შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.03.2015
ძალაში შესვლა 01.03.2015
ძალის დაკარგვა 02.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ავტომანქანებისა და სპეც. ტექნიკის სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები |
| 2 | ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები |
| 3 | ბეტონის ქარხნის სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები |
| 4 | ანტიფრიზი, სპეც. ზეთები, საცხებ-საპოხი მასალები და სხვა სპეციალური დანიშნულების პროდუქტები ბეტონის ქარხნის, ქვის სამსხვრევი საამქროს, ავტომანქანებისა და სპეც. ტექნიკის საჭიროებისთვის |
| 6 | ასფალტობეტონი, სხვადასხვა ქიმიური დანამატები ასფალტის წარმოებისთვის, ბიტუმი, ბიტუმის ემულსია, ბიტუმის მასტიკა და სხვა სპეციალური დანიშნულების ნავთობპროდუქტები |
| 8 | ბალასტი, ფრაქციული ღორღი, ქვიშა და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ხრეშოვანი და ქვიშა-ღორღოვანი ნარევი, სხვა ინერტული მასალები |
| 10 | ფლეთილი ქვა, ტეტრაპოდები, ხელოვნური საფარი |
| 11 | კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემის მასალები და დანადგარები |
| 12 | სხვადასხვა მასალისა და დანიშნულების კარ-ფანჯრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა), სხვადასხვა მასალის პროფილები კარ-ფანჯრების დასამზადებლად, მინა და მინა პაკეტი, ქლორვინილის ქაფი |
| 13 | უნიტაზები, პირსაბანი ნიჟარები, საშხაპის ქვესადგამები, ონკანები |
| 14 | მრიცხველები, გაზქურები, გაზისა და დენის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, გათბობის ქვაბები, სანთურები, კოლექტორები, რადიატორები, სამაცივრო დანადგარები |
| 15 | საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები, საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები, გამაფრთხილებელი ნიშნები, უსაფრთხოების ლენტები |
| 16 | ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები, ტროსები, საჭიმები, ურდულები, საკეტები, ბადეები, ეკალმავთული, ჯალამბარები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და აქსესუარები |
| 17 | სხვადასხვა ზომისა და მასალის მილები |
| 18 | პარაგრიტები, ტერამიშები, გაბიონები, ბიომატერია, გეოტექსტილი, რენოს მატრასები, სპილენძის რგოლები, სტეპლერები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №90
2015 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს ერთი წელი ამ დადგენილების ამოქმედებიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია:
ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.
3. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“;
ბ) შესყიდვა – ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა შემსყიდველის მიერ;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა);
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ტენდერი“);
ვ) მონაწილეობის საკომისიო – ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული საკომისიო, რომელიც გადაიხდება შემსყიდველის ანგარიშზე;
ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ;
ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
კ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ, განცხადებითა და დოკუმენტაციით;
მ) ელექტრონული ვაჭრობა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს, სისტემის საშუალებით, შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ნ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციით დადგენილი, პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სასამართლოდან წარსადგენი დოკუმენტები;
ო) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია);
პ) წინადადების უზრუნველყოფის ერთიანი გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის ერთჯერადად წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, რომელიც პასუხობს ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებს (შემდგომში – ერთიანი გარანტია);
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;
ტ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
უ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე, შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამასთან, ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით.
2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს:
ა) თუ მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს;
დ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა ან/და შესყიდვა გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის, დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.
3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის კომისია.
მუხლი 5🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ, სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში - აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში - განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ ორი დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ - მის გარეშე;
თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
კ) ბიჯის ოდენობა.
4. განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალიწინებულ გარანტიას და მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას, ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.
4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:
ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ეკვივალენტური,“ „ანალოგი“ და სხვა;
ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალიწინებული თანმიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი, შერჩევის პირველ ეტაპზე, ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე, პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;
ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული მონაწილეობის საკომისიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გარანტია, პრეტენდენტის შემოთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
მუხლი 13🔗. გარანტია და მონაწილეობის საკომისიო
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. გარანტია შესაძლოა გაცემულ იქნეს როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ.
2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.
3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე.
5. მონაწილეობის საკომისიოს ოდენობა შეადგენს:
ა) 50 ლარს - თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს;
ბ) 150 ლარს - თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს;
გ) 450 ლარს - თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 100 000 ლარს.
6. მონაწილეობის საკომისიო უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველმა, ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის თაობაზე.
