საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
ძალის დაკარგვა 20.06.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/48
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.06.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2019
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/48
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №3/71 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მწერალთა სახლი დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 ოქტომბრის №505 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის მწერალთა სახლის“ უფლებამონაცვლეს.
2. მწერალთა სახლი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებაა „მწერალთა სახლი“.
4. მწერალთა სახლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. მწერალთა სახლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა №13.
მუხლი 2🔗.
მწერალთა სახლის მიზნები და ამოცანები
მწერალთა სახლის მიზნები და ამოცანებია:
ა) ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია (ქართული მწერლობის შესახებ საინფორმაციო ბაზის, ელექტრონული ბიბლიოთეკისა და მრავალენოვანი ლიტერატურული პორტალის შექმნა);
ბ) მხატვრული თარგმანის განვითარება;
გ) უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და კავშირებთან კონტაქტების განვითარება;
დ) სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობა (ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვები, განხილვები, დისპუტები);
ე) ლიტერატურული კონკურსების, პრემიების დაწესება;
ვ) ლიტერატურული გაზეთის დაფუძნება და გამოცემა.
მუხლი 3🔗.
მწერალთა სახლის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი
1. მწერალთა სახლი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ლიტერატურული გაზეთის დაფუძნება და გამოცემა;
ბ) განახორციელოს მთარგმნელობითი საქმიანობა და მისი განვითარების ხელშეწყობა;
გ) განახორციელოს ლიტერატურული კონკურსების, პრემიების დაწესება და ჩატარება;
დ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან;
ე) მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;
ვ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ზ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;
თ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა.
2. მწერალთა სახლი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა.
მუხლი 4🔗.
მწერალთა სახლის მართვა და სტრუქტურა
1. მწერალთა სახლის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერი.
2. მწერალთა სახლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სტრუქტურას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორ-მენეჯერი.
მუხლი 5🔗.
მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის უფლებამოსილება
1. მწერალთა სახლის საქმიანობას წარმართავს დირექტორ-მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
2. მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერი:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს მწერალთა სახლის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მწერალთა სახლს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განაგებს და განკარგავს მწერალთა სახლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა მწერალთა სახლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; განსაზღვრავს სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს მწერალთა სახლის სტრუქტურას, ბიუჯეტს და შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;
ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მწერალთა სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე მწერალთა სახლის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
კ) ნიშნავს და ათავისუფლებს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის მოადგილეებს;
ლ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;
მ) ვალდებულია, მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დირექტორ-მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
3. დირექტორ-მენეჯერს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) 65 წლის ასაკის მიღწევისას.
ე) გარდაცვალებისას;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებული წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗.
მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო
1. მწერალთა სახლის შემოქმედებით საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 11 წევრისგან.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს წარადგენენ მწერალთა საზოგადოებრივი გაერთიანებები და/ან საინიციატივო ჯგუფები (არანაკლებ 10 ადამიანისაგან შემდგარი).
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი წევრების თავმჯდომარეობის საერთო ვადით, მაგრამ არა უმეტეს 33 თვისა.
5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც როტაციის წესით, 3 თვის ვადით ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის როტაციის წესით არჩევის პროცედურებს განსაზღვრავს საბჭო.
7. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ითანხმებს მწერალთა სახლის ბიუჯეტის პროექტს და დირექტორ-მენეჯერისგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;
ბ) განიხილავს და განსაზღვრავს მწერალთა სახლის შემოქმედებითი საქმიანობის პოლიტიკას, ძირითად მიმართულებებსა და ზედამხედველობას უწევს ამ მიმართულებათა განხორციელებას;
გ) განიხილავს მწერალთა სახლის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს; ითანხმებს მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის მიერ შემუშავებულ დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
დ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;
ე) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად მწერალთა სახლის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს; განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელოვნებო ან/და სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს გამოცემების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ზ) წარადგენს ღირსეულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;
თ) განიხილავს მწერალთა სახლის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗.
მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლი
1. მწერალთა სახლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გაუქმოს მწერალთა სახლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 8🔗.
მწერალთა სახლის ქონება
1. მწერალთა სახლს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მწერალთა სახლის ფინანსებსა და ქონებას.
3. მწერალთა სახლს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, მწერალთა სახლის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) მწერალთა სახლის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მწერალთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 9🔗.
მწერალთა სახლის დაფინანსების წყაროები
1. მწერალთა სახლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტები და შემოწირულობანი;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. მწერალთა სახლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.
3. მწერალთა სახლის შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მწერალთა სახლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10🔗.
მწერალთა სახლის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. მწერალთა სახლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. მწერალთა სახლი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. მწერალთა სახლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 11🔗.
მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. მწერალთა სახლის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მწერალთა სახლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 12🔗.
მწერალთა სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მწერალთა სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.