კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.03.2015
ძალის დაკარგვა 16.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №24/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
24/04
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის
დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და 37-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
კომერციული ბანკის ლიკვიდაციის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი გამოიყენება იმ კომერციული ბანკის (შემდგომში - ბანკი) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში - ეროვნული ბანკი) გაუუქმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება ბანკის ლიკვიდაციის პროცესი.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
ბანკის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტით. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ ბანკთან დაკავშირებული პირი.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი ადმინისტარციული აქტით.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი (აქტები) დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკის საიტზე და საკანონმდებლო მაცნეში.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი (აქტები) ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება ამ ბანკის მარეგისტრირებელ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი აღნიშვნისათვის და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ ბანკი წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.
მუხლი 2🔗.
ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ ბანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.
ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
თუ ლიკვიდირებული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნისთანავე უზრუნველყოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში (ანგარიშები) დაიხურება და ეროვნულ ბანკში გაიხსნება ახალი სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის), რომელზეც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან ბანკში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა დეპოზიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გადაიტანება შესაბამისი პირის ძირითად ანგარიშზე.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან დაიბლოკება ბანკის მიერ გახსნილი ყველა ანგარიში.
ბანკში ერთი ფიზიკური პირის სახელზე სხვადასხვა საანაბრე ანგარიშებზე და/ან სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები ერთიანდება და გადაიტანება შესაბამისი ფიზიკური პირის ძირითად ანგარიშზე. ასევე ერთი იურიდიული პირის სხვადასხვა ხელშეკრულებით რიცხული მოთხოვნები ერთიანდება და გადაიტანება მის ძირითად ანგარიშზე . პირის ძირითად ანგარიშზე რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა ბანკის მიმართ.
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ვადადამდგარი მოთხოვნების მიმართ.
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისთანავე ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ლუქავენ და აღრიცხავენ სალიკვიდაციო ბანკის დოკუმენტაციას, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ძირითად საშუალებებს.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ბანკი ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 3🔗.
ლიკვიდატორის უფლებები
ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. მას ეკისრება ბანკის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება.
ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს ბანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაებას ახალ გარიგებებში.
ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე შეუძლია შეწყვიტოს:
ა) გარიგება ბანკის თანამშრომელთა დაქირავების შესახებ;
ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი მონაწილეობდა;
გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარე 60 დღით ადრე იყო გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება.
ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბანკის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ისეთი მოქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილად ცნობა, რომელთა შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ პირებს ამ ბანკის ხარჯზე ჰქონდათ ქონებრივი სარგებელი ან რაიმე უპირატესობა, შეღავათი, რამაც გამოიწვია ბანკისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
ლიკვიდატორს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:
ა) მიიღოს სესხი ეროვნული ბანკისაგან;
ბ) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან ბანკის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;
გ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს სალიკვიდაციო ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
6. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები სხვა ბანკში სხვადასხვა ვალუტით;
ბ) დროებით არ დახუროს სხვა ბანკებში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები;
გ) მიიღოს სესხი სხვა ბანკებისაგან;
დ) გადასცეს სხვა ბანკს სესხების ან სხვა საფინანსო აქტივების მოთხოვნის უფლება და ორგანიზაცია გაუწიოს ასეთი ბანკისათვის ვალდებულებათა გადაცემას.
მუხლი 4🔗.
ლიკვიდატორის ვალდებულებები
ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.
ლიკვიდატორმა ბანკის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.
ბანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან, გადააბარონ ბანკის საქმეები ლივკიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. ხოლო, ლიკვიდატორმა თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს ბანკის საქმეები ბანკის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ ბანკის საქმეების გადმობარებას, ლიკვიდატორმა მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად უნდა აღწეროს და შეადგინოს ბანკის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი და ამავდროულად მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.
ლიკვიდატორი ვალდებულია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში:
ა) შეადგინოს სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს.
ბ) დაუგზავნოს შეტყობინებები მოკორესპონდენტო ბანკებს, საბანკო ბარათებისა და ფულადი გზავნილებების ანგარიშსწორებათა მომსახურე ორგანიზაციებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება და მოითხოვოს ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათების გაუქმება;
გ) უზრუნველყოს ბანკის კუთვნილი ყველა ბანკომატის დალუქვა;
დ) გააკეთოს განაცხადები საჯარო რეესტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს სალიკვიდაციო ბანკის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) გასხვისება;
ე) დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკის ყოფილ ყველა ადმინისტრატორს ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიასთან ერთად, უნდა გაანადგუროს ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი და შესაბამისი განადგურების აქტი წარმოადგინოს ეროვნულ ბანკში. ლიკვიდატორმა ამავდროულად უნდა უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.
ლიკვიდატორმა მოკორესპონდენტო ბანკებში უნდა წარადგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშები.
ლიკვიდატორმა უნდა უზრუნველყოს სხვა ბანკებში სალიკვიდაციო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხების გადარიცხვა ეროვნულ ბანკში არსებულ სალიკვიდაციო ანგარიშებზე და ასეთი საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვა.
ლიკვიდატორმა სალიკვიდაციო ბანკის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში:
ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება კრედიტორებს უნდა აცნობოს სპეციალური შეტყობინებით, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ დადგენილ ვადებში ბანკს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთები. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით.
ბ) ბანკის მსესხებლებს და სხვა დებიტორებს უნდა დაუგზავნოს შეტყობინებები ხელშეკრულებების შესაბამისად ბანკის წინაშე არსებული დავალიანების (ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების) სრულად და დროულად დაფარვის შესახებ და უნდა მოსთხოვოს 1 თვეში წერილობითი დასტურის წარდგენა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. შეტყობინებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ, თუ ვალდებულების დაფარვა წერილობით არ არის დადასტურებული, ლიკვიდატორი სასარჩელს შეიტანს შესაბამის სასამართლოში.
ლიკვიდატორი ვალდებულია საჯარო აუქციონზე გაყიდოს ბანკის აქტივები ან აქტივების ხელსაყრელი პირობებით რეალიზაციისათვის ამოირჩიოს რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა. ამისათვის მან ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს ის გათვლები და ვარაუდები, რომლებსაც დაეყრდნობა რეალიზაციის ფორმის შერჩევისას, კერძოდ, ამონაგები თანხის ოდენობის, რეალიზაციის ვადების, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, აქტივების ფლობასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების შესახებ.
ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) დანიშვნიდან ორ თვეში ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად გაუგზავნოს დაზღვეული წერილობითი ამონაწერები ყველა იმ პირს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, ვის ქონებასაც განაგებს ბანკი, რომლებშიც აღნიშნული იქნება, რომ წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში მათ საკუთარი ფასეულობის მისაღებად უნდა წარადგინონ თავიანთი მოთხოვნის რეალურობის დამადასტურებელი საბუთები;
გ) დანიშვნიდან ორ თვეში მიიღოს საჭირო ზომები რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება; დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს და ყველა ანგარიშსწორება განახორციელოს რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს ბანკის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში - მათი აუდიტორული შეფასება;
ე) ამ მუხლის მე–9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეადგინოს ბანკის აქტივ-პასივების რეალური ნუსხა (ბალანსი) და გამოსაქვეყნებლად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ვ) უზრუნველყოს ბანკის მიმართ მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
ზ) ბანკის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების ბანკისათვის ხელსაყრელ რესტრუქტურიზაციას, რომელთაც არა აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და დროულად დასაფარავად;
თ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;
ი) ბანკში ქონების გაფლნაგვა-განიავებისა და დატაცების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საქმეები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;
კ) გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ ან სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
ლ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სალიკვიდაციო ბანკის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში;
მ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ნ) ბანკის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
ო) მესაკუთრის გამოვლენის მიზნით ეროვნულ ბანკს შესანახად გადასცეს ფულადი სახსრები და ქონება (შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად), რომელიც ერიცხება ბანკს ხელშეკრულებების ან სხვა დოკუმენტების საფუძველზე და რომელთა გამოთხოვაც არ მოხდა ამონაწერში მითითებულ ვადებში;
პ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;
ჟ) მოეპყროს ბანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.
ლიკვიდაციის პროცესში ბანკის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს სალიკვიდაციო ბანკის საქმეები.
მუხლი 5🔗.
მოთხოვნების დაკმაყოფილება
ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არა უმეტეს 1500 ლარისა;
გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები;
ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ვ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.
თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.
ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.
ამ მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნების თანაბარი პროპორციით დაფარვის უზრუნველსაყოფად ლიკვიდატორს უფლება აქვს მოახდინოს აქტივების რეალიზაციის შედეგად ნაწილ-ნაწილ შემოსული თანხების აკუმულირება.
მუხლი 6🔗.
სალიკვიდაციო ბანკის აქტივების საჯარო აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა
ლიკვიდატორის მიერ ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში ბანკის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების საჯარო აუქციონი წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს ლიკვიდატორი. იგი აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 10 კალენდარული დღით ადრე აქვეყნებს სპეციალურ განცხადებას პრესაში, რომელიც უნდა მოიცავდეს აუქციონის გამართვის თარიღს, გასაყიდი ქონების და/ან აქტივის დასახელებას და საწყის ფასს, აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღების ვადასა და ადგილს, ,,ბე“–ს მოცულობასა და შეტანის წესს, აუქციონის პირობებს და სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის მოკლე აღწერას, განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც აქვთ უფლებები აუქციონზე გასაყიდად გასატან ნივთზე, ვალდებული არიან ამ უფლებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ბ) განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, საინფორმაციო წყაროების მითითებით, ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 კალენდარული დღით ადრე;
გ) აუქციონს ატარებს აუქციონის ჩატარების მიზნით ლიკვიდატორის მიერ შექმნილი სააუქციონო კომისია ლიკვიდატორის თავმჯდომარეობით. სააუქციონო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან, რომლებსაც შეარჩევს ლიკვიდატორი საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით;
დ) აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება;
ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს შევსებული განცხადების ფორმა, ბეს შეტანის ქვითარი; ფიზიკურმა პირმა - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიულმა პირმა - წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონების რამდენიმე ობიექტით ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ,,ბე“ ცალ-ცალკე ყველა ობიექტისათვის. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, კომისია მონაწილეს გადასცემს ,,საჯარო აუქციონის მონაწილის ბარათს";
ვ) აუქციონს გახსნილად აცხადებს ლიკვიდატორი (კომისიის თავმჯდომარე) და მონაწილეებს სთავაზობს საწყის ფასს. აუქციონი გრძელდება მანამდე, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. ლიკვიდატორმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შეთავაზება სამჯერ ხმამაღლა და მყიდველი;
ზ) აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 კალენდარულ დღეში მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებული ფასის შესაბამისი ფულადი თანხა შეიტანოს ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების სულ ცოტა 50 %, გადახდის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 15 კალენდარული დღით. შესაძლებელია სათანადო დასაბუთების არსებობისას, ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით, მოხდეს ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დროულად არ გადაიხდის აუქციონზე დასახელებულ თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და ბე არ უბრუნდება;
თ) თუ აუქციონის მონაწილის ბარათის მფლობელი ვერ გახდება გამარჯვებული ან არ გამოცხადდება საჯარო აუქციონზე, ან მონაწილეობას არ მიიღებს ვაჭრობაში, მას გადახდილი ბე უბრუნდება;
ი) ქონების და/ან აქტივის შემძენს ამ ქონების და/ან აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
კ) აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე;
ლ) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე ქონების და/ან აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
მ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების და/ან აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო ქონების და/ან აქტივის საწყისი ფასი, ლიკვიდატორის მხრიდან სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში;
ნ) ყოველი აუქციონის შემდეგ ლიკვიდატორის მიერ შექმნილი კომისია აჯამებს საჯარო აუქციონის შედეგებს, ადგენს შესაბამის ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება და მას ხელს აწერენ მყიდველი, კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. საჯარო აუქციონის ოქმს მოხსენებით ბარათთან ერთად ლიკვიდატორი წარუდგენს ეროვნულ ბანკს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
ლიკვიდატორის მიერ ფინანსურ აქტივებზე ბანკის მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო აუქციონი ტარდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების გარდა, ბანკის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო აუქციონი ჩაატაროს დამატებით.
ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის მოთხოვნის უფლებები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით გააუქმოს საბალანსო უწყისიდან.
მუხლი 7🔗.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულება
ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სალიკვიდაციო ბანკის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ბანკის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე.
ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) სრულადაა დაფარული ბანკის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;
ბ) ბანკს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად და იგი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა გაკოტრებულად.
ბანკს აქტივები აღარა აქვს, თუ:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს ბანკის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ ბანკის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ბანკის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) ბანკის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
დ) ინფორმაციას ბანკის მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
ბანკის ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ ბანკის სალიკვიდაციო აქტს, ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.
ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით.
იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, ბანკს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს ბანკის აქციონერებს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით.
გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით, შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად. საქმიანობის საგნის შეცვლა უნდა ემსახურებოდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას, რისთვისაც საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. აქციონერთა გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი ეკონომიკური გათვლებითა და გაანგარიშებებით.
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში წყდება ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი და იგი აღარ ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
11. ბანკის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება ბანკის დარჩენილ კრედიტორებზე, განხორციელდება ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ეროვნული ბანკის უფლებები
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკი;
ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
გ) ადმინისტრაციული აქტით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების გამო მათი სერიოზულობის გათვალისწინებით ლიკვიდატორის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი ან საქმე გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს.
მუხლი 9🔗.
ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა
ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:
ა) ბანკის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების შეგნებულად გაჭიანურებისათვის;
ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ბანკის აქტივების გაფლანგვა-განიავებისა და ბანკის ყოფილი ადმინისტრატორების ან თავად ლიკვიდატორის მხრიდან ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;
გ) სხვა ბანკებისაგან და ეროვნული ბანკისგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისათვის;
დ) სალიკვიდაციო ბანკის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;
ე) ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;
ვ) ბანკის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის.
ზ) ფინანსური დარღვევებისათვის.
თ) ბანკის კლიენტებთან არაეთიკური მოპყრობისათვის.
ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით.
მუხლი 10🔗.
ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ბანკის სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისათვის ბანკის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
პირს ეკრძალება იყოს ბანკის ლიკვიდატორი თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.
ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.
ერთი და იგივე პირი შეიძლება დანიშნული იქნას ლიკვიდატორად რამოდენიმე ბანკში.
დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.
შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით.