⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.09.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.03.2015
ძალის დაკარგვა 27.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №25/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,059 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.03.2015 მიღება
27.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №25/04 2015 წლის 10 მარტი ქ. თბილისი კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ“ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 28 დეკემბრის №318 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა კომერციულ ბანკებში შიდააუდიტორული საქმიანობისადმი მოთხოვნების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში - ეროვნული ბანკი) კომერციული ბანკებში რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის განვითარების მიზნით აწესებს მოთხოვნებს შიდააუდიტორული საქმიანობისადმი. საბანკო სისტემაში შიდააუდიტორული საქმიანობის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია ჩამოაყალიბოს შიდააუდიტორული სამსახური (შემდგომში - სამსახური), უზრუნველყოს და დაიცვას მისი დამოუკიდებელი საქმიანობა. სამსახურის ძირითადი ამოცანა და მიზანია ბანკის შიდა კონტროლის, რისკების მართვის, მართვის სისტემებისა და პროცესების ხარისხისა და ეფექტიანობის დამოუკიდებელი შეფასების განხორციელება. სამსახურის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას, მათ შორის, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის პრინციპებსა და შიდა აუდიტორების ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. სამსახურის ფუნქციონირება და მისი საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ პრინციპებზე: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კომპეტენტურობა; გ) მიუკერძოებლობა; დ) შიდა აუდიტის პროგრამისა და მასშტაბის ადეკვატურობა; ე) რესურსებით უზრუნველყოფა. სამსახური მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ბანკის აუდიტის კომიტეტის წინაშე. სამსახურის მიერ მომზადებულმა დასკვნებმა დახმარება უნდა გაუწიოს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს ბანკის საქმიანობაში არსებული რისკის დონის დადგენაში, პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში, ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებაში. ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის ფუნქციების, პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების ჩამოყალიბება და შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისათვის. მუხლი 2🔗. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის პასუხისმგებლობა შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის ბანკის სამეთვალყურეო საბჭო, მასთან არსებული აუდიტის კომიტეტი და დირექტორატი პასუხს აგებენ აქციონერთა საერთო კრების წინაშე ბანკში სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის. ბანკის აუდიტის კომიტეტი უფლებამოსილია სამსახურის მეშვეობით ჩაატაროს ბანკის ანგარიშგებისა და საბუღალტრო ჩანაწერების, შიდა კონტროლის, რისკების მართვისა და მართვის სისტემებისა და პროცესების ხარისხისა და ეფექტიანობის შეფასება. ბანკის აუდიტის კომიტეტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს სამსახურის დებულება და ორგანიზება გაუწიოს ბანკში სამსახურის ფუნქციონირებას. სამსახურის დებულებაში ჩამოყალიბებული და განსაზღვრული უნდა იყოს: ა) სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა; ბ) სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები; გ) სამსახურის საქმიანობის სფერო და მასშტაბები; დ) სამსახურის ანგარიშვალდებულება ბანკის აუდიტის კომიტეტისწინაშე; ე)სამსახურსა და ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ანგარიშვალდებულებრივი ურთიერთობები; ვ) სამსახურისა და მისი თანამშრომლების უფლება-მოვალეობანი; ზ) შიდა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების პროცედურები, აგრეთვე  აუდიტორული შემოწმებების, გამოკვლევების, დასკვნებისა და რეკომენდაციების აუდიტის კომიტეტისათვის მოხსენების პროცედურები; თ) შიდააუდიტორულ საქმიანობაში შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები. ბანკის აუდიტის კომიტეტი ვალდებულია: ა) განიხილოს და დაამტკიცოს სამსახურის მიერ მომზადებული შიდა აუდიტის წლიური სამუშაო პროგრამა კვარტალების მიხედვით; ბ) კონტროლი გაუწიოს სამსახურის მუშაობას მისი საქმიანობის კვარტალური და წლიური სამუშაო პროგრამის მიხედვით; გ) უზრუნველყოს სამსახურის ობიექტურობა და მისი დამოუკიდებლობა დირექტორატისაგან;  დ) განიხილოს სამსახურის კვარტალური მოხსენებები, დაამტკიცოს აუდიტორული გამოკვლევები და რეკომენდაციები, წარუდგინოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს ინფორმაციისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების გასატარებლად; ე) შეაფასოს სამსახურისა და მისი უფროსის  მიერ გაწეული მუშაობა პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომის გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება; ვ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატთან ერთად უზრუნველყოს ბანკის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობა სამსახურთან; ზ) არ დაუშვას სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების საქმიანობაში დირექტორატისა და ბანკის სხვა თანამშრომლების ისეთი ჩარევა, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს სამსახურის დამოუკიდებლობა; თ) ხელი შეუწყოს სამსახურსა და გარე აუდიტს შორის, ასევე, სამსახურსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობას რისკებისა და ხარვეზების ეფექტიანი იდენტიფიცირებისათვის. მუხლი 3🔗. შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობა კომერციულ ბანკში შიდააუდიტორული საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს, რასაც უნდა განაპირობებდეს  ბანკის დირექტორატის მხრიდან ჩაურევლობა, სტრუქტურული დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საკადრო პოლიტიკა და შრომის ანაზღაურების სისტემა. შიდააუდიტორულ საქმიანობაში სტრუქტურული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სამსახური ანგარიშვალდებული უნდა იყოს ბანკის აუდიტის კომიტეტის წინაშე. ბანკის შიდააუდიტორულ საქმიანობაში დამოუკიდებელი საკადრო პოლიტიკის წარმართვის მიზნით: ა) სამსახურის საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ მხოლოდ აუდიტის კომიტეტისა წარდგინებისა და თანხმობის საფუძველზე; ბ) სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს  სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ აუდიტის კომიტეტის წარდგინებისა და თანხმობის საფუძველზე; გ) სამსახურის სხვა თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება ხდება მხოლოდ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, რაც ბანკის შიდა პროცედურების თანახმად შეიძლება საჭიროებდეს აუდიტის კომიტეტთან შეთანხმებას. სამსახურის უფროსის, მისი მოადგილისა და სხვა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისებისა და ამ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს აუდიტის კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ან სამეთვალყურეო საბჭო აუდიტის კომიტეტის წარდგინებით. დაუშვებელია სამსახურის თანამშრომლების ანაზრაურების დამტკიცებაში ბანკის დირექტორატისა და სხვა აღმასრულებელი სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობა. აუდიტის კომიტეტმა და სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყონ სამსახურის ადეკვატური რესურსებით უზრუნველყოფა და მისი თანამშრომლებისათვის ისეთი ანაზღაურებისა და მოტივაციების სისტემის არსებობა, რომელიც იძლევა პროფესიონალური კადრების აყვანისა და შენარჩუნების შესაძლებლობას. შიდააუდიტორული სამსახურის  დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის თანამშრომლების ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე, რომლებსაც ამოწმებს სამსახური.  მუხლი 4🔗. აუდიტის კომიტეტისა და შიდააუდიტორული სამსახურის უფლებები აუდიტის კომიტეტს შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით უფლება აქვს: ა) ჩამოაყალიბოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს სამსახურის საშტატო ნუსხა;         ბ) განიხილოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები; გ) შეთანხმების მიზნით განიხილოს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი სამსახურის ნებისმიერი თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები; დ) დაამტკიცოს ან სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურის უფროსის, მისი მოადგილისა და სამსახურის სხვა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისებისა და ამ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების შესახებ საკითხები; ე) რეგულარულად მოიწვიოს კვარტალური და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საგანგებო შეხვედრები სამსახურის უფროსსა და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად; ვ) სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად განიხილოს შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და დირექტორატის მხრიდან სამსახურის რეკომენდაციების უგულებელყოფის ან მაკორექტირებელი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს ბანკის პასუხისმგებელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოქმედი კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე აუდიტის კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვროს შიდა აუდიტის ჩატარების ფორმები და მეთოდები;                  ბ) შიდააუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ბანკის ნებისმიერი იურიდიული, ბუღალტრული და სხვა შიდა დოკუმენტები, აგრეთვე აუდიტთან დაკავშირებით ნებისმიერი საჭირო განმარტება ზეპირი თუ წერილობითი ფორმით; გ) სრული მოცულობით შეამოწმოს ბანკის საფინანსო, სამეურნეო და ადმინისტრაციული საქმიანობა, ნებისმიერი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე შეამოწმოს ბანკის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პრაქტიკა და პროცედურები, დაადგინოს მათი უტყუარობა, სისრულე და შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და დადგენილ ნორმატივებთან; დ)საბანკო საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის განხორციელებული ყველა ოპერაცია და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მოახსენოს იგი აუდიტის კომიტეტსა და, შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს;  ე) ერთპიროვნულად