„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 02.03.2015
ძალის დაკარგვა 13.04.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016068
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.04.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2015 წლის 2 მარტი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 38-ე მუხლის „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი დანართი №1-ის, №2-ის, №3-ის და №4-ის შესაბამისად (დანართი №1, №2, №3, №4 თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/10/2014Ю სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016025).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი 1
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
თავი I
საჯარო ინფორმაციის
პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში (შემდგომ - მუნიციპელიტეტი) არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.
2. ეს წესი ვრცელდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებისათვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: WWW.OZURGETI.GOV.GE (შემდგომ – ვებგვერდი).
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ზუსტი და უტყუარი უნდა იყოს და პერიოდულად უნდა ხდებოდეს მისი განახლება ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება მისი შეცვლის, დაზიანებისა და დაკარგვის გარეშე.
4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასთვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის ან რაიმე სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.
6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის კატეგორიები
ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურა და ფუნქციები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა (საკრებულოს თავმჯდომარის) და მერიის თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები;
გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეების შესახებ: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);
დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შემადგენლობის, ინტერფრაქციული ჯგუფის, საკრებულოს ფრაქციის გარეთ დარჩენილი საკრებულოს წევრების შესახებ (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა);
ე) მუნიციპალიტეტის მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის და ფაქსის ნომრები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატისა და მერიის მოხელეთა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხა (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის და ფაქსის ნომრები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ი) ინფორმაცია საკრებულოს აპარატსა და მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურის სახეების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა სტრუქტურული ერთეულის მითითებით (განახლდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება კონკურსის გამოცხადებისთანავე);
ლ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესს (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
მ) მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების (მათ შორის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 37-ე მუხლის შესაბამისად შემოსული განცხადებების) და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ნ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება/განახლდება შესაბამისად, კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ - მოდელის მითითებით (ქვეყნდება/განახლდება შესაბამისად, კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
პ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ჟ) ინფორმაცია განხორციელებული სატელეფონო საუბრებისათვის (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
რ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ს) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება საბიუჯეტო წლის არაუგვიანეს 31 იანვრისა, განახლების შემთხვევაში – განახლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ტ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტისა და შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების ოდენობების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
უ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, აპარატისა და მერიის თანამშრომლებისათვის მიცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ფ) ინფორმაცია საკრებულოს წევრთა, აპარატის და მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებისას გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალ-ცალკე – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ქ) მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ (ნაზარდი ჯამით) (ქვეყნდება კვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აგრეთვე წლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ღ) ინფორმაცია კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული სამართლებრივი აქტების რაოდენობის შესახებ, აქტის სახეების მიხედვით (ქვეყნდება ყოველწლიურად, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა).
მუხლი 4🔗.
სხვა საჯარო ინფორმაცია
ადმინისტრაციულ სამსახურსა და საკრებულოს აპარატს უფლება აქვს, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი სხვა საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი. ვებგვერდის ადმინისტრირებისათვის პასუხისმგებელ პირს (პირებს) განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗.
ინფორმაციის დამუშავება
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და საკრებულოს აპარატის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.
მუხლი 7🔗.
ინფორმაციის მიწოდება
1. მერიის ადმინისტრაციულ სამსახურსა და საკრებულოს აპარატს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვულ ინფორმაციას აწვდის ის სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება გამოსაქვეყნებელ ინფორმაციაში მოცემული საკითხები;
2. საჯარო ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციულ სამსახურსა და საკრებულოს აპარატს ვებგვერდზე განსათავსებლად PDF ფორმატში მიეწოდება.
დანართი 2
თავი I
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში (კანცელარიაში) ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ოზურგეთი OZURGETI.GOV.GE ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართიN3).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელგანცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება საკრებულოს აპარატსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას (კანცელარიას) რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საკრებულოს აპარატის უფროსი/მერიის ადმინისტრაციის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საკრებულოს აპატარსა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში (კანცელარია) ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
დანართი №3
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
მუხლი 1🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2🔗
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 3🔗
წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს.
დანართი №4
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე
და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს
მოქ. --------------------------------------
მცხ.--------------------------------------
ტელ/მობ: --------------------------------------
ორგანიზაციის დასახელება:---------------------------------------
გა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე,
მოგვაწოდოთ ------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------------------;
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი)
თარიღი: