A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.03.2015
ძალაში შესვლა 20.03.2015
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 300030000.57.069.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 14.12.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 23.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება
№2
2015 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის №3 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 20 მარტიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი)“ შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის (შემდგომში – საბეჭდი ქაღალდის) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. აღნიშნული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბეჭდი ქაღალდის შესყიდვისა.
4. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.
5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.
6. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით. მატერიალური ფორმით შედგენილ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. გადაწყვეტილება მიიღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე წევრთა უმრავლესობის მიერ.
7. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაძლებელია განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.
8. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათაგან გამომდინარე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
3. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის პირობები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და პირობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
4. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი საბეჭდი ქაღალდის ერთეულის ფასზე.
5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
მუხლი 3🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლის შესაბამისად დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური).
2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 4🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების შეფასებისას და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პრინციპები.
3. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ თანაბარი უმცირესი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ფასი.
5. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე.
7. კონსოლიდირებული ტენდერიდან ელექტრონულ ვაჭრობაში გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის წინადადების ფასს, ასევე სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი.
მუხლი 5🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბეჭდი ქაღალდის მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.
3. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება.
4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სხვა მიმწოდებლისაგან საბეჭდი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საბეჭდი ქაღალდის საორიენტაციო რაოდენობის მთლიანი ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იმ შემსყიდველ ორგანიზაციასთან (ან ორგანიზაციებთან), რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. ჯარიმა ერთი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამოიყენება ერთხელ.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორების პირობები
1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. საბეჭდი ქაღალდის მიწოდების გეოგრაფიულ არეალთან, ტრანსპორტირების ხარჯებსა და მიწოდების პერიოდულობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.
3. სატენდერო კომისია, ბაზრის კონიუქტურის გათვალისწინებით, უფლებამოსილია, გადახედოს მიმწოდებლის მიერ საბეჭდი ქაღალდის შემოთავაზებულ ფასს და ბაზარზე შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განიხილოს მისაწოდებელი საბეჭდი ქაღალდის ერთეულის ფასის ცვლილება. მიმწოდებელსა და სატენდერო კომისიას შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტას. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ სანქციის გამოყენების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სანქციის ოდენობა და გამოყენების წესი განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
მუხლი 7🔗. ხელშეკრულების შეუსრულებლობა
1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) საბეჭდი ქაღალდის ღირებულების 5%-ის ოდენობით.
3. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია და იმავდროულად მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულის თაობაზე იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.