ან გარე აუდიტთან ერთად იქონიოს ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან, პარტნიორ ბანკებთან, ბანკის კლიენტებსა და სხვა კრედიტორებთან, ასევე მესამე პირის სხვა მხარეებთან ანგარიშების ნაშთების ან იმ საბანკო ოპერაციების შესწავლისა თუ დადასტურების მიზნით, რომელთა აუდიტორული შემოწმებაც ხდება; ვ) ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან და გარე აუდიტთან ბანკის შიდა კონტროლის, რისკების მართვისა და მართვის სისტემებისა და პროცესების შეფასების ეფექტიანობის ზრდისათვის; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით პირდაპირი და კონფიდენციალური ურთიერთობა იქონიოს ბანკის აუდიტის კომიტეტთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, დირექტორატთან, ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე გარე აუდიტორებთან; თ) შიდა აუდიტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისათვის შეხვდეს ბანკის შესაბამისი სამსახურების ნებისმიერ მუშაკს და დირექტორატის წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს აუდიტის კომიტეტის სხდომის გამართვა მათი მოწვევით. სამსახურის მიერ ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდება არ ითვლება კონფიდენციალურობის დარღვევად და კომერციული ბანკის დირექტორატი და სხვა თანამშრომლები ვალდებული არიან არ შეაფერხონ ეროვნულ ბანკსა და შიდა აუდიტს შორის პირდაპირი თანამშრომლობა. მუხლი 5🔗. შიდააუდიტორული სამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურს ეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობა: ა) შეასრულოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შიდა აუდიტის სტანდარტები ამ დებულების შესაბამისად; ბ) განიხილოს ბანკის შიდა კონტროლის სისტემა, შეაფასოს ამ სისტემის ადეკვატურობა და ეფექტიანობა, ჩამოაყალიბოს რეკომენდაციები ამ სისტემის გასაუმჯობესებლად და გაუწიოს მას მონიტორინგი; გ) განსაზღვროს შეესაბამება თუ არა ბანკის მმართველობის სისტემა, პოლიტიკა და სტრატეგია მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებს; დ) გარკვეული პერიოდულობით შეამოწმოს ბანკის ოპერაციები, პროგრამები და თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობა და განსაზღვროს მათი შესაბამისობა ბანკის ბიზნესგეგმებთან, დასახულ მიზნებსა და ამოცანებთან; ე) შეამოწმოს შეესაბამება თუ არა ბანკის თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულება ბანკის შიდა ინსტრუქციებს, პოლიტიკასა და პროცედურებს, აგრეთვე მოქმედ კანონმდებლობას და ეროვნული ბანკის მოთხოვნებს; ვ) შეაფასოს ბანკის მიერ საკუთარი რესურსების გამოყენების ეფექტიანობა და შედეგები მოახსენოს აუდიტის კომიტეტს; ზ) შეაფასოს მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის სანდოობა, სისწორე, სისრულე და ასეთი ინფორმაციის იდენტიფიცირების, კლასიფიცირებისა და მოხსენების პროცედურის ეფექტიანობა; თ) გარე აუდიტის ეფექტიანი განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს გარე აუდიტორებთან; ი) მოამზადოს და აუდიტის კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს შიდააუდიტორული საქმიანობის პროგრამა თითოეული ფისკალური წლისათვის კვარტალების მიხედვით; კ) დაგეგმოს თითოეული შიდააუდიტორული შემოწმება, ჩაატაროს შესაბამისი პროცედურები და შემოწმების შედეგები მოახსენოს უდიტის კომიტეტს; ლ) აუდიტის ობიექტურად განხორციელების მიზნით განიხილოს აუდიტის შედეგები და რეკომენდაციები აუდიტის  მსვლელობისას და მისი დამთავრებისას, იმ პირებთან ერთად, რომელთა საქმიანობაც შემოწმდა; მ) შეამოწმოს ბანკის დირექტორატის მიერ შიდა და გარე აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების დროულად და ადეკვატურად განხორციელება; ნ) მოამზადოს და აუდიტის კომიტეტს წარუდგინოს კვარტალური მოხსენება, რომელშიც განხილული იქნება აუდიტორული შემოწმების შედეგად მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ასევე ყველა მნიშვნელოვანი მაკორექტირებელი ღონისძიება, რომლებიც ამ რეკომენდაციების საფუძველზე მხედველობაში მიიღო ბანკის დირექტორატმა; ო) დაეხმაროს ბანკის უსაფრთხოების სამსახურს არასწორი მოქმედებების გამოძიებასა და დადგენაში; პ) მიიღოს მონაწილეობა ბანკის დირექტორატსა და გარე აუდიტორებთან ერთად იმ აუდიტორული შემოწმების დაგეგმვასა და ჩატარებაში, რომელიც ობიექტების ყიდვა-გაყიდვასა და მსგავს წინადადებებთან (კაპიტალდაბანდებათა შეძენა და გასხვისება, შვილობილი ორგანიზაციის ყიდვა-გაყიდვა, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა, იჯარით გაცემა და სხვა მსგავსი უფლებები) არის დაკავშირებული; ჟ) ჩაატაროს სპეციალური აუდიტი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის ან ეროვნული ბანკის მოთხოვნით; რ) მოახსენოს აუდიტის კომიტეტს სამსახურის საქმიანობისათვის შექმნილი დაბრკოლებები; ს) საიდუმლოდ შეინახოს შიდააუდიტორული საქმიანობის განხორციელების დროს მიღებული ინფორმაცია, არ გაახმაუროს კომერციული საიდუმლოების შემცველი ცნობები, არ გამოიყენოს ისინი თავისი ან მესამე პირის ინტერესებისათვის, განუხრელად დაიცვას საბანკო საიდუმლოება. აღნიშნული არ ეხება შიდა აუდიტის მიერ ინფორმაციის ეროვნული ბანკისა და გარე აუდიტისათვის გამჟღავნებას. მუხლი 6🔗. შიდააუდიტორული სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები სამსახურის შესაბამის თანამდებობებზე მიღება უნდა განხორციელდეს კვალიფიკაციის კრიტერიუმების გათვალისწინებით. