საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.03.2015
ძალის დაკარგვა 01.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/38
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/38
2015 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის N3/4 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის N626 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს.
2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. მუზეუმის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი“.
4. მუზეუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის, სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიული მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს.
6. მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
7. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗.
მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.
2. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.
3. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. მუზეუმის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეროვნული საგანძურის მოძიება, აღრიცხვა, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექცების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვერტარიზაცია და პოპულარიზაცია;
ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა);
გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება შემდგომში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში მათი დანერგვის მიზნით;
დ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით;
ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარება უმაღლეს, სპეციალურ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, პედაგოგთა პროფესიული მომზადების ცენტრებთან კოორდინირებული მუშაობის გზით;
ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მუზეუმის ფონდებში მუშაობისა და სამუზეუმო ლექციების გზით;
თ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით;
ი) მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში – თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან, ქ. თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში სამუზეუმო ლექციებისა და გაკვეთილების დასანერგად;
კ) კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა.
5. მუზეუმს უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) განახორციელოს ყველა სახის კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევით და/ან საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები, და სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა ყველა სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ე) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ვ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად;
ზ) აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას.
მუხლი 3🔗.
მუზეუმის მართვა და სტრუქტურა
1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მუზეუმის მართვას ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.
3. მუზეუმის გენერალური დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
დ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს;
ე) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;
ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს;
ზ) ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს;
თ) იღებს მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მუზეუმის მიზნებიდან და ამოცანებიდან.
4. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები. მათი რაოდენობის, ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
5. მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ მუზეუმის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას მუზეუმის მზრუნველთა საბჭო.
6. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულებია მუზეუმები და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები .
7. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ
მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების საფუძველზე, დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის გზით.
8. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.
9. მუზეუმს ჰყავს სტრუქტურული ქვედანაყოფები.
მუხლი 4🔗.
მუზეუმის სამეცნიერო საბჭო
1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.
3. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 (ოთხი) წლის ვადით. გენერალურ დირექტორს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე.
4. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. წევრთა შორის ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარედ დაინიშნება მათ შორის უხუცესი.
5. საბჭო განიხილავს:
ა) მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) სამეცნიერო კვლევით და საექსპოზიციო სამუშაოთა, სამეცნიერო კადრების მომზადების, სამეცნიერო ნაშრომთა გამოცემის პროექტებს;
გ) მუზეუმის სამეცნიერო და საექსპოზიციო საქმიანობის მიმდინარეობას და აძლევს შეფასებას მიღწეულ სამეცნიერო შედეგებს;
დ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან შემოქმედებითი თანამშრომლობის საკითხებს. ერთობლივ საკვლევაძიებო და სამეცნიერო სამუშაოთა დაგეგმვასა და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
6. მუზეუმის თემატური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მუზეუმის სამეცნიერო საბჭო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობის და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე.
7. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.
8. სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს იწვევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო საბჭოს წევრს, გენერალურ დირექტორს, შეუძლიათ მოითხოვონ საბჭოსაგან რიგგარეშე სხდომის გამართვა. გადაწყვეტილება საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე და სხდომის დღის წესრიგი საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე.
9. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 5🔗.
მუზეუმის სტუქტურული ქვედანაყოფები
1. მუზეუმის სტრუქტურულ ქვედანაყოფებია: დეპარტამენტები, სამსახურები და ლაბორატორიები.
2. მუზეუმის ქვედანაყოფების აღწერილობა, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ.
3. გენერალური დირექტორი ამტკიცებს მუზეუმის შიდა ინსტრუქციებსა და შინაგანაწესს, რომელიც იმპერატიული ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულოა მუზეუმის ყველა თანამშრომლისათვის.
4. გენერალური დირექტორი ამტკიცებს შრომით აღწერილობებს თითოეული საშტატო ერთეულისათვის.
5. გადაწყვეტილებას თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და საკადრო გადაადგილებების შესახებ იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.
მუხლი 6🔗.
სამუზეუმო ფონდი და მუზეუმის ქონება
1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმში არსებული ყველა სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობას.
2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას მუზეუმის ფარგლებში, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.
3. მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით, უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის გამგებლობაში შემავალი ყველა სხვა საკითხი.
4. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუზეუმს აქვს უფლება მოითხოვოს სამუზეუმო კოლექციებში დაცული ფასეულობის სარეკლამო თუ სხვა მიზნებისათვის სათანადო თანხმობის გარეშე გამოყენების აღკვეთა.
5. მუზეუმი ახორციელებს სამუზეუმო კოლექციებში დაცულ ფასეულობებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას.
6. მუზეუმის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 7🔗.
მუზეუმის დაფინანსების წყაროები
1. მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) მუზეუმის მიერ ბილეთების, ბუკლეტებისა და სხვა თვალსაჩინო მასალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 8🔗.
მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗.
მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი
1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 10🔗.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) მუზეუმის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, დანამატების, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 11🔗.
მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.