საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/44
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 11.10.2011
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/44
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი“ (შემდგომში ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის N603 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“უფლებამონაცვლეს.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. ცენტრის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი“.
4. ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქ. №4.
მუხლი 2🔗.
ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის მიზანია:
ა) ქართველი და კავკასიელი ერების დაახლოება, მათი კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია;
ბ) კავკასიის ერებს შორის დიალოგის, ურთიერთთანხმობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა;
გ) საქართველოსა და კავკასიის ერებს შორის სამეცნიერო კვლევების, კულტურულ და საზოგადოებრივ საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის ინიციირება და მხარდაჭერა;
დ) კავკასიის რეგიონის კულტურის, ისტორიის, საზოგადოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის შესწავლა და, შესაბამისად, ცოდნის პოპულარიზაცია.
2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი აწყობს:
ა) კონფერენციებს, შეხვედრებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, ლექციებს და სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებს;
ბ) გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს;
გ) კავკასიის სხვადასხვა ერების დიასპორულ ორგანიზაციებთან და კულტურულ ცენტრებთან ერთად ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს;
დ) ხელს უწყობს კავკასიის შესახებ ცოდნის პოპულარიზაციას, რეგიონის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, კავკასიურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობას;
ე) სპორტულ ღონისძიებებსა და ტურისტულ მოგზაურობებს.
3. ცენტრს უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) ითანამშრომლოს უცხოეთის მონათესავე საზოგადოებრივ და სამეცნიერო ცენტრებთან;
გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები;
დ) მოაწყოს გამოფენები, კონფერენციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ე) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
ვ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);
ზ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
თ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
მუხლი 3🔗.
ცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ ცენტრის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.
3. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
4. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, ცენტრის სახელით დებს გარიგებებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
დ) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ცენტრის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;
თ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.
მუხლი 4🔗.
ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო
1. ცენტრის მართვის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იქმნება სამეთვალყურეო ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის გზით, რომელიც ფორმდება ოქმის სახით.
3. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ამტკიცებს ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხარჯებსა და ბიუჯეტის პროექტს და დირექტორისაგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;
ბ) განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის პოლიტიკას, ძირითად მიმართულებებსა და ზედამხედველობას უწევს ამ მიმართულებათა განხორციელებას;
გ) ითანხმებს ცენტრის მიერ მასმედიის ნებიმიერი საშუალებისთვის და საზოგადოებისთვის გასაკეთებელ ოფიციალურ და საჯარო განცხადებებს;
დ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული დებულების ცვლილებების პროექტს;
ე) მოისმენს და განიხილავს ცენტრის დირექტორის მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს გრანტის მოსაპოვებლად ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს, აგრეთვე საქართველოს და უცხოეთის სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება 500 (ხუთასი) ლარს;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს კონფერენციებზე, სემინარებზე თუ სხვა სახის ღონისძიებებზე ცენტრის წარმომადგენლის წარგზავნის შესახებ;
ი) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗.
ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗.
ცენტრის ქონება
1. ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ცენტრის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 7🔗.
ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ცენტრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗.
ცენტრის დაფინანსების წყაროები
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტები და შემოწირულობანი;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) ცენტრის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 9🔗.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗.
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.