თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს ”თი ენდ ჯი +” -ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3642-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/3642-15 (330210315737171)

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

განცხადების  წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე   ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: შპს „თი ენდ ჯი +”

წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე

დავის საგანი:  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა  შპს „თი ენდ ჯი+”-ის (ს/კ 205291183) წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ და მოითხოვა შპს „თი ენდ ჯი+”-ის (ს/კ 205292283) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „თი ენდ ჯი+”- (ს/კ 205291183) დაფუძნდა 2009 წლის 30 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საქონლით საცალი ვაჭრობა. დღეისათვის საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება 240 553,88 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების გამო საწარმოს მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო იპოთეკა და გირავნობა. დღეისათვის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ირიცხება, ის არც არის რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე, არ ფლობს არანაირ მატერიალურ აქტივს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. კერძოდ, შპს „თი ენდ ჯი +”-ს სახელით განცხადება წარმოდგენილი იყო გიორგი ზედგინიძის სახელით, თუმცა მინდობილობაში არ იყო მითითებული, რომ გიორგი ზედგინიძეს უფლება ჰქონდა წარედგინა სასამართლოსათვის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებს შესახებ განცხადება; ასევე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ შპს „თი ენდ ჯი +” არ არის სხვა საწარმოში წილის მფლობელი; მტკიცებულება, თუ რომელ საბანკო დაწესებულებაში აქვს საწარმოს ანგარიში გახსნილი და აღნიშნული ბანკიდან გაცემული ცნობა ანგარიშზე თანხის არსებობა/არარსებობის თაობაზე.

 

 

2015 წლის 10 მარტს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „თი ენდ ჯი +” -ის წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ; მან წარმოადგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობა; ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „თი ენდ ჯი +” (ს/კ 205291183) არ არის რეგისტრირებული სხვა რაიმე სამეწარმეო საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან პარტნიორად. ასევე წარმოადგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის თანახმადაც საწარმოს ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში”. 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში”. სს „თიბისი ბანკის” მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183)  ანგარიშებზე ნაშთი შეადგენს ნულს (რიოგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში).  განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ  გაცემული ცნობა, რომ შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად,  შპს ”თი ენდ ჯი +” (ს/კ 205291183)  საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის  წერილი).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად,გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე „არტ აპოლოს” (ს/კ 205068889) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.  შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183)  უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე  შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს  შპს „თი ენდ ჯი +”-ს (ს/კ 205291183); ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

მოსამართლე                                                                      ბესიკ სისვაძე