შპს ”წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძური” გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4256-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/4256-15 ( 330210315744885)

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

2015 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძური”

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (დირექტორი);

(წარმომადგენლობა – ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ბიძინა ჩიკვილაძე);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” დირექტორის შპს რეაბილიტაციის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 თებერვლის №28494 წერილის თანახმად, შპს წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის (ს/კ 231167634) და მისი წინამორბედი ორგანიზაციების (შპს „წინანდლის” და შპს „მესხის”) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. სსიპ – საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 28 იანვრის წერილის თანახმად, შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „GAZ 53-12”, სახელმწიფო ნომრით „RTR 650”; შპს „წინანდლის” სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება ” SAZ 3507”, სახელმწიფო ნომრით „TEL 076”. რაც შეეხება შპს „მესხს”, მის სახელზე სატრანსპორტო საშუალება ვერ იქნა მოძიებული. შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” ბალანსზე ასევე აღრიცხულია მოძრავი ქონება, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს. აღნიშნულ მოძრავ ნივთებს საგადასახადო ინსპექციის ბრძანებით დაედო ყადაღა. შპს ”წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურს” არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი. საწარმოს დავალიანება სახელწმიფოს წინაშე შეადგენს 18 138 480,98 (თვრამეტი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცი მთელი ოთხმოცდათვრამეტი მეასედი) ლარს. საწარმოს დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ირიცხება (იხ. ცნობა სს „ქართუ ბანკიდან”).

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) ბალანსზე აღრიცხულია მოძრავი ნივთები, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. განცხადებას ასევე ერთვის შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” მოძრავი ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტი. მასში ჩამოთვლილი ნივთების ღირებულებად მითითებულია 810 210 (რვაას ათი ათას ორას ათი) ლარი (იხ. 07.03.2007 წლის აქტი მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს
შპს ”წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) მეურვედ დაინიშოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურს” (ს/კ 231167634) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურს” (ს/კ 231167634), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

9. განემარტოთ უცხოელ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათთვის წინამდებარე განჩინების შესაბამის ენაზე ნათარგმნი ეგზემპლარის გადაცემიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „წინანდალი-საქართველოს ღვინის საგანძურის” (ს/კ 231167634) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უცხოელ კრედიტორთა არსებობის პირობებში უზრუნველყოს მათთვის გასაგებ ენაზე განჩინების თარგმნა და მისი კრედიტორებისათვის ჩაბარება.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 22 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

11. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2015 წლის 20 მარტისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს  დაფაზეც.

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                    ბესიკ სისვაძე