მუხლი 14🔗. ერთიანი გარანტია
1. პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველს ერთჯერადად წარუდგინოს ერთიანი გარანტია, რომლითაც მრავალჯერადად იქნება უზრუნველყოფილი პრეტენდენტის ვალდებულებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
2. ერთიანი გარანტიის ოდენობა არ უნდა იყოს შემსყიდველისადმი პრეტენდენტის მიმდინარე ვალდებულებების ჯამზე ნაკლები და მისი მოქმედების ვადა, სულ მცირე, 60 დღით უნდა აღემატებოდეს მიმდინარე შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ვაჭრობის ეტაპის დასრულების თარიღს.
3. ერთიანი გარანტიის დაბრუნება ხდება მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში, თუ ერთიანი გარანტიით არ არის უზრუნველყოფილი მიმწოდებლის/პრეტენდენტის მიმდინარე ვალდებულებები.
მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.
4. გარანტირების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება. ასეთ შემთხვევაში, გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია არანაკლებ წინასწარ გადასახდელი თანხის სრული ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
6. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვებისას.
7. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
8. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.
დანართი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონელი
1
ავტომანქანებისა და სპეც. ტექნიკის სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები
2
ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები
3
ბეტონის ქარხნის სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები
4
ანტიფრიზი, სპეც. ზეთები, საცხებ-საპოხი მასალები და სხვა სპეციალური დანიშნულების პროდუქტები ბეტონის ქარხნის, ქვის სამსხვრევი საამქროს, ავტომანქანებისა და სპეც. ტექნიკის საჭიროებისთვის
5
სამშენებლო მასალები (კონსტრუქციული მასალები, ხის მასალა, არმატურა, გლინულა, შესაკრავი და შედუღების მავთული, სხვადასხვა მარკისა და სპეციფიკაციის ცემენტი, ცარცი, გაჯი, წიდა, პემზა, საფითხი მასალა, სენდვიჩ პანელები, სენდვიჩ გადახურვა და მათი სამონტაჟო მასალები, რკინა-ბეტონის ნაკეთობები, სხვადასხვა ზომისა და მასალის სამშენებლო აგური და ბლოკი, კვადრატული მილები, კუთხოვანა, შველერები, ზოლოვანა, ორტესებრი ძელები, კიბის საფეხურები, შპალერი და სხვა საფარი, ლურსმნები, ბადეები წყობის, უჯრედის, მოაჯირის ბადეები, მოაჯირის ელემენტები, გისოსები სხვადასხვა ფორმის, სვეტების კონსტრუქციები, ფერმის კონსტრუქციები, რიგელების კონსტრუქციები და სხვა)
6
ასფალტობეტონი, სხვადასხვა ქიმიური დანამატები ასფალტის წარმოებისთვის, ბიტუმი, ბიტუმის ემულსია, ბიტუმის მასტიკა და სხვა სპეციალური დანიშნულების ნავთობპროდუქტები
7
ელექტრო სამონტაჟო მასალები და აპარატურა (განათების არმატურა, ელექტრო გამანაწილებელი ფარები, ტრანსფორმატორები, ელექტრო მოწყობილობები და აპარატურა, ელექტრო კაბელები, ელექტრო ფურნიტურა, სანათები, ნათურები, ჭაღები, განათების სისტემები, ლამპიონები, გარე განათება, განათების ანძები და სხვა)
8
ბალასტი, ფრაქციული ღორღი, ქვიშა და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ხრეშოვანი და ქვიშა-ღორღოვანი ნარევი, სხვა ინერტული მასალები
9
სხვადასხვა მარკისა და სპეციფიკაციის ბეტონი, საბეტონე მასალა, ბეტონის ანტიფრიზი, სხვადასხვა ქიმიური დანამატები ბეტონის წარმოებისთვის, ცემენტის მზა ნარევი ჭიმის მოსაწყობად, ხსნარი წყობის, ხსნარი მოსაპირკეთებელი
10
ფლეთილი ქვა, ტეტრაპოდები, ხელოვნური საფარი
11
კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემის მასალები და დანადგარები
12
სხვადასხვა მასალისა და დანიშნულების კარ-ფანჯრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა), სხვადასხვა მასალის პროფილები კარ-ფანჯრების დასამზადებლად, მინა და მინა პაკეტი, ქლორვინილის ქაფი
13
უნიტაზები, პირსაბანი ნიჟარები, საშხაპის ქვესადგამები, ონკანები
14
მრიცხველები, გაზქურები, გაზისა და დენის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, გათბობის ქვაბები, სანთურები, კოლექტორები, რადიატორები, სამაცივრო დანადგარები
