„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2235
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 20/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 04.03.2004, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პოლიციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი;“;

ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-17 მუხლს დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. პოლიციაში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით (არა უმეტეს სამი თვისა) სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის უფლებამოსილებით, ასევე მასზე არ გაიცემა სტაჟირებასთან დაკავშირებული პირადობის მოწმობები. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას, შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მონაცემების დაშიფვრა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი, შეიძლება ირიცხებოდეს პოლიციის კადრებში და ფორმალურად მსახურობდეს (დაშიფრული მონაცემებით) სხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში (დაშიფვრისას არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების დასახელება). აღნიშნული კატეგორიის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები

1. პოლიციაში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 10 წლის გამოცდილება.

4. პოლიციაში მიღებისას გამოიყენება გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი თანამდებობაზე ინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად ან სამსახურებრივი დაწინაურებით.

5. პოლიციაში მიღებისას, აგრეთვე ყოველწლიურად, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას (დეკლარაციას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6. პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა პოლიციის უფროსს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სამსახურში მიღებაზე, შესაბამისი თანამდებობის მითითებით;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ე) 6 ფოტოსურათი;

ვ) გაცემული შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამხედრო ბილეთი;

თ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან;

ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

კ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

მ) მონაცემები მშობლების, მეუღლის, შვილის, ძმისა და დის დაბადების წლის, ადგილის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის დასახელების მითითებით;

ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

7. მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლიციის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.

8. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 მუხლები:

     „მუხლი 181. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება

1. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატურების შერჩევა;

ბ) კანდიდატურის მიერ მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება;

გ) პოლიციის მოსამზადებელი კურსების გავლა და სწავლების შედეგების შეფასება, რომელიც გულისხმობს კანდიდატურისთვის სპეციალური სწავლების კურსის გავლას (იგულისხმება პრაქტიკული მეცადინეობის კურსის გავლა პოლიციის დანაყოფებში, ასევე კანდიდატურის ოპერატიული შესწავლა), სწავლების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციის მიცემას პოლიციაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნაზე. კანდიდატურის ოპერატიული შესწავლის მასალები წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი საჯაროდ გამოცხადება დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;

დ) თანამდებობაზე დანიშვნა, ან რეზერვში აყვანა, რომელიც გულისხმობს მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატურისათვის შესაფერისი თანამდებობის შერჩევასა და დანიშვნას.

2. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

3. ის პირი, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მსახურობს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფილებს მისი პოლიციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს) და მისი სამსახურის გაგრძელება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნეს (ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ პერიოდის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის ან გაუვლელობის შემთხვევაში, გათავისუფლდება დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.

4. იმ თანამდებობების ჩამონათვალს, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს იმ სასწავლო დაწესებულებას, სადაც უნდა განხორციელდეს პოლიციაში მისაღები კანდიდატების მოსამზადებელი ან პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო სწავლებები.

    მუხლი 182. პოლიციაში კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნა

1. პოლიციაში ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა იმ თანამდებობისა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება) დანიშვნა ხორციელდება კონკურსის წესით.

2. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:

ა) კონკურსის ჩატარებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და აკმაყოფილებს პოლიციაში მიღებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

     „მუხლი 191. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

1. პოლიციაში არ შეიძლება მიღებულ იქნეს და მსახურობდეს:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, თუ მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი;

დ) პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, ან შეზღუდულ ქმედუნარიანად არის აღიარებული;

ე) პირი, თუ იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობლებს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას ან ძმას;

ვ) პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. პოლიციაში იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო საქმიანობა არ შეიძლება დანიშნულ იქნეს პირი, რომელიც ერთხელ მაინც არის დათხოვილი საჯარო სამსახურიდან უარყოფითი მოტივით.

3. პოლიციაში მიიღებიან ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან კანონის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან მისგან, ხოლო პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, დაინიშნებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ საყოველთაო-სამხედრო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გვარდიის ნაწილებში (მათ შორის, ყოფილ სსრკ-ი ს ჯარებში) ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში, სამხედრო კათედრაზე გაიარეს მომზადების სრული კურსი და მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება (აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ქალებზე).

4. პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ იქნეს:

ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდება“;

ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება“;

გ) დებულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ“;

დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი“;

ე) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამა.“.

    მუხლი 3.

ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ვალდებულნი არიან ჩააბარონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საკვალიფიკაციო გამოცდები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან.

    მუხლი 4.

ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში პოლიციის თანამშრომლებს (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირებისა) ჩაუტარდებათ ატესტაცია და დადებითი შეფასების შემთხვევაში გააგრძელებენ მუშაობას დაკავებულ თანამდებობებზე, ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 5.

ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოყალიბებული მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ პოლიციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ამ კანონის ამოქმედებამდე.

    მუხლი 6.

2007 წლის 1 იანვრამდე ის პირი, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მსახურობს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოებში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფილებს პოლიციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს) და მისი სამსახურის გაგრძელება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება პოლიციაში დაინიშნოს (ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ დროის განმავლობაში აღნიშნული პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის ან გაუვლელობის შემთხვევაში გათავისუფლდება თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.

    მუხლი 7.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით ჩამოყალიბებული 181 მუხლის მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 181 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 დეკემბერი.

№2235–IIს