერძო საჩივრის განხილვამაც, რომლითაც მოვალე სადავოდ ხდიდა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე გამოტანილ განჩინებას. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებელია შპს ”სანის” კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და დამახასიათებელია კრედიტორთა პირველი კრებისათვის.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 23-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სანის” (ს/კ 220016113) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის - სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოხსენების მოსმენა და ანალიზი;
ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;
გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 4 მარტი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი № 23 ) 1100 (თერთმეტი) საათზე.
3. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ - სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ არაუგვიანეს 2015 წლის 17 თებერვლისა. ამასთან, სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
4. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვეს - სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბ . სისვაძე