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს უნდა ჰქონდეს: ა) საუნივერსიტეტო განათლება ბუღალტერიაში, საბანკო საქმეში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც მნიშვნელოვანია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი მაღალი რანგის თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე); გ) საქმისადმი მიუკერძოებელი მიდგომა; დ) საბანკო ოპერაციების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის ცოდნა. სამსახურის უფროსის მოადგილეს უნდა ჰქონდეს: ა) საუნივერსიტეტო განათლება ბუღალტერიაში, საბანკო საქმეში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც მნიშვნელოვანია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი მაღალი რანგის თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე); გ) საქმისადმი მიუკერძოებელი მიდგომა; დ) საბანკო ოპერაციების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის ცოდნა. შიდა აუდიტორს უნდა ჰქონდეს დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო განათლება, საქმისადმი მიუკერძოებელი მიდგომა. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, სამსახურის უფროსს, მის მოადგილესა და თანამშრომელს მოეთხოვება, ჰქონდეს ბანკის საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება. მუხლი 7🔗. მოთხოვნები კომერციული ბანკის მიმართ თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია სახელმძღვანელოდ მიიღოს ამ დებულებით გათვალისწინებული სტანდარტები, რათა: ა) ხელმძღვანელობის ყველა რგოლისათვის გასაგები და მისაღები იყოს შიდა აუდიტის როლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; ბ) შეიქმნას სათანადო ბაზა აუდიტის კომიტეტისათვის, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს და შეაფასოს სამსახურის მუშაობა. კომერციული ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია სამსახურის უფროსის დანიშვნამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია; ბ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ. კომერციული ბანკი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს აცნობოს ინფორმაცია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ, ხოლო, სადაც ეს შესაძლებელია, აღნიშნული ღონისძიების განხორცილებამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით  ადრე. მუხლი 8🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს შიდააუდიტორულ სამსახურთან და აუდიტის კომიტეტთან ბანკის შიდა კონტროლის, რისკების მართვისა და მართვის სისტემებისა და პროცესების ხარისხისა და ეფექტიანობის შეფასებისათვის.  ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების შეფასებისას ადგენს: ა) ჩამოაყალიბა თუ არა ბანკმა შიდააუდიტორული სამსახური, უზრუნველყოფილია თუ არა ეს სამსახური სამუშაო პირობებითა და სათანადო მასალებით; ბ) ასრულებს თუ არა ბანკი ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოთხოვოს აუდიტის კომიტეტსა და სამეთვალყურეო საბჭოს შიდა აუდიტის დამატებითი რესურსებით უზრუნველყოფა, თუ თვლის, რომ არსებული რესურსები არ არის საკმარისი წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება ითვალისწინებდეს კონკრეტული კვალიფიკაციის აუდიტორების დანიშვნას. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, შეამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა სამსახური აღნიშნული დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შეესაბამება თუ არა სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების განათლება, კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება ბანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. ასეთი შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების, კონკრეტულ საკითხზე თანამშრომლობის, მათ მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგების ანალიზის ფარგლებში. აღნიშნულის შედეგად ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოთხოვოს ბანკის აუდიტის კომიტეტს ან/და სამეთვალყურეო საბჭოს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის წარმოდგენა თუ იგი დასაბუთებულად ჩათვლის, რომსამსახური ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.   ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოთხოვოს აუდიტის კომიტეტსა და/ან სამეთვალყურეო საბჭოს ზომების მიღება სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის. ასეთი ზომები შესაძლებელია მოიცავდეს ანაზღაურებისა და მოტივაციის პოლიტიკის ცვლილებას, სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას, მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის შესაძლებლობის მიცემას. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ან მისი გათავისუფლების შემდეგ ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, გაესაუბროს მას მისი წასვლის მიზეზების, აღნიშნულთან დაკავშირებული სხვადასხვა რელევანტური ფაქტისა და გარემოების დაზუსტების მიზნით. იმ ბანკების მიმართ, რომელთა შიდააუდიტორული საქმიანობაც არ შეესაბამება ამ დებულების მოთხოვნებს და რეკომენდებულ შიდა აუდიტის სტანდარტებს, ეროვნული ბანკი გამოიყენებს ”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს ჯარიმების ჩათვლით.