გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების მოპოვების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის უფროსის

ბრძანება №06-47  

2015 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი   

გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების მოპოვების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის, ამავე კოდექსის IV თავის შესაბამისად, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის, გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში, ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების, სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების დაფინანსების მიზნით , ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების მოპოვების წესის შესახებ დებულება (დანართი №1)

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                   გ. ჩხარტიშვილი

 

 

 

გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების მოპოვების წესის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების მოპოვების წესის შესახებ დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის (შემდგომში სამსახური) მიერ საკუთარი სახსრებით მცირეღირებულებიანი გრანტების გაცემის წესს და პირობებს.

2. დებულება შედგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის, ამავე კოდექსის IV თავის, გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

    მუხლი 2. გრანტის გაცემის წესი და ოდენობა

1. გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების გაცემის მიზანია:

ა) ხელი შეუწყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას.

ბ) ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებში გარემოსდაცვით განათლებას და უზრუნველყოს სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშეწყობას.

2. გრანტის გაცემის ამოცანაა ღია კონკურსის გზით დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა.

3. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) გრანტი – კონკურსის წესით, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე შერჩეულ პროექტებზე, სამსახურის განკარგულების საფუძველზე, გრანტის მიმღებისათვის გადაცემული მცირეღირებულებიანი გრანტი;

ბ) სამსახური – გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახური ;

 გ) გრანტის მიმღები – კონკურს ში გამარჯვებული და დაფინანსებული პირი;

დ) საკონკურსო დოკუმენტაცია – სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

 ე) მიზნობრივი ანგარიში – გრანტის მიმღებისათვის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

 ვ ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების დაჯგუფება, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შინაარსის და არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის სახეების მიხედვით;

ზ) ტრანში– პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

თ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6-­თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და მოითხოვება ანგარიშგება;

ი) პროექტი – საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევის აღწერა სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად

4. სამსახური უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;

გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;

დ) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას და დასამტკიცებლად სამსახურის უფროსისათვის წარდგენას;

 ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.

5. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში პროექტის შეტანა შეუძლია:

ა) საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებს;

გ) პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც კონკურსის გამოცხადებისათვის არ შესრულებია 30 წელი, კონკურსის გამოცხადებიდან ბოლო 3 წელიწადში მინიჭებული აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და კონკურსის გამოცხადების მომენტში დასაქმებულია საქართველოში (შემდგომში - მაგისტრი).

6. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 12 თვეს. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.

7. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე წელს კონკურსში ვერ შემოიტანს ერთზე მეტ პროექტს.

8. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ექვსთვიანი ტრანშებით საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. გრანტის თანხები გადაირიცხება გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე. პირველი ტრანში, ავანსის სახით , გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. პირველი ტრანშის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 70%­ს. მეორე ტრანში გრანტის მიმღებს გადაერიცხება პირველი საანგარიშო პერიოდის შესახებ წარდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებს.

9. კონკურსის ძირითადი ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ;

დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა და სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

10. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს სამსახური გადარიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მინიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მინიტორინგს.

11. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

12. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა სამსახურს საკუთრებაში.

13. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი გრანტების გაცემის, ასევე კონკურსებისა და ტურნირების ჩატარების წესზე.

14. გარემოსდაცვითი განათლების მცირეღირებულებიანი გრანტების მოპოვების მიზნით, განმცხადებელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს:

ა) განცხადება

ბ) საბანკო გარანტია (არანაკლებ 120 დღის ვადით, გრანტის სახით გასაცემი თანხის არანაკლებ 0,4 %-ის ოდენობით)

გ) განცახდების რეგისტრაციის მომსახურების საზღაურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

    მუხლი 3. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

 

კრიტერიუმების დასახელება

ქულების დიაპაზონი

სუსტი

სშუალო

კარგი

1

პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე

1-8

9-15

15-20

2

რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი საგრანტო პროექტის მიზნები, განსახორციელებელი ამოცანები მოსალოდნელი შედეგები

1-8

9-15

15-20

3

რამდენად შეუწყობს ხელს საგრანტო პროექტის განხორციელება გარემოსდაცვით განათლებას და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესს.

1-12

13-17

18-20

4

რამდენად ოპტიმალურად არის საგრანტო პროექტში დაგეგმილი დროითი, ადამიანური, ტექნიკური რესურსების გამოყენება

1-5

6-11

12-20

    მუხლი 4. გარდამავალი დებულება

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ასევე დებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.