15
საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები, საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები, გამაფრთხილებელი ნიშნები, უსაფრთხოების ლენტები
16
ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები, ტროსები, საჭიმები, ურდულები, საკეტები, ბადეები, ეკალმავთული, ჯალამბარები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და აქსესუარები
17
სხვადასხვა ზომისა და მასალის მილები
18
პარაგრიტები, ტერამიშები, გაბიონები, ბიომატერია, გეოტექსტილი, რენოს მატრასები, სპილენძის რგოლები, სტეპლერები
19
სამსხმელო ყალიბები/ფორმები, ხარაჩოები, სამშენებლო დგარები და კოჭები, ხისა და მონათესავე პროდუქტის საყალიბე მასალა
20
სხვადასხვა სპეციფიკაციისა და დანიშნულების საღებავები, სამშენებლო ქიმია და სხვა მასალები
21
პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები, ამსტრონგის ფილები, თაბაშირ-მუყაოს ფილები, პენოპლასტირი და მათი სამონტაჟო მასალები
22
ლამინირებული პარკეტი, ლინოლეუმი, ხის პარკეტი, სხვადასხვა მასალის იატაკის საფარი, სხვადასხვა მასალის პლინტუსები
23
კანალიზაციის, სანტექნიკის, გაზსადენისა და წყალსადენის მასალები (წყალსადენის მილები, წყალშემკრები ძაბრები, მუხლები, სამკაპები, რედუქტორები, ადაპტორები, გადამყვანები, ქუროები, უნაგირები, ჯვარედინები, სახანძრო ჰიდრანტები, ურდულები, ვენტილები, ფლანეცები, სხვადასხვა მასალის ჭები, ლიუკებისა და ჭების ელემენტები და სხვა)
24
მუშებისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ვაგონები, სასაწყობე ვაგონები, ჯიხურები
25
გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები, ოპტიკური ხელსაწყოები, რაციები, ტელესაკომუნიკაციო აპარატურა და მოწყობილობა-დანადგარები
26
ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები, თხევადი გაზი, სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი, ქიმიური პროდუქტები
27
ბეტონისა და ქვის ფილები, მოზაიკური ფილები, ბუნებრივი ქვის ფილები, კედლისა და იატაკის კერამიკული ფილები, სხვა მოსაპირკეთებელი მასალები
28
გადასახური, ჰიდრო, თბოსაიზოლაციო და საბურულე მასალები (მეტალოკრამიტი, ფურცლოვანი თუნუქი, შიფერი თუნუქის მოთუთიებული, მეტალოპროფილი, მეტალოპროფილი გალვანიზებული, მეტალოფურცელი, მეტალოკრამიტი, პოლიკარბონატი, ტოლი, პერგამინი და სხვა)
29
ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და მალცვეთადი მასალები (შესადუღებელი აპარატები, გენერატორები, ელექტროდები, ხელის იარაღები და მათი ნაწილები, სასწორები, ურიკები, კიბეები, სათლები, სანგრევი ჩაქუჩები, კომპრესორები, წყლის ტუმბოები, ბლოკის საჭრელი დანადგარები, არმატურის საჭრელები და საღუნები, ბეტონის ტუმბოები, საბურღი აგრეგატები, ბეტონის ვიბრატორები, ელექტრო და მექანიკური სამშენებლო იარაღები და ხელსაწყოები და სხვა)
30
სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
31
სახიდე გადასასვლელები, სახიდე გადასასვლელების ელემენტები
32
ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი
33
მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი, თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები, საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები
მომსახურება
34
ავტომანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება (რემონტი)
35
ქვის სამსხვრევი საამქროს ტექნიკური მომსახურება (რემონტი)
36
ბეტონის ქარხნის ტექნიკური მომსახურება (რემონტი)
37
მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირების მომსახურება
38
სატრანსპორტო მომსახურება (გადაზიდვები)
39
დაზგა-დანადგარების, ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების რემონტი
40
ავტომანქანებითა და სპეც. ტექნიკით მომსახურება (იჯარა)
41
სამხერხაო მომსახურება, სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
42
საყალიბე მასალის იჯარა, კონსტრუქციული მასალების იჯარა
43
ლაბორატორიული მომსახურება, საბროკერო და საშუამავლო მომსახურება, თარგმნის მომსახურება