ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 04.05.2016
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.114.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2015 წლის 26 თებერვალი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 115-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის №32 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №9 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები
.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - გამგებელი;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია;
დ) განკარგვა − ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) პრივატიზება − ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით;
ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მართვის უფლებით გადაცემა − ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით;
თ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
ი) პრივატიზაციის გეგმა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
კ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ლ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ნ) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ო) აუქციონატორი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
პ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია;
ჟ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
რ) ბე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში;
ს) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული წილები და აქციები;
ტ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში;
უ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება;
ფ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი;
ქ) საგარანტიო თანხა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა.
მუხლი 3🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
მუხლი 4🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დაადგინოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის
გეგმის შესაბამისად.
2. ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება.
3. ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების პროცესს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვებგვერდზე www.eauction.ge.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-5 თავის შესაბამისად.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ან პირთა გაერთიანება.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აღმასრულებელი ორგანოს მიერ.
8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 6🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების/გამოცხადების ორგანიზებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად).
4. თუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.chokhatauri.ge და ვებგვერდზე www.eauction.ge, ასევე, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
გ) ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულდღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;
ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს;
ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (თარიღი და საათი);
კ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას;
ლ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
7. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან წილის საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში;
ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
8. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს.
მუხლი 7🔗.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებული წესებისა და ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესებისა და აუქციონის პირობების (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონებისთვის ცალ-ცალკე.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის, რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 5 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 5 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები.
მუხლი 9🔗.
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს ან/და აუქციონის ჩამტარებელს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
მუხლი 10🔗.
ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია, როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია ასევე გააქტიურებით (ელექტრონულად).
2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს შესახებ დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს შესახებ, დასახელების ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში, მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად, გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის ვებგვერდზე გამოდის შესაბამისი შეტყობინება.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 11🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებულ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება–მოვალეობებს. ოქმი უნდა შედგეს აუქციონის დასრულებისთანავე, რომელზედაც ხელს აწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილე და მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება).
2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადაეცემა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.
6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს და წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, ასევე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
მუხლი 12🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა
1. თუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისაგან შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
8. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 13🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.
თავი II
საჯარო აუქციონი
მუხლი 14🔗.
საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება
საჯარო აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
მუხლი 15🔗.
საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ჩატარების/გამოცხადების ორგანიზებას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, საჯარო აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.chokhatauri.ge და ვებგვერდზე www.eauction.ge, ასევე, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში.
3. ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%ს და არაუმეტეს 80%ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
4. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.
5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აღმასრულებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის ჩოხატაურის საპრივატიზაციო ობიექტს.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები, და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აღმასრულებელი ორგანოს სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 16🔗.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს:
ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალცალკე.
5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში - მონაწილე) სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით.
მუხლი 17🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი.
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს, დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლებამოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებებლი ორგანო.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
11. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება ჩოხატაურის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 18🔗.
საჯარო აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით საჯარო აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით საჯარო აუქციონზე მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 19🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აღმასრულებელ ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.
2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 20🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში
საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
თავი III
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 21🔗.
ზოგადი დებულებები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ;
გ) ვადით ან უვადოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი, განაცხადს წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
მუხლი 22🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ)იჯარა;
ე) თხოვება
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ან პირდაპირი განკარგვის ფორმით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირდაპირი განკარგვის წესით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 23🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიული პირებს.
3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 24🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის, ფორმდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში - სარგებლობის ხელშეკრულება).
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 25🔗.
აუქციონის ორგანიზება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 26🔗.
პირდაპირი განკარგვის წესით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იხილავს შესულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში. რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). თუკი, ერთი და იმავე ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლების გადაცემისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შესულია რამდენიმე განცხადება, აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოაცხადოს ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონი.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას).
3. პირდაპირი განკარგვის წესით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
მუხლი 27🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში.
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ და საჯარო აუქციონში სარგებლობის უფლების გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს ამტკიცებს ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებებლი ორგანოს წარდგინებით.
5. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით მათ შორის ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები.
6. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი.
მუხლი 28🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
თავი IV
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა
მუხლი 29🔗.
ზოგადი დებულებები
1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ.
3. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 30🔗.
აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები
1. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
4. აუქციონის პირობებს ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მართვის უფლებით გადასაცემი აქციების ან/და წილების მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 31🔗.
აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადამცემი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული და საჯარო აუქციონის ჩატარების წესი.
3. ამ წესით დადგენილი ელექტრონული და საჯარო აუქციონის ჩატარების წესით დადგენილი გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, დამატებით შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას აქციების საერთო რაოდენობის შესახებ, ნომინალური ღირებულების მითითებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს.
4. საჭიროების შემთხვევაში აუქციონის პირობებად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში).
მუხლი 32🔗.
გარიგებათა გაფორმების წესი
აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გარიგებათა გაფორმებისას გამოიყენება ამ წესის მე-11 და 27–ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 33🔗.
აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მოთხოვნისთანავე წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
2. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილები. ამასთან, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, აქციების ან წილების მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) წილების/აქციების მართვის უფლების გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. თუ წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. წილების/აქციების მართვის უფლების მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება.
თავი V
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა
მუხლი 34🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 35🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 36🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის საფასურს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10 %-ის ოდენობით.
3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის საფასური განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 37🔗.
წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით.
მუხლი 38🔗.
საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%- მდე შემცირდეს, ხოლო თუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.